ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ჩინებულად გაისარჯა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ახლა იმასაც ვერ უსაყვედურებენ, გოლის გატანა არ ეხერხებაო.
რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში "რუბინმა" ვოლგოგრადში 3:1 დაამარცხა "როტორი".
"როტორს" 10 ფეხბურთელი ჰყავდა კორონავირუსით დაინფიცირებული და ჩემპიონატის ორ და თასის ერთ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. გუნდმა როგორც იქნა საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები შეიყვანა განაცხადში და თამაშის ჩატარების ნება დართეს.
მივყვეთ ქრონოლოგიურად: 42-ე წუთზე სტუმრები დესპოტოვიჩმა დააწინაურა. 49-ე წუთზე მასპინძელთა მცველი მანუჩარიანი გააძევეს. 59-ე წუთზე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. ეს სეზონში მისი პირველი გოლია. 61-ე წუთზე ყაზანელთა კარი ჯოვინო ფლამარიიონმა დალაშქრა, რომელიც "რუბინში" ბათუმის "დინამოდან" გადავიდა. 74-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში ბურთი შეიგდო, რომელიც მიქელთაძეს ხელზე მოხვდა და პენალტით შატოვმა ანგარიში 1:3 გახადა.
"როტორში" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბექა მიქელთაძე 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო ზურიკო დავითაშვილი განაცხადში არ იყო.