ყველა თანხმდება ერთზე: ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები ჩამორჩნენ ევროპულ რიტმს, დიდწილად იმის ბრალია, რაც ბავშვთა ფეხბურთში ხდება...
...იქ რომ ყველაფერი წესრიგში არ არის, ფაქტია. მოვიყვანთ მხოლოდ ერთ მაგალითს: ჩვენი კლუბებისა თუ ნაკრებების მწვრთნელებს ისეთ ელემენტარულ ნიუანსებზე უწევთ ყურადღების გამახვილება, ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული ბევრი მწვრთნელი, წესით, სირცხვილით უნდა იწვოდეს...
რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ფეხბურთში ბოლომდე ჩახედული, მართლაც კვალიფიციური ბავშვთა მწვრთნელები, მაგრამ მათი რაოდენობა, სამწუხაროდ,
ახლა ჩვენთან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ იმ დაფინანსების სოლიდური ნაწილი, რომელსაც ახლა ქართული კლუბები სახელმწიფოსაგან იღებენ, ბავშვთა ფეხბურთისკენ უნდა წავიდეს. ამ თემას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი წინ წამოვწევთ ორ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ბავშვთა ფეხბურთის პირდაპირ დაფინანსებას თუ საქართველოში უფასო საფეხბურთო აკადემიების გახსნას.
პირველ რიგში, უნდა მოხდეს ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული აბსოლუტურად ყველა მწვრთნელის შემოწმება. ეს ძალიან შრომატევადი, მაგრამ საშური საქმეა. ამის გარეშე წყალში იქნება გადაყრილი ის ფული, რომელიც უნდა მიიმართოს ფეხბურთის ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი სეგმენტისკენ.
საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბავშვთა ფეხბურთში დღეს ბევრი ისეთი "სპეციალისტი" საქმიანობს, რომლის სამწვრთნელო განათლების დონე ნულს ძლივს, ან საერთოდ ვერ სცდება. ამას თან სდევს მახინჯი საბჭოური გადმონაშთები, რაც დღეს ისევ მტკიცედაა ფესვგადგმული ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში. მაქსიმალური კარტ-ბლანში უნდა მივცეთ ახალგაზრდა, სწავლაზე, ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ პროგრესირებად კადრებს.
აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოში არსებული ყველა საბავშვო სკოლის რევიზია. აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ფორმალურ შემოწმებას. ის სკოლა, რომელიც ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს, აუცილებლად უნდა დაიხუროს.
რა თქმა უნდა, გულისწყვეტა იქნება, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთი ისეთ დღეშია, ფედერაცია ყველას კოჭს ნამდვილად ვერ გაუგორებს.
მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ბავშვთა ფეხბურთისკენ სოლიდური ფინანსების მიმართვას.
მოდით, შევთანხმდეთ: საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს, ბავშვთა ფეხბურთი უნდა გახდეს გაცილებით შეღავათიანი, ვიდრე დღეს არის. კარგი იქნებოდა, ის სულაც უფასო ყოფილიყო, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია და დიდ დაფინანსებას მოითხოვს. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ამას არაფერი აჯობებს.
დღეს ძალიან ბევრი მწვრთნელი ხარისხზე კი არა, რაოდენობაზე ფიქრობს. მისი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ბავშვი ჰყავდეს გუნდში და, შესაბამისად, მეტი თანხა აიღოს ბავშვის მშობლებისაგან თვის ბოლოს. რა თქმა უნდა, ფული ყველას სჭირდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვის მომავალი იღუპება.
მწვრთნელს რაც შეიძლება მეტი ბავშვი სჭირდება გუნდში, რათა თვის ბოლოს კმაყოფილი დარჩეს. ის კარგად ატყობს, რომ მოზარდისგან ფეხბურთელი არ დადგება, მაგრამ ამას არც მას უმხელს და არც მის მშობელს.
შესაბამისად, მშობელიც და ბავშვიც ბოლომდე იმედიანად არიან. ამ დროს მოზარდი ორ კურდღელს დასდევს. ფეხბურთი და სწავლა ძალიან ხშირად ერთად არ გამოდის, საქართველოში - მაინც. ბავშვი წიგნს აგდებს და ბურთს ირჩევს. მერე მისგან ან საერთოდ არ გამოდის ფეხბურთელი, ან - ძალიან დაბალი დონის. ის იძულებელია, ცხოვრების საუკეთესო წლები ან საერთოდ უსამსახუროდ გაატაროს, ან სადმე დაბალი დონის გუნდში სდიოს ბურთს თვეში 200-300 ლარად.
მეორეც: ძალიან ბევრი მწვრთნელისგან გამიგონია, რომ მათ მშობლები უხდიან ფულს და ისინი, უნდათ თუ არა, პასუხს აგებენ შედეგზე. რაზეა ლაპარაკი, როცა შედეგს სთხოვ ბავშვს იმ ასაკში, როცა მან ფეხბურთი მხოლოდ სიამოვნებისთვის უნდა ითამაშოს. მას ხომ საფეხბურთო ცხოვრებაში აღარასოდეს დაუბრუნდება ეს პერიოდი...
როდესაც მწვრთნელს ექნება ფიქსირებული ხელფასი, ის აღარ დააყენებს რაოდენობას ხარისხზე წინ. ჩვენს არაერთ საფეხბურთო სკოლაში სწორედ ასეა, მაგრამ ეს საქმეს ნაკლებად შველის. ბევრი მწვრთნელი, განსაკუთრებით რეგიონებში, ჯერაც ბავშვების ოჯახების მიერ გადახდილი თანხით არსებობს.
თუ თბილისში ბავშვთა ფეხბურთი მეტნაკლებად მოექცა რაღაც მისაღებ ჩარჩოებში, რეგიონებში ამ მხრივ პრაქტიკულად სრული კატასტროფაა. რაზეა ლაპარაკი, როცა თითქმის არ არსებობს საფეხბურთო აკადემიები. ცალკე თემაა ის, თუ როგორ მინდვრებზე უწევთ თამაში ნორჩ ფეხბურთელებს.
წავიდა ის დრო, როცა ფეხბურთელი სილასა და ქვა-ღორღზე იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს, გვინდა თუ არა, დღეს ყველა ბავშვი ინტერნეტზეა მიჯაჭვული და ისინი ნათლად ხედავენ, რა ვითარებაში ვარჯიშობენ საზღვარგარეთ მათი თანატოლები.
თბილისში არის მეტ-ნაკლები პირობები, რეგიონებში კი... არ მინდა, რამე გამომრჩეს, მაგრამ რაც თავში მომდის, ახლა მხოლოდ ზუგდიდი და ზესტაფონია. სადაც მოზარდებს კარგ პირობებში უწევთ ვარჯიში. თუ რომელიმე ქალაქი გამომრჩა, ბოდიშს მოვიხდი და მხოლოდ გავიხარებ.
ამიტომაა, ყველა რომ თბილისში გარბის. ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა და ამაზე გაკვრით უკვე დავწერეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მცირე წერილში (თემის აქტუალურობასთან შედარებით) სრულად ვერ მოვიცავით პრობლემათა სპექტრი, მაგრამ მათ გარკვეულ ნაწილს მაინც შევეხეთ. ფაქტია, ქართული ფეხბურთის თითქმის ყველა სეგმენტში ევოლუციის კი არა, რევოლუციის დროა.
და კიდევ ერთი: ზოგადად, დრო ქართული ფეხბურთის საწინააღმდეგოდ მუშაობს. დაყოვნება აღარ შეიძლება!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"