სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ. დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, ხოლო ხვიჩასთან უხეშობისთვის - კამბიასო. ტურინელებმა კი დაწინაურების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მეკარე მერეტთან პირისპირ გასულმა ვლაჰოვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. საპასუხო იერიშისას „კვარა“ მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მეკარე შესნი დაეუფლა. 43-ე წუთზე კი ქართველმა „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე ვლაჰოვიჩმა მესამე შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი „იუვეს“ იერიშებით დაიწყო. კამბიასომ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სწრაფი კონტრიერიშისას კამბიასომ ხვიჩას მაისურზე მოქაჩა და გაზონზე დასცა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მწვრთნელმა კალცონამ ტრავმირებული რაჰმანი ესტეგორით, ხოლო ტრაორე და პოლიტანო ზელინსკით და რასპადორით შეცვალა. აქედან მოყოლებული, თამაში პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა და კიეზამ ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე საჯარიმოში ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ვიქტორმა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ შესნისგან მოგერიებულ ბურთს რასპადორიმ კარში მიუჩინა ადგილი. „იუვენტუსი“ შტურმზე გადავიდა. რუგანიმ მაგარი შანსი გაუშვა ხელიდან. 90+3-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი შევიდა და ნეაპოლურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ისევ სძლია "იუვეს".
„ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 კიეზა (81), 2:1 რასპადორი (88)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (88)
რეალურად გააზრებული გოლი გაიტანა კიეზამ. თან დააკვირდით უკნიდან ვინ მიაცილებდა :)) , გაეპარა მაგ მომენტში 77-ს