კვარაცხელიას დიდოსტატობა შედეგიანად არ დასრულდა - ხვიჩა ზუსტად 1 წლის წინ და ახლა...

AutoSharing Option
13 იანვარს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" მძიმე ბრძოლაში (2:1) აჯობა. ქართველ გარემარბს გატანა ორჯერ შეეძლო - ერთხელ საგოლე შანსი დიდოსტატური თამაშის შემდეგ შეექმნა, პაუზაც დროული იყო, თუმცა... ნეაპოლელები ახლა ქვეყნის სუპერთასისთვის იბრძოლებენ, სადაც ერთ შეხვედრას ჩაატარებენ თუ ორს, მალე გაირკვევა. ამის შემდეგ "ლაციოსთან" დაპირისპირებაა, რომელსაც "კვარა" დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს...

ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის 13 იანვრის საღამოს, ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" გაიბრწყინა. მომავალმა ჩემპიონებმა დიდი ანგარიშით (5:1) გაიმარჯვეს. 77-ე ნომერმა გაიტანა, ორი "ასისტიც" შეასრულა და მონაწილეობა, ფაქტობრივად, ყველა გოლში მიიღო.
ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ერთი წლის წინ გამოქვეყნებული სტატია, გავიხსენოთ ის პერიოდი და დღევანდელთან შედარებას თავადაც მოახდენთ...

"ნაპოლი"-"იუვენტუსის" (5:1) შეხვედრა და ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალება თავიდან არ ამოგვდის. ჩვენი მატჩისწინა მიმოხილვებიდან აშკარად იგრძნობოდა, რომ "იუვენტუსთან" ქართველი გარემარბის დასამახსოვრებელ მატჩს ველოდით. მოლოდინები სრულად გამართლდა. "კვარადონა" ყველაფერს აკეთებდა, რათა ტრავმამდე არსებულ სათამაშო ფორმას დაბრუნებოდა და მიზანსაც მიაღწია.

მატჩი

მასიმილიანო ალეგრის გუნდს ამ შეხვედრამდე კარგი სერია კი ჰქონდა, თუმცა "იუვენტუსს", გარკვეულწილად, მაინც უმართლებდა, რითაც ქულების დაკარგვას თავიდან იცილებდა. "ბებერი ქალბატონი" ეცადა, ნეაპოლელების წინააღმდეგ "ინტერის" სტილში ეთამაშა, მეტოქისთვის სივრცეები მაქსიმალურად შეეზღუდა და შემდეგ, როცა საკუთარი შანსები ექნებოდა, მის გამოყენებაზე ეფიქრა. ისინი ხომ "ნაპოლიზე" პრაგმატულები არიან და შედეგის მიღწევაც იციან. ამის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა თავისუფალი ზონების მოძებნა მაინც მოახერხეს და მოწინააღმდეგეს საწყის 45 წუთში ორი გოლი გაუტანეს.

Sportall.Ge

შესვენების შემდეგ ტურინელებმა ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად გაიწიეს, თითქოს თამაში იგრძნეს და ყველაფერი ეს საბედისწერო გამოდგა - "ნაპოლის" სწრაფი შეტევების შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა, რაც ანგარიშშიც აისახა.

