საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ნასიონალის" 22 წლის შემტევი გიორგი არაბიძე დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში პორტუგალიურ გუნდში იასპარეზებს.
Sportall.ge-სთან საუბარში ფეხბურთელის დედა ლელა ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ ჩვენებური ამჟამად სწორედ პორტუგალიაში იმყოფება და გუნდთან ერთად ემზადება.
გიორგი მთავარ მწვრთნელ ლუიშ-კარლოს ბატალია ფრეირეს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ის კლუბისთვის მომავალ სეზონში ძალიან საჭირო ფეხბურთელი იქნება და მისი დარჩენა სურთ.
ბრეგვაძემ ასევე დაგვიდასტურა, რომ არაბიძის დამატება ევროპულ გუნდებსაც სურდათ, თუმცა ყველა მათგანი "ნასიონალმა" უარით გაისტუმრა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებმა სეზონის დასრულების შემდეგ უკვე 13 ფეხბურთელი
გაუშვეს, 3 კი - დაიმატეს.
მოგეხსენებათ, "ნასიონალი" გასულ სეზონში მე-2 ლიგაში ასპარეზობდა. ჩემპიონატში 24 ტური იყო სულ ჩატარებული, მაგრამ კორონავირუსის გამო დარჩენილი 10 მატჩის გამართვა ვერ მოხერხდა.
ამის მიუხედავად, გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მაინც მოიპოვა, რადგან ამ დროისთვის პირველ ადგილზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება არაბიძეს, მან გასული სეზონი თურქეთის მე-2 ლიგის ბინადარ "ადანაში" გაატარა, სადაც ტრავმების გამო მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, "ნასიონალთან" კონტრაქტი კი 2022 წლამდე აკავშირებს.