უეფას წყალქვეშა დინებები - რამდენად რეალურია პსჟ-ს მეოთხედფინალში გასვლა?

AutoSharing Option
ლიგა 1 სუსტი ტურნირია, პსჟ ყველას ადვილად ამარცხებს და „ლივერპულთან“ შანსის გარეშეა - არსებობდა ასეთი მოსაზრება. არადა, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში 4 ფრანგული კლუბი გავიდა. არნე სლოტის გუნდი პრემიერლიგის ლიდერია, 10 ტურით ადრე პირველობა ფაქტიურად გარანტირებული აქვს და სწორედ "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში უნდა გამოჩენილიყო, რას წარმოადგენს სინამდვილეში „პარი სენ ჟერმენი“.

გამოვტყდები, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო წარმოუდგენელი სილამაზის სანახაობა, სადაც ერთი შთამბეჭდავად თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა და კარში ერთადერთი დარტყმით გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა არა საბოლოოდ, ვინაიდან წინ მეორე
რაუნდია. სლოტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მეტოქეს შესანიშნავი გარემარბები ჰყავს, რომლებიც მეურვეებთან ერთი ერთზე დომინანტები არიან, ეს იცოდა, სხვა გზა გარდა თავდაცვისა არ ჰქონდა და „ენფილდზე“ გულშემატკივართა განსაკუთრებული მხარდაჭერა დასჭირდებათ. გაუმართლათ და მეკარე ალისონიც ძალიან კარგად გაისარჯა, ოღონდ არა ბრწყინვალედ, რამეთუ ცხრავე „სეივი“ ისეთი იყო, რომლებიც მისი კლასის მეკარეს უნდა მოეგერიებინა. ვერ დაურტყეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა გარდა ერთი შემთხვევისა ისე, რომ უძლური არ აღმოჩენილიყო. ის ერთადერთი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუტანა და მსაჯმა არ ჩაუთვალა.

ვერ გეტყვით, შემთხვევით მოხდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, იტალიელმა არბიტრმა დავიდე მასამ ყველა სადავო და საკვანძო ეპიზოდში გადაწყვეტილება სტუმართა სასარგებლოდ მიიღო, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. როდესაც ეს ერთხელ ან ორჯერ ხდება, შეიძლება შემთხვევითობას მივაწეროთ, ხოლო როცა რამდენიმეჯერ - უკვე საეჭვო კანონზომიერებაა. მიზეზს ვერ ავხსნი, ვინაიდან უეფას წყალქვეშა დინებებისა და მიზნების თაობაზე ბევრი არაფერი ვიცი რა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველის, რიო ფერდინანდის თქმით, ვერაფრით ვერ გაიგო, რატომ არ გააძევეს იბრაჰიმა კონატე ბრედლი ბარკოლას წაქცევის გამო. ისიც სათქმელია, რომ კვარაცხელიას ორ შემთხვევაში შეეძლო მსაჯს პენალტის დანიშვნა და ასე რომ მოქცეულიყო, ვერც ვერავინ მოედავებოდა.

ლუის ენრიკეს კი მართლაც ჩინებული გუნდი დაუყენებია. ერთია კარგი და მეორე ლამაზად მობურთალი. პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ თავი დაანება გუნდის მადამ ტიუსოს მუზეუმის ცვილის ფიგურებით დაკომპლექტებას, ესპანელ სპეციალისტს სრული კარტ-ბლანში მისცა და მან როგორც იქნა, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ოცნება აიხდინა. ის მას ძალიან, ძალიან სჭირდებოდა. და „კვარა“ ვიხილეთ მთელი თავისი მშვენებით, ისეთი, როგორიც საკმაო ხანია აღარ გვინახავს: ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლებული, ლაღად მოთამაშე და თვითდაჯერებული. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთ თვეზე ცოტა მეტი ხანია „პარი სენ ჟერმენშია“, ადაპტაცია სრულად არ გაუვლია და პარტნიორებთან ბოლომდე შეთამაშებული არ არის. ერთს ვიტყვი მხოლოდ - საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდა და პსჟ-ს მიმდინარე ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლას, მისი კარიერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია, დასაწყისია გუნდში, რომელსაც მთელი მსოფლიო მუდამ უყურებს და რომლის ლიდერი უნდა გახდეს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გახდება კიდეც.

თუმცა, ქართველი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, ხვიჩას გამო პსჟ-ს ვქომაგობთ და გვინდა მეოთხედფინალში გავიდეს. ამის შანსი კი, ვიყოთ ობიექტურნი, სახლში წაგების შედეგად მნიშვნელოვნად შეუმცირდა. პარიზული გუნდის ყოფილი ფეხბურთელები ლუის ფერნანდესი და ჟერომ ალონზო მაინც ოპტიმისტურად არინ განწყობილი, ისევე როგორც ჟერომ როტენი. ის გაშვებული გოლისას მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გამართლებას ცდილობს და ამბობს, რომ იტალიელმა შეცდომა დაუშვა, ოღონდ ძალიან დიდი არა, ვინაიდან ბურთი ადვილად მოსაგერიებელი არ გახლდათ, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი პარიზული გუნდის ხელთაა და „ენფილდზე“ გმირობის ჩასადენად არიან განწირულები. დაახლოებით იგივეს იძახის ჟან-მიშელ ლარკე, რომლის თქმით, ერთი ნახევარშეცდომის გამო დონარუმას დასჯა დაუშვებელია.

საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ემნუელ პეტიმ განაცხადა, რომ ამ სეზონში ვინმესგან ასეთი დაჩაგრული „ლივერპული“ არ უნახავს, რომელიც მეკარემ დიდი ანგარიშით მარცხისაგან იხსნა და ასეთი შესანიშნავია პსჟ. „ბრესტის“ მწვრთნელის ერიკ რუას აზრით, რევანში სავსებით შესაძლებელია.

ფანების ნაწილი სოციალურ ქსელებში დონარუმას ნაცვლად კარში მატვეი საფონოვის ჩაყენებას ითხოვს. „ეკიპის“ ჟურნალისტი უგო დელომი წერს, რომ ორრაუნდიანი ბრძოლოს მოსაგებად ცვლილებების დრო დადგა, კარში საფონოვი უნდა ჩადგეს, მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია, ხოლო დეზირე დუე უეჭველი სასტაროში უნდა ვიხილოთ. თუმცა, ლუის ენრიკე ხვალ „რენთან“ დონარუმას დაასვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლივერპულთან“ ათამაშებს.

Sportall.Ge

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ვიტინია კი საბოლოო წარმატებაში დარწმუნებულია: „ჩვენ კიდევ ვაჩვენებთ, როგორი გუნდი ვართ. მებრძოლ ხასიათს გამოვავლენთ და ინგლისში გავიმარჯვებთ. გასულ შეხვედრაში მოგებას ვიმსახურებდით. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ“.

მართლა ასე ფიქრობენ, თუ უბრალოდ თავს იგულიანებენ, 11 მარტს „ენფილდზე“ გამოჩნდება.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 18 /
იმ თამაშით რაც პსჟ-ემ პარიზში აჩვენა, გარანტიაა იმისა, რომ პსჟ ენდფილზე გამარჯვების მთავარი ფავორიტია და შემდეგ ეტაპზე სწორედ ხვიჩელები გავლენ.
ჟორა გაბრიჭიძე
19:37 07-03-2025
7
პსჟ ნამდვილად უკეთესი იყო და მოგებასაც იმსახურებდა.მსაჯს ერთ ეპიზოდში ,რომ მაინც მიეღო პსჟ -თვის სასარგებლო გადაწყვეტილება ,მრავალი შესაძლებლიდან ,უეჭველია სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა.გაშვებული გოლის შემდეგ ლივერპული გაიხსნებოდა და მომენტებიც ბევრი შეიქმნებოდა.დეტალებში თუ შევალთ,ვიტყვი შემდეგს:1)დემბილეს არ წაუვიდა დარტყმები.ორი კარგი გარღვევის გარდა,არც არაფერი გაუკეთებია მნიშვნელოვანი და გაკვირვებული დავრჩი როცა მისი შეფასებები ვნახე.2)მარკინიოსი ნამდვილად კარგი მცველია,მაგრამ ტანმაღალ,ათლეტური აღნაგობის ,მეტოქეებთან ბრძოლა უჭირს და სწორედ მის მიერ მეორე სართულზე წაგებულ ორთაბრძოლას მოჰყვა არეულობა და გოლი/3)ჩემი შეხედულებით,ორი ფეხბურთელი საერთო ფონზე ,ნაკლებად კარგად გამოიყურებოდა.ფაბიან რუისი და ჰაკიმი.რუისი ნელია და ნაკლებად ბრძოლისუნარიანი.ხოლო ჰაკიმი მოუქნელი და ტლანქი.აქტიურია,მრავალი შეხება აქვს ბურთთან ,მაგრამ რად გინდა მ.ქ,კ. თითქმის 0-ს უტოლდება.აქედან გამომდინარე,რუისის ჩანაცვლება დუეთი თავისუფლად შეიძლება.ხოლო ჰაკიმის ადგილზე დღეს უკეთესი ჰყავს თუ არა ენრიკეს არ ვიცი და მომავალში ,რომ ნამდვილად საფიქრალია ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.რაც შეეხება ხვიჩას,ის ძალიან კარგი იყო და ჩემი აზრით ბოლომდე უნდა დარჩენილიყო მინდორზე.ცოტა დაღლა კი შეეტყო,მარამ მისი კრეატიულობიდან გამომდინარე ,ის ყოველთვის ხიფათს წარმოადგენს მეტოქისათვის.თანაც ,მოწინააღმდეგეც,ხომ დაღლილი იყო?
ამბაკო
20:38 07-03-2025
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული