გეგა დიასამიძე: ბელარუსები ამბობენ, საქართველოს ნაკრებს გოლს გავუტანთ და მერე დაცვაში ჩავჯდებითო

AutoSharing Option
"საბურთალოს" ყოფილი ფეხბურთელი გეგა დიასამიძე, რომელმაც დედაქალაქურ კლუბში 2 სეზონში 17 გოლი გაიტანა, ახლა ბელარუსის ჩემპიონატში, სოლიგორსკის "შახტიორში" თამაშობს. დიასამიძეს დავუკავშირდით და სხვადასხვა საინტერესო კითხვაზე ვესაუბრეთ. ლაპარაკი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ:

- თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, ყველაფერი კარგადაა. 7 იანვრიდან შევუერთდი ახალ კლუბს. ადგილზე რამდენიმე დღით მოვემზადეთ, შემდეგ კი გეზი თურქეთისკენ ავიღეთ. ახლაც თურქეთში, მეორე შეკრებაზე ვიმყოფებით. ქალაქ ლარაში 22 თებერვლამდე დავრჩებით, შემდეგ კი ბელარუსში დავბრუნდებით და სუპერთასისთვის გავაგრძელებთ მზადებას, სადაც ბრესტის "დინამოს" შევხვდებით.

- როგორია "შახტიორის" გეგმები?
- ბოლო წლებია "შახტიორი"
მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, სამეულში ხშირად ხვდება. ჩემპიონობაც უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. წლეულს კლუბს ნამდვილად შესწევს ძალა, რომ პირველობისთვის იბრძოლოს. "შახტიორში" კარგმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი.

- ახალ გარემოსთან შეგუება ყველას სჭირდება. ალბათ, ამ კუთხით ძალიან დაგეხმარათ ლაშა შინდაგორიძეც, რომელიც ასევე "საბურთალოს" ყოფილი ფეხბურთელია…
- შინდაგორიძის ფაქტორმა კიდევ უფრო გამიადვილა კლუბთან შეგუება. ყველაფერი კარგად მიდის და მჯერა, ასევე გაგრძელდება.

- ლარაში ბევრი ქართული კლუბი გადის მზადებას, მათ შორის, გორის "დილა", რომლის შემადგენლობაში ყოფილი საბურთალოელი, თორნიკე გორგიაშვილი თამაშობს. ხომ არ შეხვედრიხართ?
- გორგიაშვილი ვნახე რამდენიმე წუთით. ვისაუბრეთ ცოტა ხანი, გავიხსენეთ ერთად გატარებული დრო "საბურთალოში". რამდენიმე დღის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, 3:2 გავიმარჯვეთ და საგოლე გადაცემა გავაკეთე. სპარინგ-შეხვედრას ქართველი არბიტრები მსაჯობდნენ. მთავარი მსაჯი გიორგი ვადაჭკორია იყო. მსაჯებიც ლარაში ემზადებიან ახალი სეზონისთვის.

- ზემოთ "საბურთალოში" გატარებული დრო ახსენეთ. რა გახსენდებათ ყველაზე კარგად?
- ჩემს კარიერაში "საბურთალოში" თამაში ნათელი წერტილი იყო. ყველაფერი დადებითად და კარგად მახსენდება. ორი წელი ვითამაშე და ორივე სეზონზე სხვადასხვა ტიტული მოვიგე – ჯერ ჩემპიონი გავხდი, შემდეგ თასის მფლობელი. ვითამაშე კარგი მატჩები ევროტურნირებზე. რაც მთავარია – "საბურთალო" ერთი დიდი ოჯახი იყო, შეკრული და მებრძოლი გუნდი. კარგი შემადგენლობა ვიყავით, ძლიერი სამწვრთნელო შტაბით. გიორგი ჭიაბრიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ წარმატებებს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან გვეხმარებოდა კლუბის ხელმძღვანელობა.

- მალე საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩი შედგება. ბევრი რამ გეცოდინება, რას ამბობენ ბელარუსები?
– დიახ, ხშირად გვიწევს ამ თემაზე საუბარი. იციან, რომ საქართველოს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მაინც იმედიანად არიან. საქართველოსთან სათამაშოდ "შახტიორიდან" 7 ფეხბურთელს უხმეს. ისინი ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გამარჯვების მინიმალური შანსი აქვთ. ამბობენ - ერთ გოლს გავიტანთ და მერე დაცვაში ჩავჯდებითო.

ჩვენი მწვრთნელი უკრაინელი იური ვერნიდუბია. მასთანაც ხშირად ვლაპარაკობ. უკრაინელი სპეციალისტი ბელარუსის ნაკრებს ქომაგობს.

- საუბრის ბოლოს, რამის თქმა ხომ არ გნებავთ?
- მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთანაც "საბურთალოში" მომიწია მუშაობა. მათთან გატარებული 2 წელი არასდროს დამავიწყდება. "საბურთალოს" წარმატება ყოველთვის გამიხარდება. მინდა, ჩემს ყოფილ კლუბს ჩემპიონობა ვუსურვო და კარგი თამაში ევროტურნირებზე. "საბურთალო" მართლაც ჩემი მეორე ოჯახია და ყოველთვის მის გულშემატკივრად დავრჩები.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
,,მინდა, ჩემს ყოფილ კლუბს ჩემპიონობა ვუსურვო და კარგი თამაში ევროტურნირებზე".
თუ არარატ არმენიას არ გადაეყარა კი გავა ევროპა ლიგის ფინალამდე უპრობლემოდ
ქომაგი
23:40 16-02-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული