კვარაცხელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, მომავალში კი უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატი 18 აგვისტოს დაიწყება; ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ვერონას" ესტუმრება. "კვარამ" გასული სეზონი 11 გოლითა და 6 საგოლე პასით დაასრულა; ევროტურნირების გარეშე დარჩენილ გუნდში მწვრთნელთა მუდმივი ცვლილება იყო, ჩვენებურის ფლანგზე კი ახალ-ახალ ვარიანტებს განიხილავდნენ...

Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა და გავიხსენებთ სიტუაციას, რომელიც არსებობდა. კვარაცხელიამ "ვერონას" მაშინ გაუტანა, პირველ წრეში კი დუბლი ჰქონდა შესრულებული...

ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი გოლით ყველამ გავიხარეთ. "კვარამ" ისევ ბევრი აალაპარაკა, საუკეთესო დრო გაახსენა. ისე, ქართველ ფეხბურთელს ეს არც აქამდე აკლდა, მისი შედეგიანი
თამაშიც განხილვის საგანია და ნებისმიერი ნაკლებად წარმატებულიც. "ნაპოლის" 77-ე ნომერი "ვერონასთან" ძალიან მონდომებული ვნახეთ. ეს ყველა ეპიზოდში იგრძნობოდა და მთავარი მწვრთნელის მიმართაც შეგვიძლია კომპლიმენტების თქმა - დაგვიანებით, თუმცა სწორი დასკვნები გამოიტანა.

კვარაცხელია კარავაჯოს იმიტომ შეადარეს, ის მინდორზე მოუსვენარი და გამბედავია. ასე იყო მის ყველაზე წარმატებულ სეზონში. ხვიჩა კვირის მატჩშიც ასეთი ვიხილეთ, სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, სწამდა, რომ მაინც გაიტანდა და ასეც მოხდა. ჩვენებურის მოწადინება მხოლოდ ამ ასპექტში არ ყოფილა - ერთ ეპიზოდში ჟესუსი ბურთთან ნელა მისვლას და შეტევის ისე წამოწყებას აპირებდა, როცა "კვარამ" მას ბურთი "გამოგლიჯა" და იერიშს სულ სხვა სიმწვავე და მიმართულება მისცა.

Sportall.Ge

77-ე ნომერი თამამად მიდიოდა დრიბლინგებზე და მშვენიერ პასებსაც არიგებდა. იქნებ ხვიჩას დისკვალიფიკაციამ და ცოტათი ამოსუნთქვამ სხვა ენერგია შემატა? - ამის დაშვებაც შეგვიძლია. აუცილებლად აღსანიშნავი ამბავია, რომ ვერონელთა მცველების მხრიდან ზღვარგადასული უხეშობა იშვიათად ვნახეთ. ბოლო დროს სერია "ა"-ში ასე არაა და სასიხარულოა. ასეთ დროს შემტევები საკუთარი უნარების გამოვლენას მეტად ახერხებენ და თამაშიც უფრო სამართლიან პრინციპებზე იგება.

კარგად გამოჩნდა ის, რაზეც მუდმივად ვწერთ: კვარაცხელია საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობს და აუმჯობესებს იმ პარამეტრებს, რაც მის პროგრესს სჭირდება. ამის კარგი მაგალითებია უფრო ზუსტი და სრულყოფილი პასები, თავისუფალ ზონებში მოძრაობა თუ დარტყმის დროისა და მიმართულების შერჩევა - გოლი მართლაც იდეალურად ჩაუშვა!.. ვალტერ მაცარი აქ უნდა შევაქოთ. ის რაღაცებს ვარჯიშებზეც იგრძნობდა და ხვიჩას თითქოს დავალება ჰქონდა, კარში მაქსიმალურად ხშირად დაერტყა, რასაც შედეგი მოჰყვებოდა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ეს ეგოიზმის ხარჯზე არ მომხდარა, რასაც სიმეონეზე გაკეთებული პასიც ადასტურებს. კიდევ ერთი - ის, რაც მწვრთნელმა თქვა, კარგა ხანია, ვიცით, ხვიჩას ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან კარგი გოლები გააქვს და მხოლოდ ფლანგზე "გადასროლილი" არ უნდა იყოს.

