პოლონური პრესა: ვალერიან გვილია "ლეგიას" გმირია

AutoSharing Option
პოლონურ სპორტულ პრესაში ვაკო გვილია "ლეგიას" გმირად არაერთხელ მოიხსენიეს, თუმცა futbolnews.pl-მ სტატია აღნიშნული სათაურით გაავრცელა - "ვალერიან გვილია "ლეგიას" გმირია!" 
ქვევით მოვიტანთ სტატიის იმ ნაწილს, რომელიც ქართველი გულშემატკივრისათვის საინტერესო იქნება.

სტატიაში წერია, რომ "ლეგიამ" სეზონი არც ისე კარგად დაიწყო და ფანებს ოპტიმიზმის საშუალება არ მისცა, თუმცა იმედის ნაპერწკლად ქართველი ნახევარმცველი ვალერიან გვილია იქცა.

გვილია ექსტრაკლასას გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. მართალია, თავიდან სტაბილურად ვერ თამაშობდა და ცენტრში ბევრჯერ კარგავდა ბურთს, თუმცა საბოლოოდ "გურნიკმა" გასავარდნ ზონას მისი საშუალებით დააღწია თავი. სეზონის
შემდეგ გვილია "ლეგიაში" აღმოჩნდა და ფანებს ახალი იმედები ჩაუსახა, რადგან ვარშავულ კლუბს მოედნის ცენტრში პრობლემები ჰქონდა. თუ უკანასკნელ მატჩებში გვილიას თამაშსა და განწყობას შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

"ლეგიამ" მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 8 გოლი გაიტანა. 8 გოლიდან 5-ში უშუალო მონაწილეობა გვილიამ მიიღო - 2 გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. თან მისი ყველაზე შედეგიანი მოქმედება უმნიშვნელოვანესი იყო "ლეგიასათვის".

გვილიამ "ატრომიტოსთან" გამართული შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა, თუ არ ჩავთვლით პირველი ტაიმის ბოლოს დათმობილ ცენტრს, როცა ბერძნებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელეს. გვილიასა და პორტუგალიელი კაფუს თანამშრომლობას მოედნის ცენტრში ძალიან კარგი შედეგი მოაქვს. პოზიციების მუდმივი ცვლა და ზონის ეფექტიანი დაცვა აპლოდისმენტებს იმსახურებს.

ვალერიან გვილიას "ლეგიას" თამაშზე უდიდესი ზეგავლენა აქვს და ისეთი პირი უჩანს, ზაფხულის ყველაზე წარმატებული ტრანსფერი ის იქნება. შეიძლება ინდივიდუალური პრიზის მინიჭება ცოტა ნაადრევია, თუმცა ეჭვგარეშეა, სეზონის ბოლოს გვილია "ლეგიას" უდიდესი მონაპოვარი იქნება, მიუხედავად გუნდის შედეგისა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული