რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით "რუბინმა" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "სოჭის".
საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ კვარაცხელიას მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დასვენების საშუალება მისცა და სასტარტოში არ დააყენა. პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და მეკარე დიუპინმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა ყაზანური გუნდი. ხვიჩა შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და თამაში გარდასახა: მე-60 წუთზე ცაგალოვს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 72-ე წუთზე შორიდან ულამაზესი გამარჯვების გოლი გაიტანა.
მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეორე გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი მეტოქის სწრაფი შეტევა შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ხვიჩამ მიმდინარე ჩემპიონატზე 4 გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა, მისი გუნდი კი 40 ქულით მეოთხე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულაღა აშორებს და 10 აპრილს გასვლაზე "როსტოვს" შეხვდება.