"ნაპოლის" მიერ "სასუოლოს" განადგურებას და ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა. როგორც ყოველთვის, ქართველის მიმართ პირველ რიგში საქებარი სიტყვები "კორიერე დელო სპორტმა" არ დაიშურა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელია ამჯერად არ შეცვალეს, მიმდინარე ტურნირზე რვა გოლი გაიტანა და იმაზე მეტჯერ შეუძლია მეტოქეთა კარის დალაშქვრა, ვიდრე გასულ საჩემპიონო სეზონში, როდესაც მის ანგარიშზე თორმეტი გოლი იყო.
"მიუხედავად "მაპეის" სტადიონის მძიმე გაზონისა, ის მარცხენა ფლანგზე ტრაორესა და მარიო რუისთან ერთად ხავერდოვნად მოქმედებდა, განუწყვეტლივ ცდილობდა გატანას, თავის მომენტს ელოდა და მიზანსაც მიაღწია - მარჯვენითაც,
მარცხენითაც, რისხვითა და დელიკატურობით და მინდორზე ისევე დაქროდა, როგორც გასულ წელს".
ხვიჩას დითირამბები La Repubblica-მაც უძღვნა: "კვარამ" დუბლი მიითვალა და ლამის მოედნის ცენტრიდან დაამწუხრა კონსილი. უფრთხილდით კვარაცხელიას და ოსიმენს, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე 13 მარტს "ბარსელონასთან" ჩასატარებელი მატჩის წინ".
Tuttonapoli წერს: "დაგვიბრუნდი, კვარადონა"; ხაზს მის ჩინებულად გარჯას უსვამს და შეფასებებს გვთავაზობს: Tuttosport 8.5, Corriere dello Sport 8, TuttoNapoli 8, Tuttomercatoweb 8, La Gazzetta dello Sport 7.5.
Calciomercato აღნიშნავს, რომ "სპალეტიანას" გუნდი და "ოსი-კვარას" დუეტი "იუვენტუსისთვის" შეხვედრისთვის მზად არიან, რამეთუ ტანდემმა ისევ გაიბრწყინა და "ნაპოლიმ" ექვსი გოლით საბრძოლო განწყობილება აღიდგინა.
„ნაპოლი“ 40 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 8 ქულა აშორებს და 3 მარტს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.