"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად შეკრებაზე ესპანეთის კურორტ ოლივაზე წაიყვანა, რომელიც ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ვალენსიის პროვინციის, საფორის კომარკის შემადგენლობაში შედის.
"გენტი" შეკრებას ხშირად გადის ოლივაზე. 3 იანვარს გუნდი ხანმოკლე შვებულების შემდეგ ანტვერპენიდან ალიკანტეში გაფრინდა, საიდანაც დანიშნულების ადგილზე ავტობუსით მივიდნენ და უმალ საქმესაც შეუდგნენ.
გუნდთან ერთად არ არიან მაიკლ ნგადეუ, ტარიკ ტისუდალი და სულეიმან მარე, რომლებიც აფრიკის თასზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. კოვიდი დაუდასტურდათ სინან ბოლატს, ლორან დეპუატრს, ნურიო ფორტუნას, ჯანი ბრუნოსა და იბრაჰიმ სისეს და ისინი ბელგიაში
დარჩნენ. კრისტოფერ ოპერი გუნდს ამ კვირაში შეუერთდება.
ვანჰეზებრუკმა სანაპიროზე ვარჯიში 07:45 საათზე დაიწყო და ფეხბურთელები მზის ამოსვლას კროსით შეეგებნენ. 10:45 საათზე მეორე ვარჯიში ჩატარდა - მოედანზე ბურთით. სადილის შემდეგ დაისვენეს, ხოლო 16:15 საათზე მესამე ვარჯიში დაიწყო.
7 იანვარს "გენტი" ამხანაგურ მატჩში "ალკმაარს" შეხვდება, რის შემდეგაც შინ დაბრუნდება და 14 იანვარს, ჩემპიონატის 22-ე ტურში, "კორტრიკს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, უკანასკნელ ხანს ჩაკვეტაძე განაცხადში ვერ ხვდებოდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის გამოცვლა მოუწევდა.