სპალეტის გამოცდილება

"ნაპოლის" დამრიგებელმა აქცენტი ნდობაზე გააკეთა და პრინციპულ მატჩში იმ შემადგენლობას დაეყრდნო, რომელიც ოპტიმალურად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ შესვენების შემდეგ რამდენიმე მათგანი ჩვეულ ფორმაში არ იმყოფებოდა. ამ ფაქტორმა შედეგი მოიტანა. მრავალნაცად სპეციალისტს გუნდში სიტუაცია იდეალურად აქვს დალაგებული. ეს კარგად იგრძნობა და იქნებ წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებიც სწორედ ესაა. ლუჩანოს საკუთარი გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს, გასულ სეზონში ჩემპიონობის ფავორიტობის გზაზე ხელი მოეცარა და ზოგადად, "ნაპოლისთვის" მწარე წარსული უცხო არაა - ორი სკუდეტო მოიპოვეს, თუმცა მასთან ახლოს რამდენჯერმე იყვნენ. ახლა სიტუაცია უნდა შეიცვალოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელიას სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ვიცით, მასზე კრიტიკა ნეგატიურად არა და არ მოქმედებს, უფრო პირიქით. თუმცა ისიც ადამიანია, რაღაც უხარია და რაღაც არ სიამოვნებს. რა ვნახეთ წინა მატჩების შემდეგ? - გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება საერთაშორისო მედიაში და მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გასაგებად ვცდილობდით სიტუაციის ახსნას, ქართველი გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი მაინც დაზაფრული ჩანდა. ზოგიერთმა "კვარას" "ტრავმის შემდეგ დაძაბული" უწოდა, ერთმა - "სხვა ქართველი მოთამაშეებიც ასე იწყებდნენო". საბედნიეროდ, ისინი ბევრნი არ არიან. ხვიჩას ჯერ თამაშით, გოლითა და საგოლე პასებით, ამავდროულად კი, ჟესტით პასუხი ყველას გაეცა. კვარაცხელია ტოპმოთამაშეა, რომლისგანაც ყველა შეხვედრის ერთნაირად მაღალ დონეზე ჩატარებას ითხოვენ. ის ფეხბურთისთვის ყველაფერს აკეთებს, ამავდროულად კი, მისით სიამოვნებას იღებს, მოწოდებაა და არა ხელობა.

რაც შეეხება წმინდა სათამაშო ასპექტებს, არაერთხელ დაგვიწერია, რომ სტანდარტული მდგომარეობის დროს ჩვენებურის მეტად ჩართულობას ვისურვებდით და კუთხურებისას ასეც ვნახეთ. კვარაცხელიამ ეს საქმეც მშვენივრად შეასრულა და მაინც გაუგებარი რჩება, მანამდე ყველაზე ხშირად მას ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე რატომ ვხედავდით?! "იუვენტუსის" წინააღმდეგ ძალიან თამამი და თავდაჯერებული ხვიჩა ვიხილეთ, რომელმაც ქუსლით პასი რამდენჯერმე შემოგვთავაზა და არცერთი ეს პუბლიკაზე მიმართული არ ყოფილა - ჩვენებურს ასე თამაში შეუძლია და პროდუქტიულიცაა. ხვიჩა ძალიან კარგად მოძრაობდა, რაც მეტოქეებს აბნევდა და სივრცეებიც მეტად ჩნდებოდა.

რა იქნება ზაფხულში?

ქართულ-ნიგერიული დუეტი უკვე ძალიან მძლავრი, შეთამაშებული და შედეგიანია. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ცქერა ერთი სიამოვნებაა. ჩვენ ახლა მხოლოდ "ნაპოლიზე" ვფიქრობთ და ვიცით, ხვიჩაც ასეა - ჩვენებური იდეალურ დროს იდეალურ გუნდში გადავიდა და კლუბისთვის ასე მონატრებული სკუდეტოც ახლოსაა.

Sportall.Ge

ამავდროულად, თანამედროვე ფეხბურთი ისეთია, ყოველი ფანჯრის დროს მიდის ტრანსფერებზე მსჯელობა, ჭორ-მართალი. შესაბამისად, იოლი წარმოსადგენია, მომავალ ზაფხულს ნეაპოლელებს რა შეთავაზებების განხილვა მოუწევთ, განსაკუთრებით, ამ ორი შემტევის მიმართ. ედინსონ კავანისა თუ კალიდუ კულიბალის ისტორია იმაზე მიგვანიშნებს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა იცის, როგორ "მოარტყას ათიანში" ტრანსფერები, ჯერ გუნდისთვის ფასეული ფეხბურთელი საკმაოდ იაფად შეიძინოს და შემდეგ მასში დიდი სატრანსფერო ფასი იდეალურ დროს გადაუხადონ. პრეზიდენტს ახლაც დიდი ცდუნება ექნება, ისევე, როგორც მოთამაშეებს. ამაში ისევე ვართ დარწმუნებული, როგორც იმაში ვიყავით, რომ "კვარა" "იუვეს" გაუტანდა. შეუძლებელია, ამ ფორმაციის "ნაპოლი" იოლად გაქრეს რადარებიდან, ამას არავინ დაუშვებს, თუმცა სატრანსფერო თემაზე ბევრ მსჯელობას ვნახავთ.

