[ოთხშაბათის საკითხავი] დაყოვნება აღარ შეიძლება!

AutoSharing Option
ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, ნათქვამია. ბოლო დროის წარუმატებლობებმა კიდევ უფრო გააცხოველა მსჯელობა ქართული ფეხბურთის ჭირზე.

ყველა თანხმდება ერთზე: ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები ჩამორჩნენ ევროპულ რიტმს, დიდწილად იმის ბრალია, რაც ბავშვთა ფეხბურთში ხდება...

...იქ რომ ყველაფერი წესრიგში არ არის, ფაქტია. მოვიყვანთ მხოლოდ ერთ მაგალითს: ჩვენი კლუბებისა თუ ნაკრებების მწვრთნელებს ისეთ ელემენტარულ ნიუანსებზე უწევთ ყურადღების გამახვილება, ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული ბევრი მწვრთნელი, წესით, სირცხვილით უნდა იწვოდეს...

რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ფეხბურთში ბოლომდე ჩახედული, მართლაც კვალიფიციური ბავშვთა მწვრთნელები, მაგრამ მათი რაოდენობა, სამწუხაროდ,
ძალიან მცირეა. თუ დავაკვირდებით, იმ ქართველ ფეხბურთელებს, ასე თუ ისე, წარმატებით რომ თამაშობენ ეროვნულ ნაკრებსა თუ უცხოურ კლუბებში, ძირითადად ერთი და იგივე სპეციალისტები ზრდიან. იმას, რასაც ჩვენ ახლა დავწერთ, მათ არამც და არამც არ ეხებათ...

ახლა ჩვენთან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ იმ დაფინანსების სოლიდური ნაწილი, რომელსაც ახლა ქართული კლუბები სახელმწიფოსაგან იღებენ, ბავშვთა ფეხბურთისკენ უნდა წავიდეს. ამ თემას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი წინ წამოვწევთ ორ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ბავშვთა ფეხბურთის პირდაპირ დაფინანსებას თუ საქართველოში უფასო საფეხბურთო აკადემიების გახსნას.

პირველ რიგში, უნდა მოხდეს ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული აბსოლუტურად ყველა მწვრთნელის შემოწმება. ეს ძალიან შრომატევადი, მაგრამ საშური საქმეა. ამის გარეშე წყალში იქნება გადაყრილი ის ფული, რომელიც უნდა მიიმართოს ფეხბურთის ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი სეგმენტისკენ.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბავშვთა ფეხბურთში დღეს ბევრი ისეთი "სპეციალისტი" საქმიანობს, რომლის სამწვრთნელო განათლების დონე ნულს ძლივს, ან საერთოდ ვერ სცდება. ამას თან სდევს მახინჯი საბჭოური გადმონაშთები, რაც დღეს ისევ მტკიცედაა ფესვგადგმული ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში. მაქსიმალური კარტ-ბლანში უნდა მივცეთ ახალგაზრდა, სწავლაზე, ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ პროგრესირებად კადრებს.

აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოში არსებული ყველა საბავშვო სკოლის რევიზია. აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ფორმალურ შემოწმებას. ის სკოლა, რომელიც ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს, აუცილებლად უნდა დაიხუროს.

რა თქმა უნდა, გულისწყვეტა იქნება, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთი ისეთ დღეშია, ფედერაცია ყველას კოჭს ნამდვილად ვერ გაუგორებს.

მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ბავშვთა ფეხბურთისკენ სოლიდური ფინანსების მიმართვას.

მოდით, შევთანხმდეთ: საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს, ბავშვთა ფეხბურთი უნდა გახდეს გაცილებით შეღავათიანი, ვიდრე დღეს არის. კარგი იქნებოდა, ის სულაც უფასო ყოფილიყო, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია და დიდ დაფინანსებას მოითხოვს. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ამას არაფერი აჯობებს.

დღეს ძალიან ბევრი მწვრთნელი ხარისხზე კი არა, რაოდენობაზე ფიქრობს. მისი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ბავშვი ჰყავდეს გუნდში და, შესაბამისად, მეტი თანხა აიღოს ბავშვის მშობლებისაგან თვის ბოლოს. რა თქმა უნდა, ფული ყველას სჭირდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვის მომავალი იღუპება.

მწვრთნელს რაც შეიძლება მეტი ბავშვი სჭირდება გუნდში, რათა თვის ბოლოს კმაყოფილი დარჩეს. ის კარგად ატყობს, რომ მოზარდისგან ფეხბურთელი არ დადგება, მაგრამ ამას არც მას უმხელს და არც მის მშობელს.

შესაბამისად, მშობელიც და ბავშვიც ბოლომდე იმედიანად არიან. ამ დროს მოზარდი ორ კურდღელს დასდევს. ფეხბურთი და სწავლა ძალიან ხშირად ერთად არ გამოდის, საქართველოში - მაინც. ბავშვი წიგნს აგდებს და ბურთს ირჩევს. მერე მისგან ან საერთოდ არ გამოდის ფეხბურთელი, ან - ძალიან დაბალი დონის. ის იძულებელია, ცხოვრების საუკეთესო წლები ან საერთოდ უსამსახუროდ გაატაროს, ან სადმე დაბალი დონის გუნდში სდიოს ბურთს თვეში 200-300 ლარად.

მეორეც: ძალიან ბევრი მწვრთნელისგან გამიგონია, რომ მათ მშობლები უხდიან ფულს და ისინი, უნდათ თუ არა, პასუხს აგებენ შედეგზე. რაზეა ლაპარაკი, როცა შედეგს სთხოვ ბავშვს იმ ასაკში, როცა მან ფეხბურთი მხოლოდ სიამოვნებისთვის უნდა ითამაშოს. მას ხომ საფეხბურთო ცხოვრებაში აღარასოდეს დაუბრუნდება ეს პერიოდი...

როდესაც მწვრთნელს ექნება ფიქსირებული ხელფასი, ის აღარ დააყენებს რაოდენობას ხარისხზე წინ. ჩვენს არაერთ საფეხბურთო სკოლაში სწორედ ასეა, მაგრამ ეს საქმეს ნაკლებად შველის. ბევრი მწვრთნელი, განსაკუთრებით რეგიონებში, ჯერაც ბავშვების ოჯახების მიერ გადახდილი თანხით არსებობს.

თუ თბილისში ბავშვთა ფეხბურთი მეტნაკლებად მოექცა რაღაც მისაღებ ჩარჩოებში, რეგიონებში ამ მხრივ პრაქტიკულად სრული კატასტროფაა. რაზეა ლაპარაკი, როცა თითქმის არ არსებობს საფეხბურთო აკადემიები. ცალკე თემაა ის, თუ როგორ მინდვრებზე უწევთ თამაში ნორჩ ფეხბურთელებს.

წავიდა ის დრო, როცა ფეხბურთელი სილასა და ქვა-ღორღზე იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს, გვინდა თუ არა, დღეს ყველა ბავშვი ინტერნეტზეა მიჯაჭვული და ისინი ნათლად ხედავენ, რა ვითარებაში ვარჯიშობენ საზღვარგარეთ მათი თანატოლები.

თბილისში არის მეტ-ნაკლები პირობები, რეგიონებში კი... არ მინდა, რამე გამომრჩეს, მაგრამ რაც თავში მომდის, ახლა მხოლოდ ზუგდიდი და ზესტაფონია. სადაც მოზარდებს კარგ პირობებში უწევთ ვარჯიში. თუ რომელიმე ქალაქი გამომრჩა, ბოდიშს მოვიხდი და მხოლოდ გავიხარებ.

ამიტომაა, ყველა რომ თბილისში გარბის. ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა და ამაზე გაკვრით უკვე დავწერეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მცირე წერილში (თემის აქტუალურობასთან შედარებით) სრულად ვერ მოვიცავით პრობლემათა სპექტრი, მაგრამ მათ გარკვეულ ნაწილს მაინც შევეხეთ. ფაქტია, ქართული ფეხბურთის თითქმის ყველა სეგმენტში ევოლუციის კი არა, რევოლუციის დროა.

და კიდევ ერთი: ზოგადად, დრო ქართული ფეხბურთის საწინააღმდეგოდ მუშაობს. დაყოვნება აღარ შეიძლება!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
გაიხარეთ ბატონო ალეკო ასეთი სტატიისთვის. მართლაც აღარ შეიძლება დაყოვნება და მემგონი ახლა მაინც დადგა ის დრო (მითუმეტეს ბოლოდროინდელი შედეგებიდან), რომ ბავშვთა ფეხბურთს მიექცეს დიდი ყურადღება და მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდეს და გაიხსნას საფეხბურთო აკადემიები, სადაც იმუშავებენ კვალიფიციური და პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებისთვისაც მიზანი ინდივიდები იქნებიან და გაზრდიან ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც მომზადებულ ფეხბურთელებს. მხოლოდ ასე გადარჩება ქართული ფეხბურთი.
შოთა
20 ივლისი 2017 09:31
0
კობიაშვილი არაფერს აკეთებს,ვერც ბავშვთა მწვრთნელებს მიხედა და ვერც ვერაფერს.ფედერაციაში ხომ იღებს ათიათასობით ხელფასს, ეხლა პარლამენტშიც აცდენს ადგილს და იქაც იღებს დიიიდ ხელფასს,ფეხბურთი კი გვიკვდება...
status quo
19 ივლისი 2017 22:40
0
მწვრთნელები არ გვივარგა ბავშვთა ფეხბურთში, კარგი მწვრთნელი თითზე ჩამოსათვლელია. ნაცნობობა და ფეხებზემკიდიაობა ღუპავს ყველაფერს, პროფესიონალიზმის დონე პლინტუსზე დაბალი
დათო
19 ივლისი 2017 21:21
0
ყველა სამხარეო ადმინისტრაციას უნდა ჰყავდეს ერთი გუნდი უმაღლეს ლიგაში,დანარჩენი გუნდები კი შედეგების მიხედვით!მაგალითად მცხეთა-მთიანეთს,ერთი.გურიას-ერთი და ასე შემდეგ!
ავოიეეე
19 ივლისი 2017 17:30
0
დიდი ფეხბურთელები საათობით მიდიოდნენ მშივრები სავარჯიშოდ და ხშირად დარჩენილან გასახდელებში უფულობის გამო!ჩვენთან გამაძღარ მამას გამაძღარი შვილი მიჰყავს სავარჯიშოდ(სირბილში რომ კარგად მოინელოს)და შედეგს ელოდება!შედეგი არანაირია,გარდა სახლის ტუალეტში დაჯენისა!
კაკო
19 ივლისი 2017 17:22
0
მაგარი ბავშვი ყოველთვის ყურადღების ქვეშ ჰყავთ მწვრთნელებს და ავიწყდებატ,რომ მას კარგი ვარჯიში და ტაქტიკის სწავლა სჭირდება!ისინი მხოლოდ მის გაყიდვაზე ფიქრობენ,ამაში კი უეფა ეღობება თავისი უაზრო,მექრთამე კანონებით.მწვრთნელი ამით სარგებლობს და თავის თავზე იღებს ყველაფერს,ათამაშებინებს ნაკრებში გარკვეულ თამაშებს და მერე ხსნილია მამლუქისთვის და მისი აღასთვის გზა!"გაყიდე და იბატონე" ასრულდება,ითამაშებს რამე ჭ კლასის გუნდში.გამოსავალი? ყველაფერი ფედერაციაში ერთიანად უნდა ამოტრიალდეს ან ყველა ფეხბურთელს ხორვატების "დაავადება"(მამულის სიყვარული) უნდა შეეყაროს!
daTvi
19 ივლისი 2017 17:07
0
ამასწინათ დავწერე არ გამომიქვეყნეს ახლაც ვამბობ ბათუმის დინამოს ბავშვთა მეკარეების მწვრთნელი არაპროფესიონალია პირადად ვიცნობ, მე მის პიროვნებაზე არ მაქვს საუბარი მაგალითი მომყავს რომ ასეთები გვიფუჭებენ საქმეს
სიმართლე
19 ივლისი 2017 16:45
0
ფეხბურთელი,მშობელი და მწვრთნელი! ეს სამეული აფუჭებს ბავშვს მაშინ,როცა მას ეზიზღება ფეხბურთი და მარტო ამხანაგების გულისთვის დადის ვარჯიშებზე.ყველა მშობელს უნდა კარგი ფახბურთელი დადგეს მისი შვილი და კარგ გუნდში ითამაშოს,მაგრამ ამ დროს ასპარეზზე გამოდის ფედერაციის ჩინოვნიკი მომავალიც იკარგება!
brrrrr
19 ივლისი 2017 16:42
0
დიახ სწორედაც რომ რევოლუციის დროა და ეს სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კობიაშვილმა. ასე გაგრძელება შეუძლებელია. სასწრაფოდ უნდა მოშორდნენ ის საბავშვო მწვრთნელები ვინც ამახინჯებს ნორჩ ფეხბურთელებს ყველანაირად. პ.ს. ისე რა გახდა რომ გუჯა კახაძეს, მის გამოცდილებას და მეთოდს მეტი ყურადღება მიექცეს. მაინც უფსკრულში ვართ და უარესი რა მოხდება? მე შინაგანად მჯერავს რომ გუჯა სერიოზულ შედეგს დადებს. გაიტესტოს მისი მეთოდი
რიგითი გულშემატკივარი
19 ივლისი 2017 16:33
0
10 სტადიონი დაანგრიეთ და სადღა უნდა ითამაშონ ფეხბურთი? ბაქოში და ყველგან აშენებენ საფეხბურთო სტადიონებს და აქ ანგრევენ და კორპუსებს დგამენ და კიდევ კითხულობთ რატომ ვერ ვთამაშობთ? ვერც ვითამაშებთ ამაზე მეტს ვერასდროს თუ ბევრი სკოლა არ გაიხსნა,მიხვდეს იქნებ ფედერაციაც და მთევრობაც რომელთაც ფებურთი კი არა ქვეყანაც მიგდებული ჰყავთ უყურადღებოდ და უცხოელების საჯიჯგნად
giga
19 ივლისი 2017 16:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული