ცხადაძე: კვასხვაძემ გუნდი დატოვა - "ნეფთჩისთან" წაგების გამოყენება შეიძლება

AutoSharing Option
ჰაიფის "მაკაბისთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:

"სამწუხაროა, როდესაც "ნეფთჩისთან" გუნდმა ურიგოდ არ ითამაშა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ. ფეხბურთელებისთვის არაფრის დაბრალება არ მინდა, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომების გამო დავმარცხდით. ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მათ რამდენიმე მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავდათ და ეს არ გვაპატიეს.

"მაკაბისაც" ასეთივე მოთამაშეები ჰყავს და შეცდომები ხვალაც არ გვეპატიება. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმა მარცხი მძიმედ განიცადეს, მაგრამ ეს შეხვედრები არის შანსი იმისთვის, რათა
როგორც მოთამაშეებმა, ასევე გულშემატკივრებმა მარცხი დაივიწყონ. მოტივაციის თვალსაზრისით, "ნეფთჩისთან" წაგების გამოყენება შეიძლება. "დინამო" მარცხს არც ერთ შეხვედრაში არ იმსახურებდა!

საბედნიეროდ, ფეხბურთელებს ტრავმები არ აწუხებთ. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კვასხვაძეს სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა, დაფიქსირდა რაღაცები, რის გამოც უმჯობესი იქნებოდა, ჩვენ აღარ გვეთანამშრომლა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კვასხვაძემ გუნდი დატოვა. მას წარმატებებს ვუსურვებ. გუნდში არის ომარ მიგინეიშვილი და ახალგაზრდა მეკარეებიც. შესაბამისად გადავწყვეტთ, კარი ვინ უნდა დაიცვას.

მეტოქე სერიოზულია, დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონატი, კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. საინტერესოა, ასეთ მეტოქესთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ზემოთ და აგრესიულად ვეთამაშოთ და ინიციატივა არ დავუთმოთ. თუ ინდივიდუალურ შეცდომებსაც აღმოვფხვრით, კარგი თამაში უნდა გამოდგეს.

რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას, "დინამოს" ჰქონდა პრობლემები და ჩვენ მოვედით, რათა დავეხმაროთ. პრობლემები კომპლექსურია. არ შეიძლება, გუნდში მხოლოდ რამდენიმეთვიანი, თუნდაც მხოლოდ ერთწლიანი გეგმა იყოს. ახლა მაქსიმალურად ვართ მოახლოებულ შეხვედრაზე გადართული და ეს თემა ნაკლებად აქტუალურია. რა თქმა უნდა, ყველა წარუმატებლობა, პირველ რიგში, მწვრთნელის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბატეს მწვრთნელი ცხოვრობს ჩემს გვერდით ნომერში ქობულეთში, აქ დაბანაკდნენ ჭყონის სასტუმროში. მე რასაც შევძლებ თამაშის წინ მთელი ღამე მუსიკას არ დავუწევ რო არ დავაძინო და რაღაც ბათუმის დინამოელებმაც ქენით :))
10
მხოლოდ კვასხვაძე რომ არ არის დინამოს პრობლემა, ხვალინდელ თამაშში გამოჩნდება სამწუხაროდ
აფსუს დინამო
18:49 21-07-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული