სპალეტიმ კვარაცხელია ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში სასტარტოში დააყენა და მან 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამჯერად კი რაჰმანთან, მარიო რუისთან, ლობოტკასთან, ლოსანოსთან და ზილენსკისთან ერთად სათადარიგოთა შორის დატოვა. მწვრთნელმა როტაციას გადატვირთული კალენდრის გამო მიმართა.
25-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 20 წლის კოლომბომ გამოიყენა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულებინა და მისი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. 27-ე წუთზე კი ელმასმა „ნაპოლი“ დააწინაურა. თუმცა მალე კოლომბომ ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ სპალეტიმ მოედანზე ლობოტკა და ზელინსკი შეუშვა, ხოლო 56-ე წუთზე - კვარაცხელია. ქართველმა რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში. “ნაპოლი“ ბევრს და უშედეგოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა. მოკლედ, მწვრთნელის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა.
„ნაპოლი“ 8 ქულით მე-3 ადგილზეა და 3 სექტემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლეჩე 1:1
გოლები: 1:0 ელმასი (27), 1:1 კოლომბო (31)
გამოუყენებელი პენალტი: კოლომბო (25)