Sportall.Ge

და ზაფხულამდე...

ძალიან სასიამოვნოა ის გარემო, რაც ნეაპოლში როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ იგრძნობა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ პროლოგია. თითოეული გამარჯვება "ნაპოლის" ნანატრ სკუდეტოსთან აახლოებს და მისი ფასი კიდევ უფრო დიდია. ხოლო რა იქნება მაშინ, თუკი 4 ივნისს, იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ოცნება რეალობად იქცევა? ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი კაცი იქნება, რომელიც ნეაპოლელებს არასოდეს დაავიწყდებათ და გააკერპებენ კიდეც. ეს ფეხბურთს ცოტათი უხდება. ამ ქალაქში დიეგო მარადონა ყველაზე დიდი იმიტომ არაა, რომ ის "ფეხბურთის ღმერთად" წოდებულია. უპირველესად, აქაურები იმას არ ივიწყებენ, რომ დიადი არგენტინელის დროს დიდი და მძლავრი გუნდი ჰყავდათ და იტალიურ ელიტაში მყარად დამკვიდრებას სწორედ მას მიაწერენ. თუკი სპალეტის გუნდი ოქროს მედალს მოიპოვებს, "ნაპოლის" "ახალი მარადონა" ხვიჩა კვარაცხელია თუ ვიქტორ ოსიმენი იქნებიან. ის კარგად მოგეხსენებათ, რომ ასეთ დროს შესაძლოა, სათანადოდ მაინც არ ფასდება ისეთი ფეხბურთელების გარჯა, როგორიც თუნდაც სტანისლავ ლობოტკაა, გუნდის ღერძი. 

წინ დიდი ამბები გველის, ნეაპოლიდან თბილისამდე!..

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

altროგორ ქმნის ხვიჩას "ნაპოლი" ვარსკვლავებს? - სატრანსფერო პარალელი

altკვარაცხელიასა და მამარდაშვილზე ბევრ ჭორ-მართალს წავიკითხავთ - სატრანსფერო ფანჯრის ამბები

მკითხველის კომენტარები / 31 /
Re: "მუდრიკი ჩელსიში. გარიგება ეღირება 100 მილიონი ევრო"
ეს არის იმის კარგი მაგალითი, რომ EPL კლუბებზე პასუხისმგებელი პირები სრულიად უგუნურები არიან. იციან მაისურების გაყიდვით ფულის შოვნა, მაგრამ ფეხბურთი არ ესმით.
მიხვდნენ, შეცდომა დაუშვეს, როცა კვარაში 20 მილიონის გადახდაზე უარი თქვეს.
ამიტომ ახლა "მსგავსი" ნიჭის პოვნა "მსოფლიოს იმავე კუთხეში" უნდათ და იმდენს იხდიან, რამდენსაც "შახტარი" ითხოვს მუდრიკში.
მუდრიკი არ არის და არც არასდროს იქნება იმავე დონის ფეხბურთელი, როგორც ხვიჩა.
ქ. გ.
15:03 15-01-2023
6
აურელიო დე ლაურენტისმა ოსიმენის ფასი უკვე დაასახელა - 140 მილიონი. ოსიმენსაც ეტყობა, რომ უფრო "დიდ" გუნდში სურს გადასვლა. ამიტომ მალე წავა.
ხვიჩას არ გაუშვებს აურელიო. ხვიჩაც არ ეძებს ახალ გუნდს. ოსიმენის წასვლის შემდეგ უფრო გამოიკვეთება ხვიჩას ლიდერობა და უფრო კარგად ითამაშებს. ნაპოლი იდეალური გუნდია ჩვენთვის. ნაპოლისთან ერტად ყველაფერს მოიგებს ხვიჩა იტალიაში და ევროპაში. ამის შემდეგ ნაკრებსაც მაგრად გაუძღვება წინ.
ქ. გ.
12:34 16-01-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული