რატომ მოხვდა დე ლაურენტისისთვის ჩასარტყმელი წიხლი კვარაცხელიას საზარდულში?

AutoSharing Option
ფეხბურთში, ისევე როგორც სპორტსა და საერთოდ ცხოვრებაში, არსებობს საკუთარი ინტერესები და როდესაც ვინმე ხშირად დინების წინააღმდეგ მიცურავს, ამას მისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, C ჯგუფში, უკრაინა ლევერკუზენში იტალიასთან ფრეს დასჯერდა (0:0), შედეგად მესამე ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე მოსახვედრად პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა, ხოლო „სკუადრა აძურამ“ ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. არადა, 90+3-ე წუთზე საჯარიმოში მიხეილ მუდრიკის წაქცევისთვის მსაჯს რომ პენალტი დაენიშნა, შეიძლებოდა ყველაფერი სრულიად სხვანაირად დასრულებულიყო. უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინს გაახსენეს ადრე ნათქვამი, რომ იტალიის კონტინენტის პირველობაზე
გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თუ ამას ვერ მოახერხებდა, კატასტროფა იქნებოდა. უკრაინის ნაკრების მწვრთნელი სერგეი რებროვი შესანიშნავად მიხვდა, რაც მოხდა, მაგრამ ხმა არ ამოიღო, ვინაიდან მის გუნდს პლეი-ოფი აქვს სათამაშო და არაა გამორიცხული, რაიმე „გაუგებრობას“ იქაც ჰქონდეს ადგილი. არც მათმა ფედერაციამ ამოიღო ხმა, ან ვის რა უნდა ეთქვა, როდესაც მისი მთელი ხელმძღვანელობა კორუფციის გამოა დაპატიმრებული. მხოლოდ კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ბრძანა, რომ იტალია მსაჯმა გაათრია და უეფაში წყვეტენ, ვინ უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე და ვინ - არა. თუმცა, პენსიონერი საბო ოფიციალური პირი არაა და მის სიტყვას რაიმე წონადი ფასი არ აქვს. აი, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი მოულოდნელად უკრაინელებს გამოექომაგა: „არავის უნდა, ნახოს, როგორ ქურდავენ გუნდს ისე, როგორც უკრაინა იტალიამ გაქურდა. იქ აშკარად პენალტი უნდა დაენიშნათ".

მისი ნათქვამი იტალიაში არავის მოეწონა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას, რადგან ლუჩანო სპალეტის "სკუადრა აძურას" თავკაცად დანიშვნის გამო, დე ლაურენტისი იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან ამაოდ ითხოვდა საკომპენსაციო თანხის გადახდას. შეგახსენებთ, დონ აურელიომ იქამდე განაცხადა, რომ სპალეტი ბოსტანში სამუშაოდ გაუშვა, ის კი ნაკრებში წავიდა.

ცალკე სასაუბრო თემაა ევროპის სუპერლიგა, რომელშიც ოფიციალურად მონაწილეობის სურვილი „რეალის“ და „ბარსელონას“ გარდა მხოლოდ „ნაპოლიმ“ გამოთქვა და დე ლაურენტისმა ორგანიზატორებს ტურნირის ჩატარების რეგლამენტი და ფორმატიც კი შესთავაზა. საპასუხო ნაბიჯი უმალ გადადგა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ - კლუბებმა 2024 წლის 4 ივნისამდე განაცხადის შეტანასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა დაადასტურონ, რომ არ მიიღებენ იმ ტურნირებში მონაწილეობას, რომლებსაც ფიფასა და უეფას მიერ არაღიარებული ორგანიზაციები ჩაატარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ლიცენზიის გარეშე დარჩებიან და სერია A-ში ვერ იასპარეზებენ. ახლა ზოგიერთი შეთქმულების ყბადაღებული თეორიის შესახებ დაიწყებს საუბარს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ფაქტებზე მოგახსენებთ, იმაზე, რომ ნეაპოლური კლუბის მფლობელმა ბევრს გზაზე გადაურბინა და მათთვის უკვე პრობლემას წარმოადგენს. მოკლედ, ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფ „ნაპოლის“ მსაჯებმა ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულეს და პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელია ზარალდება, რომელზეც მეტოქეთა მცველებმა ნადირობა გამოაცხადეს, რაზეც არბიტრები თვალებს ხუჭავენ.

Tuttonapoli წერს, რომ „მონცას“ მწვრთნელმა რაფაელე პალადინომ გაფრთხილებული მცველი პედრო პერეირა შესვენებაზე მოედნიდან გაიყვანა, შეცვლაზე შესულმა უორენ ბონომ კი წაქცეულ კვარაცხელიას საზარდულში გამიზნულად ჩაარტყა ფეხი, წყობილებიდან გამოიყვანა და თანაც გამომწვევად იქცეოდა, ირონიულად იცინოდა, რამეთუ დავალება შეასრულა და იცოდა, რომ მარკო დი ბელოსგან სათანადოდ არ დაისჯებოდა, ხოლო გაცხარებული მწვრთნელი ვალტერ მაცარი პროტესტის გამოხატვის გამო გააძევეს, რაზეც შემდეგ თქვა, რომ ქართველს რაგბის ეთამაშებიან. გამოცემის აზრით, ეს უბრალოდ დაცინვაა.

Ilmattino-მ „რომასთან“ ნამატჩევს მიმოხილვაში ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ხვიჩასთან უხეშობისთვის მსაჯს ანდრეა კოლომბოს ბრაიან კრისტანტესთვის წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, თუმცა რეაგირება არ მოახდინა. ამისათვის ჟურნალისტმა კარლო ალვინომ კოლომბოს მხდალი უწოდა. ნეაპოლურმა გამოცემამ „მონცასთან“ დაპირისპირების შემდეგ აღნიშნა, რომ კვარაცხელია ქარიშხალს მარტო ებრძოდა, ეუხეშებოდნენ, ისევე როგორც ამ სეზონში ხშირად, გოლი ვერ გაიტანა, მაცარი და მთელი ნეაპოლი კი იმედოვნებს, რომ ძველ დიდებას დაიბრუნებს, თუმცა მართებული არ იქნება „ნაპოლის“ ყველა პრობლემის მასზე გადაბრალება.

ერთი სიტყვით, ერთ-ერთმა ყველაზე დაბალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა მთელი გუნდის ტვირთი უნდა ზიდოს, უმოწყალოდ ურტყან ფეხებში, რაზეც დე ლაურენტისის პერსონის გამო მსაჯები რეაგირებას არ მოახდენენ და როგორც ყოველთვის, საბოლოოდ განტევების ვაცი „კვარა“ აღმოჩნდება...

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნაპოლი ჩემპიონი გახდა და ასეთ გუნდში გადმოსვლა ყველას უნდა უხაროდეს, მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც. სინამდვილეში რა ხდება? მწვრთნელები და ფეხბურთელები ერთმანეთს ასწრებენ გუნდიდან გაქცევას. ყველა კარგი მწვრთნელი, ვის მოწვევასაც ნაპოლი შეეცადა, უარს ამბობს გუნდში მუშაობაზე, ფეხბურთელები კიდევ...ვინ ურჩია, ან თავად სად იპოვა ლაურენტესმა ეს ტრუხა მოთამაშეები? პირველი წრე დასრულდა და რომელიმემ რამე სარგებელი თუ მოუტანა გუნდს? სამაგიეროდ, ხვიჩაზე გაცილებით მეტ ფულს იღებენ სათადარიგო
სკამზე ჯდომაში. იტალიური სპორტული პრესა წერდა, გარსიამ კვარა იმიტომ არ დააყენა სასტარტოში, ლაურენტესს ასიამოვნაო... სანამ გუნდში ასეთი დამოკიდებულება იქნება, სანამ სამართლიანობა არ აღდგება, ნაპოლი წელში ვერ გაიმართება და იტალიის ჩემპიონატში 7-8 ადგილს თუ დაიკავებს, ისიც კარგი იქნება.
ბესო
09:46 02-01-2024
2
ახალ წელს გილოცავთ ყველას.
აი ვინც ამ ბიჭის მიმართ უხეშ თამაშს ახალისებს და ვინც მის ტკივილზე იცინის, საკუთარ თავში ჩაიხედოს ყველამ და შიგნით, გულის სიღრმეში ყველას შერცხვება. არ ვართ ცუდი და ბოროტი ხალხი ქართველები და მითუმეტეს საკუთარის გამეტება არ გვჩვევია წესით. მაინც იმედსს ვიქონიებ, რომ ეს ხალხი ვინც აქ ბოროტ კომენტარებს უწერს, ძალიან ცოტაა და მისი გულშემატკივარი უფრო მეტნი ვართ.
როგორია როცა განზრახ გტკენენ და სხვები ამაზე იცინიან, ან არ გიჯერებენ და ეჭვის თვალით გიყურებებ.
უბრალოდ თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ და მიხვდებით.
ადამიანობა შეინარჩუნეთ და თქვენთვისაც კარგი იქნება.
წარმატებები ყველას, ბევრი სიყვარული და მეტი ემპათია ❤️

Spain
16:46 01-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული