"მაგდებურგი" მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა, მისი ქართველი მეკარე გიორგი ლორია კი გუნდს დაემშვიდობა. volksstimme.de-მ გასულ სეზონში "მაგდებურგის" ფეხბურთელების და მათ შორის, ლორიას თამაში შეაფასა.
"ქართველი გოლკიპერი ზამთარში ჟასმინ ფეიჟიჩის შემცვლელად აიყვანეს, რომელიც "ბრაუნშვაიგში" დაბრუნდა. გუნდში მოსვლისთანავე ლორია ძირითადი მეკარე გახდა. 33 წლის ლეგიონერმა 11 მატჩი ჩაატარა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია. მან გუნდი დატოვა", - წერს გამოცემა.
volksstimme.de-მ ფეხბურთელების თამაში ხუთბალიანი სისტემით შეაფასა და ლორიას 3-იანი დაუწერა. ის "მაგდებურგში" საუკეთესო მეკარედ მიიჩნიეს, ხოლო გუნდში საუკეთესოთა შორის მე-7
ადგილი დაიკავა.
ლორია, დიდი ალბათობით, კარიერას "ანორთოსისში" გააგრძელებს, რომლის მწვრთნელადაც თემურ ქეცბაია დანიშნეს.