ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერთა ნაწილი ჯერ კიდევ ისვენებს, მეორე ნაწილი შეკრებაზეა წასული და არიან ისეთებიც, ვისი ჩემპიონატიც უკვე დაიწყო. გთავაზობთ ქართველი ლეგიონერების უქმეების მიმოხილვას.

ავსტრია
ბელეკში შეკრებაზე მყოფმა "შტურმმა" ამხანაგურ მატჩში პოლონეთის "ლეხს" 2:1 სძლია.

ამ შეხვედრაში გრაცელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომლის საგოლე პასით ანგარიში 2:0 გახდა.


ბელგია
ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტმა" სტუმრად "კორტრიკი" 2:1 დაამარცხა.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია განაცხადში არ შეიყვანა, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი 68-ე წუთზე შეუშვა
შეცვლაზე (სპეციალური სამუხლით ითამაშა), როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 77-ე წუთზე კი დე სმეტმა ჩაკვეტაძის პასი მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და ულამაზესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.


ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" ამხანაგურ შეხვედრაში ლუბლიანის "ოლიმპიას" 1:1 დაუზავდა.

კვიპროსი
კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ქართველების "ანორთოსისი" ლარნაკის "აეკს" ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ორივე ქართველი სათადარიგო იყო, ბექა მიქელთაძე მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ნიკა კაჭარავა 82-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. "ანორთოსისი" მეექვსე ადგილზეა.

დანია

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხურ "სლოვაცკოსთან" 0:1 დამარცხდა.

პოლონეთი
გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" ამხანაგურ შეხვედრაში ჩინურ ჰენან ჯიანიეს 1:1 დაუზავდა.

შეკრებაზე მყოფმა სოსნოვიეცის "ზაგლებიემ", რომელშიც ახლახან ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილი და თავდამსხმელი გიორგი გაბედავა ჩაირიცხნენ, ჩეხეთის რანგით მეორე ლიგის "ზნოიმო" 4:2 დაამარცხა.

ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო. გაბედავამ შესვენებამდე ითამაშა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ივანიშვილმა შეუცვლელად იასპარეზა.

უკრაინა
სანდრო კობახიძისა და ანდრო გიორგაძის პოლტავის "ვორსკლა" ამხანაგურ შეხვედრაში სერბულ "მლადოსტს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

შვედეთი
გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგი" ამხანაგურ შეხვედრაში ნორვეგიულ "ოდს" დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-5 წუთზე პენალტი გაიტანა და 88-ე წუთზე შეცვალეს.

რუსეთი
აბუ-დაბიში შეკრებაზე მყოფმა "კრილია სოვეტოვმა" უკვე ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა - სლოვაკეთის "ჟილინა" და ლატვიის "რიგა" ერთნაირი ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა ორივე შეხვედრაში პირველ და მეორე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ორივეჯერ სასტარტოში დააყენა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრად მოუკლო ტამას..ქარტველი ჯურნალისტების ბრალია,,ზედმეტი ტვირტი აკიდეს და უაზროდ გააპიარეს.არადა ცალიან დიდი პოტენციალი აქვს
koka
11:38 28-01-2019
13
არ მინდა ის დავწერო რასც ვფიქრობ თუმცა დამაფიქრებელია უკვე ჩაკვეტაძის მდგომარეობა ღმერთო ეს ბიჭი გააძლიერე
soso
13:56 28-01-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული