ავსტრიის თასის 1/4 ფინალში ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერმა" საკუთარ მოედანზე დამატებით დროში 4:2 დაამარცხა მეორე დივიზიონის "ფლორიდსდორფერი" და ნახევარფინალში გავიდა.
ქვედალიგელისგან ასეთ წინააღმდეგობას არავინ ელოდა, თან ციოდა, მატჩს მხოლოდ 510 მაყურებელი დაესწრო, ლოჩოშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრებმა 90+7-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით დროში "ფლორიდსდორფერის" მცველი გააძევეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
რაც შეეხება ბუნდესლიგას, "ვოლფსბერგერი" მესამე ადგილზეა და 12 თებერვალს "რიდს" უმასპინძლებს.