რატომ წააგო მწარედ "ნაპოლიმ" და რით აჯობა ლეაომ კვარაცხელიას? - სპალეტის ჩავარდნა...

AutoSharing Option
მუნდიალით გამოწვეული პაუზის შემდეგ "ნაპოლი" ამხანაგურ შეხვედრებს ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა, რასაც ჩემპიონატში "ინტერთან" მარცხიც მოჰყვა. ლუჩანო სპალეტის სათამაშო სტილი მოწინააღმდეგეებმა თითქოს გაშიფრეს და სიახლეების საჭიროება იდგა . წამყვანი ფეხბურთელები, რომლებიც ფორმის პიკში იყვნენ, საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი ნდობაზე გააკეთა, ეტაპობრივად კი, საკვანძო მოთამაშეებმა ძველი კონდიციები აღიდგინეს. ასე გახდა რაჰმანი-კიმის დუეტი კვლავ საიმედო, ზამბო ანგისამ რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა, ირვინ ლოსანო უფრო პროდუქტიული გახდა...

ახლა პაუზა უფრო მცირე იყო, თუმცა სანაკრებო მატჩების შემდეგ იტალიის ჩემპიონატის დამაჯერებელი
ლიდერები საკუთარ თავს ისევ არ ჰგვანან, რაც "მილანთან" საკუთარ მოედანზე განადგურების (0:4) შემდეგ კარგად გამოჩნდა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და სპალეტის გამოსავლის ძიება უმოკლეს დროში მოუწევს, თუ რატომ წააგო მწარედ "ნაპოლიმ"...

Sportall.Ge

როცა ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე უახლოეს მდევართან სხვაობა 16 ქულაა (ამჟამად), ეს მოტივირების ნაწილში საკმაოდ რთული ამბავია. ეთამაშები "მილანს", რომელსაც მალე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უნდა დაუპირისპირდე; თითქოს ყველაფერი ისე დალაგდა, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ნაკლები ემოციურობით უნდა ეასპარეზათ და არც მარცხი იქნებოდა კატასტროფა, თუმცა ის, რაც "სტადიო მარადონაზე" ვიხილეთ, პრობლემებს უფრო ღრმად აჩენს, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის კონტექსტში...

პირველი 45 წუთი ისე გავიდა, ნეაპოლელთა ნახევარმცველები ბურთს, ფაქტობრივად, ვერ იჩერებდნენ. "მილანელი" სანდრო ტონალი შეუდარებელი იყო და დაამტკიცა, რომ კლუბის ლეგენდარულ ნახევარმცველებს ობიექტურად ადარებენ. სტუმართა შუა ხაზი გაცილებით მოძრავი, სწრაფი და ენერგიული იყო. სტანისლავ ლობოტკას სტაბილურობა აქამდე თუ გაკვირვებას იწვევდა, ის ახლა თამაშიდან მთლიანად გამოთიშეს. პოზიციური იერიშების ვერგანხორციელების შემდეგ, სპალეტის ბიჭების მთავარი იარაღი კონტრშეტევები უნდა ყოფილიყო, თუმცა ისიც პრობლემა გახდა.

მეორე ტაიმში, ანგარიშიდან გამომდინარე, "მილანმა" მოწინააღმდეგეს ბურთის ფლობის საშუალება მაქსიმალურად მისცა და უკვე თავად დაელოდა კონტრიერიშების შანსს, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა. გასატანად მომართული ნეაპოლელთა განლაგება შუაში გაწყვეტილი იყო და მეტოქე კართან მიახლოებას იოლად ახერხებდა. პიოტრ ზელინსკიმ მხრიდან ბურთის მარტივ სიტუაციაში დაკარგვამ და 59-ე წუთზე ლეაოს დუბლმა ამ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა...

Sportall.Ge

ამ სეზონში "ნაპოლის" ცენტრალური მცველების წყვილის ალბათ ყველაზე უარესი შეხვედრა ვნახეთ. მარიო რუის გარჯის განხილვაც დაახლოებით ამ კონტექსტში შეგვიძლია. როცა გამართულად, ფაქტობრივად, არცერთი რგოლი არ მუშაობს, მხოლოდ ფორვარდს ვერაფერს დააბრალებ, მაგრამ მეორე ტაიმში ჯოვანი სიმეონე მთლიანად ჩაიკარგა. ვიქტორ ოსიმენი თავისი ბრძოლისუნარიანობით რაღაცის გამოდნობას შეძლებდა. ჩვენ ადრეც დავწერეთ, რომ მას შემდეგ, რაც სპალეტი როტაციას იშვიათად მიმართავდა და ის ტონუსი, რაც მისი გუნდის არგენტინელ შემტევს ჰქონდა, დაიკარგა. ახლა როცა აუცილებლობა დადგა, სიმეონე თითქოს ნაკლებად დამაჯერებელი იყო და მას რომ ბოლო დროს მიზერული შანსი ეძლეოდა, ეს ამ გადასახედიდან არასწორი გამოდგა.

თუკი ნეაპოლელთა დამრიგებლის სამწვრთნელო კარიერას თვალს გადავავლებთ, მას გარკვეული კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩავარდნები ჰქონია. ნეაპოლელებს გაუმართლათ, რადგან კომფორტული სატურნირო სიტუაციის ფონზე, ეს მტკივნეული არაა და აქამდე არც განგრძობადი სახე მისცემია.

Sportall.Ge

როცა გამართლებაზე ვსაუბრობთ, ეს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერია, რომელიც დიდ სხვაობას ქმნის. ზოგჯერ რთულია, მის თამაშს სუბიექტურობისგან დაცლილმა უყურო, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში ისეთი განცდა იყო, რომ ქართველი გარემარბი არსებულ ანგარიშსა და სიტუაციას თანაგუნდელებიდან ყველაზე ნაკლებად შეეგუა, ბოლომდე იბრძოლა, თუნდაც პრესტიჟის გოლის გატანა სცადა. ისე, კი "კვარამ" ლამაზი ეპიზოდები გვაჩუქა - ფინტები, ერთი გამორჩეულად მახვილგონიერი პასი... თუ გატანაზეა, ეს მაშინ შეეძლო, როცა ჯაკომო რასპადორიმ ვერ შეამჩნია და ამის გამო მოუბოდიშა. ობიექტურად, ვერავინ იტყვის, რომ მილანელთა ლიდერმა ლეაომ "კვარადონა" დაჯაბნა, უბრალოდ პორტუგალიელმა იმით ივარგა, რომ თანაგუნდელებმა საუკეთესო შანსები შეუქმნეს, "ნაპოლიმ" კი ვერც 77-ე ნომრის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიყენა და ვერც მისგან წამოსული ხიფათი. ეს მატჩი მოქმედი და მომავალი ჩემპიონების იყო და ტურნირის საუკეთესოობაზე ლეაოს ჩანაცვლების ყველაზე დიდი შანსიც ხვიჩას აქვს.

ჩემპიონთა ლიგამდე სპალეტის უფრო მეტი აქვს სასწავლი, ვიდრე მის ვიზავის და ეს იქნებ ახლა ასე ჯობია, თუმცა მილანელთა გამოცდილი თავკაცი აღფრთოვანებას არ მიეცემა. სკუდეტო 33 წლის შემდეგ სერიოზული ბონუსია და საყვედური არავის დასცდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტის მიღწევა როცა შეიძლება, უარს ვერ იტყვი. მანამდე კი "ლეჩესთან" ვნახავთ, საქმე ერთგვარ კრიზისთან გვაქვს თუ ერთჯერად ჩავარდნასთან. ოსიმენის მომჯობინებასაც უნდა დაველოდოთ.

altცივი შხაპი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებამდე - "ნაპოლი" "მილანთან" განადგურდა [VIDEO]

alt"დღეს ლეაომ აჯობა" - იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩასა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 31 /
არ უნდა ფილოსოფია ხვიჩას ფეხბურთის თამაში ყველაფერს ურჩევნია ამიტომ ვერ შეედრება მას ლეაოც და ბევრნი სხვანიც
გიორგი
23:24 04-04-2023
1
პირველ ტაიმში კვარას გაკეთებული ფინტი წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, ლეაოს ყველა გოლს სჯობს, რაც აქამდე გაუტანია. რაც შეეხება იმას, რატომ წააგო ნაპოლიმ, იმიტომ წააგო, რომ უკვე ჩემპიონია და ძალები დაზოგა ლიგისთვის. ლიგაზე სულ სხვა თამაში იქნება
ლადო
16:19 04-04-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული