Quotidiano Sportivo-მ "ემპოლის" მცველზე, საბა გოგლიჩიძეზე წერილი გამოაქვეყნა.
"ემპოლის" ახალი ტალანტი - "იუვენტუსთან" გოგლიჩიძემ ვეტერანივით ითამაშა
მწვრთნელი რობერტო დ'ავერსა აქებს იანვარში გუნდში მოსულ ფეხბურთელს. ბოლო ორ მატჩში ქართველმა შესანიშნავად ითამაშა და მისი გარჯა ღირსეულად შეაფასეს
"ჩამოსვლიდან თითქმის რვა თვის შემდეგ საბა გოგლიჩიძემ "შეგირდობის" პერიოდი გაიარა და მოედანზე ადგილი მოიპოვა. გასული სეზონის მეორე ნახევრის, აგრეთვე, ამ სეზონის პირველ ორ შეხვედრაში "მონცასა" და "რომასთან" სათადარიგო სკამზე ყოფნის მერე, მან „ბოლონიასთან“ და გასულ შაბათს „იუვენტუსთან“ 180 წუთი ითამაშა და მხოლოდ გულშემატკივრებს როდი მოაწონა თავი.
ფიზიკურად ჩამოყალიბებული, პოზიციის შერჩევის უნარი და ტექნიკური ფეხები - საბა ამ სეზონში ყველაზე კარგ აღმოჩენას წარმოადგენს. საინტერესო იყო, გვენახა, როგორ წარმოაჩენდა თავს თავის პირველ ორ დაპირისპირებაში და ისე მოქმედებდა, თითქოს ამ გუნდში მთელი ცხოვრება თამაშობდა. ოპერატიულად კეტავდა ზონებს, სწორად მეურვეობდა, შეტევაში ჩართვის უნარები გამოამჟღავნა და ფაბრიციო კორსის კლუბის კიდევ ერთი წარმატებული ინვესტიციაა.
"უზარმაზრი პერსპექტივა აქვს. მიხარია, რომ "ემპოლიშია". იმედი მაქვს, ზრდას გააგრძელებს", - რვა თვის წინ ასე წარადგინა თანამემამულე "ემპოლის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც აქ ძალიან უყვართ და რომელმაც ტრანსფერის განხორციელებაში საკვანძო როლი შეასრულა.
გარდა იმისა, რომ "იუვენტუსთან" თამაშიდან გაპიარებული ახალგაზრდა ილდიზი გამოთიშა, მისი ჩინებული ასპარეზობა სტატისტიკამაც დაადასტურა. ბურთს 53-ჯერ შეეხო, რაც "ემპოლიში" ისმაილის და ვიტის მერე მესამე შედეგი გახლდათ; ასევე წარმატებულად გააკეთა 40 პასი, მათ შორის, 12 იერიშის წამომწყები, რამაც 87% შეადგინა. და რაც ყველაზე მეტად გხვდება თვალში, ბურთის 6-ჯერ დაბრუნებაა. ამ მხრივ უკეთესის შედეგი მხოლოდ მალეს ჰქონდა. იმ მცირე შემთხვევებისას, როდესაც, შესაძლოა, საყრდენ ზონაში შეცდომა დაუშვა, უმალ შედიოდა მეტოქესთან ბრძოლაში და ბურთს იბრუნებდა".