გაიქეცი, გიორგი, გაიქეცი, უშიშრად და გაგვიმართლე იმედები!

AutoSharing Option
არ შეიძლებოდა გიორგი ჩაკვეტაძის კონფერენს ლიგაზე „ჟალგირისთან“ თამაშს ქართველი გულშემატკივარი არ გაეხარებინა. ამდენი ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ, ის როგორც იქნა, გვიბრუნდება და უხაროდა თვალს და უხაროდა გულს.

რატომღაც უინსტონ გრუმის რომანის მიხედვით რეჟისორ რობერტ ზემეკისის გადაღებული ლეგენდარული ფილმი „ფორესტ გამპი“ გამახსენდა, მთავარი გმირი ფეხზე ლითონის კონსტრუქციას რომ მოიძრობს, დაამსხვრევს, გაიქცევა და ავადმყოფობას დაამარცხებს. ნელ-ნელა ამარცხებს გიორგი ტრავმას, სტრესს, იმედგაცრუებას და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს, რამეთუ მხოლოდ 23 წლისაა და მისი პოტენციალიდან გამომდინარე, პროგრესს უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი
სურვილი და რწმენა და საქმეც ამისკენ მიდის.

„გენტში“ ყველა ძველი დამსახურება დაუვიწყეს და იჯარით „ჰამბურგში“ გაუშვეს, სადაც თავიდან თავი ჩინებულად წარმოაჩინა, მაგრამ შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა „სლოვანში“ წაიყვანა, შანსი მისცა და ქართველმა არ უმტყუნა. მადლობა ამისთვის სლოვაკ სპეციალისტს, თუმცა მას ასეთი ფეხბურთელი სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. „ჩაკვე“ წინ მიუძღვის გუნდს, მისი დირიჟორია და გამარჯვებამაც არ დაახანა. ევროტურნირის მერვედფინალში გასვლა (თუნდაც კონფერენს ლიგაზე) მათთვის სახუმარო საქმე როდია.

ძნელია „ჟალგირისის“ კლასის გუნდთან, თანაც ხელოვნურსაფარიან და მოყინულ მოედანზე ჩატარებული მატჩის მიხედვით იმსჯელო ამა თუ იმ ფეხბურთელზე, მაგრამ „სლოვანში“ ჩაკვეტაძის როლი შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევია - ბურთს დიდებულად იღებს, ამუშავებს, დრიბლინგს იწყებს, მოწინააღმდეგის დაცვას არღვევს და ისეთ გადაცემას „დაუხატავს“ პარტნიორს, უნდა გაიტანოს, უთუოდ. ხარვეზიც ჰქონდა გუშინ. სამჯერ თუ ოთხჯერ ცარიელი სივრცე გაუჩნდა, მაგრამ ვერ ისარგებლა. თითქოს სისწრაფე არ ეყო, თითქოს ისევ ტრავმის შიში ჰქონდა, ბოლო მომენტში ერთ-ერთზე მეტოქის მოტყუებას არჩია, პასი თანაგუნდელისთვის გაეკეთებინა. არა უშავს, ამასაც გადალახავს, ამასაც უკან მოიტოვებს და ისევ ძველებურად აღაფრთოვნებს ქომაგებს.

Opta-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ჩაკვეტაძე ტურნირზე სახიფათო მომენტების მიხედვით უბადლოა, ხოლო საგოლე გადაცემებში მხოლოდ კრისტიან კუამეს (ანდერლეხტი) ჩამორჩება. რაც შეეხება ვილნიუსში გამოუყენებელ პენალტს, თერტმეტმეტრიანები მასზე უკეთეს ფეხბურთელებსაც გაუცუდებიათ და რომ გაეტანა, არავინ იტყოდა, „პანენკათი“ რატომ დაარტყაო.

თავად ჩაკვეტაძე ამბობს, რომ უმატებს და ვაისის მადლიერია. „სლოვანის“ მცველის გურამ კაშიას თქმით, გიორგის მსგავს ფეხბურთელს მათ გუნდში არ უთამაშია. სლოვაკური „პრავდა“ წერს, რომ ის მოედანზე შოუს დგამს.

ქართველი გულშემატკივრები გიორგის ჩვეულ ფორმაში ჩადგომას მოუთმენლად ელოდებიან. საქართველოს ნაკრებშიც ძალიან გვჭირდება, ვინაიდან მწვრთნელი ვილი სანიოლი საკადრო პრობლემების გამო იძულებული იყო ბოლო მატჩებში პლეიმეიკერის გარეშე ეთამაშებინა გუნდი. ჩაკვეტაძემ კი დაამტკიცა, რომ ფლანგზეც და მოედნის ცენტრშიც შეუძლია სასარგებლო იყოს.

გაიქეცი, გიორგი, გაიქეცი, უშიშრად და გაგვიმართლე იმედები!

მკითხველის კომენტარები / 21 /
ძალიან მახარებს გიორგის წარმატებები, უნდა დამთავრდეს ერთი კაცის გუნდობა. რაც უფრო მეტი გიორგი და ხვიჩა მით უკეთესი.
გაიოზ გოშაძე
20:02 05-11-2022
1
ეჰ, ნაპოლიში რომ გაუწევდნენ რეკომენდაციას, ბრწყინვალედ მოერგებოდა სპალეტის როტაციებს და საუკეთესო თვისებებს გამოავლენდა...
უნივერსალი
14:38 05-11-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული