ჩაკვეტაძე "სლოვანში" გამორჩეულად მაღალი დონისაა - გიორგის სწრაფი პროგრესი

AutoSharing Option
"სლოვანში" გიორგი ჩაკვეტაძის პირველი ნაბიჯებისთვის თვალის მიდევნება უფრო აქტიურად მოგვიწია, ვიდრე წარმოგვედგინა - ბრატისლაველები ხომ ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდნენ. გიორგი ბათუმურ შეხვედრაში სასტარტოში ვიხილეთ, ვლადიმირ ვაისმა ჩვენებურს ნდობა გამოუცხადა და ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმის შანსი მისცა - ფორმის აღდგენის შესაძლებლობა საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრების თვალწინ. "ჩაკვე" ერთ ეპიზოდში "აფეთქდა", ისე კი აქტიური ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მას მწვრთნელმა მნიშვნელობა კიდევ ერთხელ, ამჯერად კლუბში, დაანახა.

Sportall.Ge

ისე არ გამოვიდეს, ეს წერილი საქართველოს ნაკრების ექსთავკაცის ქებისთვის იწერებოდეს, მაგრამ ვაისის დამოკიდებულებები და ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი
ფაქტორია იმ გზაზე გასავლელად, რასაც ქართველი ნახევარმცველი გადის.

თუკი თავდაპირველად ჩაკვეტაძეს ფლანგზე ვხედავდით, ბოლო მატჩებში მოედნის შუაში თამაშის "დამლაგებელი" გიორგი ვიხილეთ, რომელმაც შვეიცარიულ "ბაზელთან" ორ შეხვედრაში 3 საგოლე პასი შემოგვთავაზა და მუდმივად თამაშის გამწვავებას ცდილობდა. ისე ჩანს, ბრატისლავურ გუნდში ის ახლა გამორჩეულად მაღალი დონისაა და მისი დიდი დამსახურებაცაა, "სლოვანმა" ფავორიტთან 4 ქულა რომ მოიპოვა.

პირველ დაპირისპირებაში გიორგი მოედნიდან დაზიანების გამო გავიდა, არადა, ის 90 წუთს უკვე თავისუფლად თამაშობს. შესაბამისად, ფსიქოლოგიურთან ერთად, ფიზიკურადაც უკეთესად გამოიყურება. აქამდე თითქოს რისკს უფრო ერიდებოდა, "ბაზელთან" კი ძველებურად თამამი ვნახეთ. წინა შეხვედრაში ტრავმამ კი ერთხელაც დაგვზაფრა - ამ ბიჭმა ხომ მის გამო ისედაც ბევრი დაკარგა.

გოლი - აი, რა სჭირდება ახლა "ჩაკვეს", რათა ყველაფერი ძველებურ კალაპოტში დაბრუნდეს. ის ართმევისა და ჩაშლის ნაწილშიც გაცილებით კარგად გამოიყურება, ვიდრე თუნდაც ბელგიურ "გენტში" გვინახავს.

ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ არსებულ ტაქტიკასა და კონკურენციაში გიორგი ჩაკვეტაძის საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაში რთული იქნებოდა, თუმცა, თუკი გიომ ასე გააგრძელა, ვილი სანიოლს (რომელიც ფეხბურთელს ასევე მხარს უჭერს) იმის ფუფუნება ნამდვილად არ ექნება, ერთ დროს "ჯვაროსნების" ლიდერმა პირველივე წუთებიდან არ ითამაშოს.

Sportall.Ge

როცა ჩაკვეტაძის სწრაფ და შედეგიან აკლიმატიზაციაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, ამაში საკუთარი წვლილი გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას არ ჰქონდეთ, რომლებიც თავის მხრივ,  მშვენივრად გამოიყურებიან. უკანასკნელი სანაკრებო მატჩებისას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თქვა, რომ "ჩაკვე" ძალიან მშრომელი ფეხბურთელია, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობსო.

ჩაკვეტაძე ის კაცია, "ბაიერნი" და "ბარსელონა" რომ აკვირდებოდნენ. შესაბამისად, სლოვაკეთის ჩემპიონატი მისი მაქსიმუმი ვერ იქნება, თუმცა ახლა რაც ხდება, ძალიან კარგი და სასიამოვნო ამბის საწყისი უნდა იყოს.

altჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

alt"მკვდრეთით აღვდექით" - ვაისმა ჩაკვეტაძესა და გამარჯვებაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 22 /
მთელი საქართველო განსაკუთრებულად სენსიტიურად არის განწყობილი ჩაკვეს მიმართ. საშინელი ტრავმა გადაიტანა ამ პატარა ბიჭმა და ვისაც პროფესიული ფეხბურთი ოდესმე უთამაშია მიხვდება როგორ ურტყამს ფსიქოლოგიაში ასეთი სახის დაშავება სპორტსმენს, ძველებურად თამამი ვერ არის და მუდამ მომავალი ტრავმისა და ტკივილის შიშია ქვეცნობიერში. სათქმელად ადვილია ამის დაძლევა და რეალურად ძალზედ რთული. მაგრამ ჩაკვე იბრუნებს ფორმას, ეს აშკარაა. ვაისს უღრმესი მადლობა ეკუვნის გიორგიზე ასეთი მამობრივი ზრუნვისთვის და ნდობისთვის. მჯერა ჩაკვე იმ ძველებურ ოპტიმალურ ფორმაში ძალიან მალე შევა, მას ხომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთში ისტორიაში ჯერ კიდევ ჩასაწერი აქვს თავისი წარმატება ოქროს ასოებით . ჯანმრთელობა და წარმატებები ჩაკვეს და ყველა ქართველ სპორტსმენს!
ირაკლი
15:12 07-10-2022
1
გიორგის იღბალი, ჯანმრთელობა, წინსვლა და იმედების გამართლება, ვაისს მადლობა.
გიორგი
18:45 07-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული