
ბელგიის ჟიუპერ ლიგაში ბოლო დროს მშვენივრად ათამაშებული გიორგი ჩაკვეტაძე და "გენტი" ერთ-ერთ აუტსაიდერ - გიორგი მიქაუტაძის "სერენს" ესტუმრებიან.
"ჟორჟს" უკვე 3 შეხვედრაა არ გაუტანია, მისმა გუნდმა კი ჩემპიონატში უკანასკნელად 3 ოქტომბერს გაიმარჯვა - "ვარეგემი" (5:1) დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა იმ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
გიორგი ჩაკვეტაძე კარგ ფორმაში შევიდა - კონფერენს ლიგაზე მშვენიერი საგოლე პასი შეასრულა, მანამდე ბელგიის თასზეც გაიტანა.
შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე

ყაზანის "რუბინს" ჩემპიონატში უკვე 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და სტუმრად, "როსტოვთან" მისი გაუმჯობესება შეეძლება.
ლეონიდ სლუცკის გუნდს დესპოტოვიჩი დააკლდება, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. "როსტოვის" რიგებში საინტერესო მცველი გამოდის - "ლაციოს" ყოფილი ფეხბურთელი ბასტოსი.
მატჩის დაწყების დრო 17:30 საათია.

საბა ლობჟანიძე კი შედეგების გაზრდას "ადანასთან" გასვლით მატჩში ეცდება. "ჰათაისპორი" თურქეთის ჩემპიონატში მეორეა - ლიდერ "ტრაბზონს" 7 ქულითა და 1 მატჩით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საბას მონაგარი 4 გოლი და 5 შედეგიანი პასია. დაპირისპირება ჩვენი დროით 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" სტაბილურად თამაშს კვლავ ვერ ახერხებს. ფამაგუსტელებმა "ფლორასთან" 2-ბურთიანი უპირატესობა კიდევ ერთხელ გაანიავეს და ჩემპიონ "ომონიასთან" გამარჯვება ცოტათი გააფერმკთალეს.
"პაფოსთან" საშინაო შეხვედრაში (19:00 საათზე) გიორგი ლორია განაცხადს უბრუნდება, თუმცა იქ ნიკა ნინუას ვერ ვხედავთ. ტრავმის შემდეგ, ნიკა კაჭარავა მშვენივრად ათამაშდა და ის ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. მხოლოდ 9 ქულის მქონე "ანორთოსისს" გამარჯვება აუცილებლად სჭირდება!
დღესვე, 18:00 საათზე, ვაკო გვილიას "რაკოვი" "პოგონს" უმასპინძლებს, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" - "რუზემბეროკს". დანიის სუპერლიგის მეორეადგილოსანი "კოპენჰაგენი", სადაც დავით ხოჭოლავა ასპარეზობს, "სილკებორგს" ესტუმრება (23:00 სთ).
ბერიძის გოლი, საუკეთესო ქართველი ბომბარდირის ჰეთ-თრიკი [VIDEO]