ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონატს ხომ დამაჯერებლად ლიდერობს და უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც შთამბეჭდავი იყო - 15 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი
"აინტრახტმა" გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა, გზად კი "ბარსელონაც" ჩამოიტოვა. ბოლო დროს ევროტურნირებზე ეს გუნდი, ფაქტობრივად, არ აგებს, საკუთარ მოედანზე კი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ფრანგი რანდალ კოლო მუანი ბრწყინვალე ფორმაშია, ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ევროპული მედია მისი და ოსიმენის დუელზე საუბრობს, თუმცა ყველამ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გერმანელთა ავსტრიელ მწვრთნელს განსაკუთრებული ყურადღება ექნება.
ეს გუნდები ერთმანეთს დაახლოებით 30 წლის წინ (1994 წელი) ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდნენ და უპირატესობა გერმანელთა მხარესაა. "ნაპოლი" უკანასკნელ პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე სიმპათიებს ხშირად იმსახურებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში რაღაც აკლდებოდა. იტალიურ ფეხბურთში რომ კრიზისია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქაურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგა 2010 წლის შემდეგ არ მოუგიათ, როცა ეს ჟოზე მოურინიოს "ინტერმა" შეძლო. ამ მხრივ, რეკორდსმენი "მილანია", რომელიც ამ ჯილდოს 7-ჯერ დაეუფლა და მხოლოდ მადრიდის "რეალს" (14 ტიტული) ჩამორჩება.
იტალიურ კლუბებს წელს ეიმედებათ, რომ ევროტურნირებზე შორს გავლენ. ამის ერთ-ერთი მთავარი შანსი სწორედ "ნაპოლის" აქვს. ქართველი გულშემატკივრები "კვარადონას" მორიგ ბრწყინვალე მატჩსა და ქართველის მიერ პლეი-ოფის ეტაპზე გატანილ გოლს ელიან. შეხვედრას პორტუგალიელი არტურ სოარეს დიასი განსჯის, რომელიც მკაცრი, თუმცა საერთაშორისო დონეზე მაინც ნაკლებად სახელოვანი არბიტრია.
კვარაცხელია და კოლო მუანი - გამორჩეულად შედეგიანების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე
"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...
ახალი უნარები კვარაცხელიას თამაშში, გაკვირვებული ევროპა და "ნაპოლის" იშვიათი მაჩვენებელი