Sportall.Ge

როგორც კი "კვარას" ცენტრში მეტი თავისუფლება მიეცა და კართან უფრო ახლოს მივიდა, შედეგმაც არ დააყოვნა. ნეაპოლურ კლუბს ნაკლებად ხმაურიანი, თუმცა მშვენიერი ტრანსფერები განუხორციელებია - კარგი იყო ნგონჟი, მაცოკიმ რუი დიდებულად შეცვალა და საკუთარი შესაძლებლობები ლინსდსტრომმაც გამოავლინა. ამასობაში, პოლიტანო ძველებურად სასარგებლო არაა. ასეა თუ ისე, "კვარა" მომავალში უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!.. რაზეც ხვიჩას დაკვირვება მართებდა, მსაჯებთან კამათისას მიღებული გაფრთხილებებია; იმ ფონზე, როცა ჩვენებური პენალტსაც სამართლიანად ითხოვდა და კუთხურსაც, ეს მაქსიმალურად მშვიდად გააკეთა, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას არ უნდა მოეშვას.

ნორვეგიელი პოზიტიური ფსიქოლოგის, რობერტ ბისვა-დინერის მოსაზრებები საინტერესო და პრაქტიკულია. ის გარკვეული უნარების მუდმივად გაუმჯობესებაზე საუბრობს. ჩვენ ახლა მისი განზოგადება კვარაცხელიაზე შეგვიძლია. პირველია - კარგად შევისწავლოთ ის, რაც გვაშინებს. ხვიჩას მხრიდან ღელვის შემცირება და თავდაჯერების მომატება შევნიშნეთ; მეორე - წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სცენარი. "რომ ვერ შევძლო?" - ამ შეკითხვის დასმა ბუნებრივია, მთავარი კი იმაზე მუშაობაა, რაც გვაღელვებს; მესამე - პერიოდულად იმის კეთება, რისი გამბედაობაც არ გყოფნის. რაღაც, შესაძლოა, ერთხელ არ გამოვიდეს, მაგრამ შემდეგ მიზანს აუცილებლად მიაღწევ; მეოთხე - დამშვიდების ტექნიკები. სტრესული ფიქრებისგან მაქსიმალური თავდაცვა; მეხუთე - სანდო გარემო და სანაცნობო წრე, რაც წარმატებას მხოლოდ ეხმარება. დაბოლოს - იზეიმოთ თქვენი წარმატება. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა გამოვიდა და არა - პირიქით. ის ჟესტიც "საჭირო" იყო!..

altგოლი და რა გოლი - კვარაცხელიამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

altმატჩის გმირი იყო - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 40 /
მადლობა ავტორს შინარსიანი ანალიზისთვის! ადამიანი რობოტი არ არის და ყოველთვის ერთ დონეზე ვერ ითამაშებს. სტაბილურობა, გამოცდილებას მოაქვს. ხვიჩას ტალანტის გარდა, განვითარებული აქვს აზროვნება და ეს გადააქცევს მას უდიდეს ფეხბურთელად! პასებს და სიზუსტეს, რაც გააჩნიაა, ხვიჩა მშვენიერია, ჯანო გამახსენა. სხვათა შირის, თუ ცენტში გადმოწევენ, ყიფიანსაც ნახავენ!!!
გიორგი
13:24 05-02-2024
5
სიმეონეზე უინტელექტო ფეხბურთელი იშვიათად მინახავს. აი, დააკვირდით, როცა ბურთს იღებს პასს თუ აკეთებს საერთოდ, სადაც არ უნდა მიიღოს ბურთი, მუდმივად კარში ურტყამს. ტიპმა საერთოდ არ იცის პასის გაკეთება. ყველაზე მთავარი: ხვიჩა დაუღეჭავს და ისეთ პასს გაუკეთებს, გოლს გაატანინებს და ვინმეს გახსოვთ, რომ მივიდა კვარასთან და მადლობა გადაუხადა? ლივერპულთან ბავშვობის ოცნება აუხდინა კვარამ და ცარიელ კარში გაატანინა და ერთი მადლიერება არ გამოუხატავს ამ იდიოტს. მაგარი ჩლუნგი ფეხბურთელია.
ბმბ
16:36 05-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული