ბერიკა შუკაკიძე: სადაც ახლა ვართ, იქ ვიქნებით ოთხი წლის შემდეგაც, როცა ეს პროგრამა დასრულდება

AutoSharing Option
დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ბევრი ერიდება ბოლომდე სიმართლის თქმას. ვფიქრობთ, ეს ინტერვიუ-მონოლოგი გამონაკლისი იქნება. ცნობილია - ნახევრად ნათქვამ სიმართლეს ყველა დროსა და ეპოქაში ჩალის ფასი ჰქონია და აქვს.

რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ იმ პიროვნების ნააზრევი, რომელსაც დღეს გაეცნობით, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ფაქტია - საჩხერის "ჩიხურას" აღმასრულებელმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ბოლომდე გაგვიზიარა თავისი ხედვა და არც ჯანსაღ კრიტიკას მორიდებია...

ალტახი სოფლის გუნდია, მაგრამ...
- ბევრი შენიშვნა ისმის საკლუბო მმართველობაზე და მათ ნაწილს ვიზიარებთ. მეც მაქვს ჩემი სათქმელი და მინდა, გულწრფელად ვთქვა.
ჯერ ერთი, საქართველოს ჩემპიონატს უნდა ატარებდეს არა ფეხბურთის ფედერაცია, არამედ პროფლიგა. მეორეც, დღეს ჩვენს ფეხბურთში ძალიან ბევრი არაპროფესიონალია. კლუბის პრეზიდენტი ან რომელიმე ხელმძღვანელი ტაქტიკურ სქემებზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, იქ უკვე დამთავრებულია საქმე...

ჩვენ ევროთასებზე შევხვდით "ალტახს". წავაგეთ და ეს სამწუხაროა. ვინუგეშებ თავს მხოლოდ იმით, რომ რაც "ჩიხურა" ევროთასებზე თამაშობს, არც თავი შეურცხვენია და არც - საქართველოს სახელი. ჩვენ არაფერში ჩამოვრჩით მოწინააღმდეგეს. უბრალოდ, მათ მეტად გაუმართლათ ორრაუნდიან დაპირისპირებაში...

ჩვენი ფეხბურთელები ავსტრიელმა გულშემატკივრებმა ტაშით გააცილეს. ერთ-ერთმა მაისურიც კი სთხოვა შოთა კაშიას. ჩვენ არ ვართ შორს "ალტახის" დონის გუნდებისგან, მაგრამ გულშემატკივარი მიჩვეულია დიდ გამარჯვებებს. მას ახსოვს ძველი "დინამო", ძველი "ტორპედო" და ამიტომაც არის მომთხოვნი. ეს ბუნებრივია.

პირდაპირი მნიშვნელობით, "ალტახი" სოფლის გუნდია, მაგრამ მისი ბიუჯეტი 8.5 მილიონი ევროა. კლუბს აქვს ოთხი ბუნებრივი და ოთხი ხელოვნური მოედანი. ჩვენ მეზობელ სოფელში ვცხოვრობდით და იქ ოთხი ბუნებრივი მინდორია. სოფელს ვერ ნახავთ ავსტრიაში, რომ ოთხი ბუნებრივი მინდორი არ იყოს...

ჩვენ ერთ სტადიონზე ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ. მსაჯს, მგონი, დასტვენის ეშინია, ინდაური რომ არ შემოვიდეს... რაღა შორს წავიდეთ, თავად მაქვს ნანახი, როგორ ვარჯიშობდა "სამტრედია" 35-ე სკოლის სტადიონზე. მერე ჩვენ ვითხოვთ ამ კლუბისგან, რომ 30-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე "ყარაბაღი" გააგდოს ევროპიდან. სასწაულები ფეხბურთში იშვიათად ხდება...

თუ გნებავთ, ერთად ჩავიდეთ ქუთაისში და ვნახოთ, რა ხდება ქალაქში, რომელიც ერთდროულადაა ქართული ფეხბურთის მექაც და მედინაც. პირდაპირ გეუბნებით - იქ მიწაზე ვარჯიშობენ ბავშვები!

არც ფონდს ვერჩი და არც ვინმეს - პიროვნულად. უბრალოდ, უნდა მოხდეს მწვრთნელების მომზადება, ადამიანური რესურსის მომზადება, მისი მაქსიმალური გამოყენება, თორემ პირდაპირ მითქვამს ქართული სპორტისა და ფეხბურთის ხელმძღვანელებისთვის - სადაც ახლა ვართ, იქ ვიქნებით ოთხი წლის შემდეგაც, როცა ეს პროგრამა დასრულდება.

370 მილიონს კი არა, 37 ლარს არ დახარჯავს ისე გონიერი კაცი...
- წლინახევრის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასე აღარ შეიძლება, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. 370 მილიონს კი არა, 37 ლარს არ დახარჯავს ისე გონიერი კაცი, თუ პატარა კვლევა არ ჩაატარა. ჩვენ კი ისე დავიწყეთ ეს საქმე, არც ვიცით, სად არის ქართული ფეხბურთი, სად გვინდა მივიდეთ და როგორ უნდა მივიდეთ. არ ვიცით, როგორ ფეხბურთზე უნდა გავაკეთოთ ორიენტაცია...

ამას წინათ, ჰოლანდიელებს ვესაუბრე. მითხრეს, ჩვენ ვერ გავეჯიბრებით გერმანელებს ათლეტურობაში და ზუსტად ვიცით, რა კოზირი უნდა გამოვიყენოთ - ესაა ბურთის კონტროლიო. აგერ, ჩვენი მაგალითი ავიღოთ. "ალტახის" თითოეულ ფეხბურთელს სარდალიშვილისხელა ფეხი ჰქონდა მარტო, მაგრამ ატყუებდა ეს ჩვენი სამ-ოთხ კაცს უპრობლემოდ, ვერ წაართვეს ბურთი...

ძალიან მნიშვნელოვანია, რა გვინდა ამ პროგრამისგან. რა იქნება წარმატება - ვთქვათ, ერთი გუნდი რომ მაინც მოხვდეს ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგაში, თუ რამე სხვა შედეგი. ეს განსაზღვრული ხომ უნდა იყოს?

ამბობენ, პროგრამა რომ მორჩება, ძლიერი ჩემპიონატი გვექნებაო. რას ნიშნავს "ძლიერი"? ყველაფერი ხომ შეფარდებითია? შეიძლება მე ძლიერი ბიჭი ვარ, ვვარჯიშობ ყოველდღე, მაგრამ ტაისონს რომ ვეჩხუბო, მომკლავს, ისე გამლახავს. უნდა ვიცოდეთ, ზუსტად რას ველოდებით.

ამბობენ, 80 გუნდი გვეყოლებაო. მე არც ერთ პროფესიას შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ისევ ჩემი თავით დავიწყებ. მე და ტაქსის მძღოლი რომ ფეხბურთს ვითამაშებთ გასართობად, ეს ფეხბურთი იქნება? ზოგი იტყვის, იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზისო, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა ბოლომდე: რატომ გვეძლევა მე და "ტორპედოს" ერთნაირად ფული? მე პატარა საჩხერე ვარ და ის ამხელა საფეხბურთო ქალაქია.

დიპლომები კი მაქვს ბლომად და რაღაც მესმის კვლევასა და სტატისტიკაში. არ მინდა თეთრი, ისე მოვძებნი კვლევის უცხოელ სპეციალისტს, მეც დავეხმარები უფასოდ. არ მინდა სამსახური და თანამდებობა, ოღონდ რამე გვეშველოს.

კახეთში ერთი გუნდია, მთელ რეგიონში მეტს ვერ იპოვით. გურიაში სულს ღაფავს ფეხბურთი, სამცხე- ჯავახეთშიც... რა იცი, იქნებ მომავალი მესია იქ და იკარგება? ის დალოცვილი მესი ერთი იყო და შეიძლება კიდევ არის იქ, სადმე...

რა თქმა უნდა, კლუბმა ბევრ რამეს უნდა მიხედოს და ჩვენც ცდა არ დაგვიკლია. უბრალოდ, ევროთასების წინ ვინმეს დაერეკა და მოვეკითხეთ - თქვე კაი ხალხო, ცოცხლები ხომ ხართ, ხომ კარგად ხართო?!. არავის მოვუკითხავართ საერთოდ...

ჩვენში ასეა: კაცი თუ შენი მეგობარია, არ უნდა გააკრიტიკო. პირიქით, მე ჯანსაღი კრიტიკის მომხრე ვარ ყოველთვის! ეს კრიტიკა ადრესატს უკეთესს ხდის. მეც ვიღებ ძალიან დიდ ნაწილს იმ კრიტიკისა, რომელიც მოდის გულშემატკივრის მხრიდან.

ოთხი წლის მერე ხალხი ერთად მოგვთხოვს...
- პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს. საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით დუბაიში რომ წავიდა, მერე იმ ნაკრებიდან თითქმის არავინ მოხვდა მთავარ გუნდში. მგონი, ვლადიმირ ვაისს საქართველოშიც შეეძლო კანდიდატებზე დაკვირვება. არ ჯობდა, იმ ფულით 2-3 სტადიონი გაგვეკეთებინა?

ავსტრიელებს ძალიან გაუკვირდათ, რომ ვუთხარი, პლუს-მინუს 900 ათასი ევრო გვაქვს ბიუჯეტი-მეთქი. ძლიერი ლეგიონერის ჩამოყვანა ვის არ უნდა, მაგრამ მხოლოდ ფულში არ არის საქმე. ჩამოვიყვან, მაგრამ რა ვუთხრა - რომ ჩემს სტადიონზე შეიძლება ინდაური ან ქათამი შემოვარდეს, როცა მსაჯი დასტვენს? რომ ჩვენი გასახდელების უმრავლესობაში შესვლა არ შეიძლება? რომ ჩვენი ბევრი სტადიონი ბეტონია და იქ შეიძლება ფეხი მოიმტვრიოს? მე არაფერი რომ არ ვუთხრა, თვითონ ხომ მიხვდება?

ოთხი წლის მერე ხალხი ყველას ერთად მოგვკითხავს. სულ ვკითხულობ საიტებზე კომენტარებს. რად უნდა ამას დიდი მათემატიკა, რომ 70 უკმაყოფილო კომენტარის უკან 700 უკმაყოფილო კაცი დგას?!

გამოვდივარ ინიციატივით - შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რომელიმე ვიცე-პრეზიდენტი, ჩვენი სასიქადულო ვეტერანი ფეხბურთელები, მწვრთნელები გაიოზ დარსაძის ხელმძღვანელობით, აქტიური გულშემატკივრები, კლუბების ხელმძღვანელები და ჟურნალისტები. გადავდოთ ერთი კვირა. შემოვიაროთ საქართველოს ყველა ქალაქი. შევხვდეთ ხალხს, ვისაც ბევრი ახსოვს და ძალიან სტკივა ქართული ფეხბურთი. მათგან მოვისმენთ სრულ სიმართლეს და ის მაინც გვეცოდინება, სად ვართ.

კაპიკი ფული არ მინდა, ჩემი მანქანით ვივლი და სასტუმროს ნომერსაც მე ავიღებ. თუ თქვენც ჩვენთან ერთად იქნებით და გვერდში დამიდგებით, ამას რა აჯობებს?!.

დეფიციტი, როგორც ასეთი...
- რად უნდა ლაპარაკი, რომ ჩვენთან ფიზმომზადების მწვრთნელების დეფიციტია, მეკარეების მწვრთნელების დეფიციტია, ანალიტიკოსების დეფიციტია, სპორტული დირექტორების დეფიციტია...

სპორტული დირექტორი დღეს ხშირად მწვრთნელზე მაგარია, მთელ საკლუბო პოლიტიკას წარმართავს...

ამდენი ხანია, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი ვერ აშენდა. მაინცდამაინც გიგანტური სტადიონი არ უნდა ბათუმს. საბჭოთა მეორე ლიგაში რომ ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდათ, მაშინაც არ დადიოდა 8 ათას კაცზე მეტი და ახლაც არ მივა 20 ათასი. ბათუმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტადიონი. ქუთაისი სხვა ამბავია. ათი ქალაქი მაინცაა იმერეთში ისეთი, საიდანაც "ტორპედოს" მატჩების სანახავად ქუთაისში ჩავა ხალხი.

საწყენია, "ზესტაფონი" გამქრალი რომაა ქართული საფეხბურთო რუკიდან. ილია კოკაიას მსგავსი ადამიანი ხელიდან როგორ უნდა გაუშვა?! კაცი მზადაა, ფული ჩადოს დღესაც კი, საუბარია საკუთარ ფულზე. შენ რომ ხელმძღვანელობა ხარ, არ გაქვს ასეთი კაცის დაკარგვის უფლება. ისე უნდა მოაწყო საქმე, რომ ის ქართულ ფეხბურთს გამოადგეს. არადა, თავის დროზე "ზესტაფონი" ჩემთვის ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო. ხშირად მიფიქრია, ამათთან არ მათამაშა და ვისაც გინდა, იმას ვეთამაშები-მეთქი. გადაჭედილი იყო სულ სტადიონი, საფეხბურთო ქალაქი გახდა ზესტაფონი...

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ხომ ჩვენი ფულით ფინანსდება? ქართულ ფეხბურთს დღეს ასე უჭირს და რა იქნება, ერთი გადაცემა მაინც რომ გაკეთდეს, რომელიც კონკრეტულად ქართული ფეხბურთის პრობლემებს მიეძღვნება?!

პრიორიტეტი მაინც თასია
- გეთანხმებით, პირადად მეც მეტ სტაბილურობას ვისურვებდი "ჩიხურას" თამაშში. ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა აღმავლობით ჩავატარეთ და გაჩნდა შეგრძნება, რომ გუნდმა დაიბრუნა სტაბილურობა. ამას მოჰყვა მარცხი სამტრედიაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალია. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ სამტრედიაში ასეთ მსაჯობას უკვე ყველა მივეჩვიეთ. ამით არანაირად არ ვაკნინებ ჩვენი მეტოქის ფეხბურთელებისა და მწვრთნელის დამსახურებას.

რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. და მაინც, შემიძლია ვთქვა, რომ სადღეისო ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოს თასის გათამაშება. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში ბოლომდე არ ვიბრძოლებთ...

კრება ჩავატარეთ და პირდაპირ ვუთხარი ყველას, რომ მათი მომავალი კონტრაქტების ამბავი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმ შედეგზე, რაც საქართველოს ჩემპიონატში გვექნება.

ბრაზილიელების მოლოდინში
- "ჩიხურას" ნამდვილად სჭირდება ახალი სისხლი. თუნდაც ბოლო მატჩები რომ ავიღოთ, რამდენიმე ფეხბურთელს არ ჰქონდა ისეთი სისწრაფეები, როგორიც უნდა ჰქონდეს. ჩვენ დავიმატეთ მესხი, რომელიც თამაშობდა თბილისის "დინამოში". ასევე დავაწინაურეთ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი და ეს პროცესი გრძელდება...

ვაპირებთ ლეგიონერების დამატებას. ეს უკვე მომავალი, თურქული შეკრებისთვის. გვინდა, ბრაზილიელი ფეხბურთელები გავსინჯოთ. არის ასეთი საინტერესო ადამიანი - ბორის კუნევი. ის თბილისშია გაზრდილი. საქართველოში "ინსტატის" პროგრამა სწორედ მან შემოიტანა. სხვათა შორის, უკვე კარგა ხანია, ჩვენ "ინსტატით" ვსარგებლობთ... ჩამოსული რომ იყო, შევხვდით. მას დიდი კავშირები აქვს იქაურ გუნდებთან.

თურქულ შეკრებაზე დავაკვირდებით რამდენიმე ფეხბურთელს ბრაზილიის სერია A-ს კლუბებიდან. აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი არ იქნებიან ბრაზილიური გრანდების ფეხბურთელები, მაგრამ იქაური უმაღლესი ლიგის საშუალო გუნდის ფეხბურთელი ჩვენთვის გამოსადეგი კადრი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
ძალიან საინტერესო მსჯელობაა, იმედია ფედერაცია და სპორტის სამინისტრო მოუსმენს და რაღაცას მაინც შეცვლის, მინიმუმ დაარეგულირებს ფონდის მიერ გაცემული თანხების ხარჯვას და თანხების განვითარებისკენ მიმართვას.

მეტი ბერიკა შუკაკიძე ქართულ ფეხბურთში!
koka
17:03 02-08-2017
2
ძლივს მოვისმინე უმარტივესი ჭეშმარიტება რომლის გარეშეც 21-ე საუკუნეში აღარაფერი კეთდება - კვლევა (თუმცა საუკუნეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ძველებს უთქვამთ 100-ჯერ გაზომე და მერე გაჭერიო), კვლევის შედეგებზე დაფუძნებული ყოველწლიური სამიზნეები (ტარგეტები) და მიღწეული მიზნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება. ასე ურაზე მიშვება არ შეიძლება არაფრის...
Irakli apkhaidze
16:17 02-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული