პრობლემა: ალიევის, "ყარაბაღის" დოლარებისა და ჩამორჩენის ფონზე...

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრილი ნებისმიერი გუნდი უეფასგან ავტომატურად 12.7 მილიონ ევროს მიიღებს. ამით კიდვე უფრო გამდიდრდება ფინანსურად ისედაც ღონიერი აღდამის "ყარაბაღი", რომელმაც დანიის სუპერლიგის პირველადგილოსანი "კოპენჰაგენი" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან ჩამოიშორა და ჯგუფში მოხვდა...

...მაგრამ აზერბაიჯანის ჩემპიონის (რომელმაც შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" დაამარცხა - 5:1, 1:0) შემოსავლები ამით არ ამოიწურება: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილ აღდამელებს მიღწევა თვით ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაუფასა და კლუბის ბიუჯეტში 1.2 მილიონი დოლარი გადარიცხა.

აზერბაიჯანულ გუნდს ამ პრესტიჟული გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე
არასოდეს უთამაშია და ალიევმაც ეს განკარგულება სწორედ ისტორიული შედეგის გამო გამოსცა. აზერბაიჯანის ხელმძღვანელის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ "ყარაბაღს" 2 მილიონი მანათი (დაახლოებით, 1.2 მილიონი დოლარი) პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაერიცხა.

ამგვარად, ჯგუფში შესვლითა და პრეზიდენტის საჩუქრის შემდეგ კლუბის ბიუჯეტი 13.9 მილიონით გაიზარდა. არსებული ცნობების მიხედვით, "ყარაბაღის" ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარი იყო და ახლა 43.9 მილიონი დოლარი გახდება. ამის გარეშეც აზერბაიჯანის ჩემპიონის ბიუჯეტი სოლიდურად გამოიყურებოდა და ბევრ ევროპულ კლუბსაც შეშურდებოდა.
მაგალითად, ჰოლანდიის, ბელგიის, ავსტრიის, შვეიცარიის, დანიის, იმავე ესპანეთისა და პორტუგალიის ბევრი კლუბი ამხელა სახსრებით ვერ დაიკვეხნის. უკრაინის კლუბების შემოსავლებიც საგრძნობლად შემცირდა და ამხელა ბიუჯეტი ახლა დონეცკის "შახტარსა" და კიევის "დინამოს" თუ ექნებათ.

ჩვენთან კი რა ხდება? სახელმწიფო ფეხბურთის შესანახად წელიწადში 38 მილიონ ლარს ხარჯავს (დაახლოებით, 15.8 მილიონი დოლარი). ეს არის აუცილებელი, ამ სახეობამ არსებობა რომ არ შეწყვიტოს და სული ოდნავ მაინც მოითქვას. წარუმატებლობის გამო ბევრი მიიჩნევს, რომ ქართული ფეხბურთი ამის ღირსიც არ არის და ამხელა თანხა არ უნდა იხარჯებოდეს.

ამხელა ბიუჯეტის მქონე კლუბს მომავალ სეზონშიც რომ შევხვდეთ, ისეთივე წლევანდელი ამბავი გამეორდება. ამიტომ გვაქვს დიდი საფიქრალი - რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ჩამორჩენა შემცირდეს?

გამოსავალი რამდენიმეა. მაგალითად, საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ბიზნესმენებს ფეხბურთისკენ გაახედებს. მაგრამ მთავარი მაინც საფეხბურთო მეურნეობის რეფორმაა. მაგალითად, ეროვნული ლიგის კლუბების აუცილებელი გასხვისება, სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვესტიციები ბავშვთა ფეხბურთში... ანუ ლაპარაკია გრძელვადიან პროექტებზე.

ნავთობდოლარებთან გამკლავება წელში გამართული ფეხბურთით ადვილია. ამას ვერ მოახერხებს ის ქვეყანა, სადაც ევროსარბიელზე გასული 4 კლუბიდან 3 - საკუთარ მოედანზე ვერ თამაშობს, სადაც სტადიონებს ანგრევენ და ძლიერი საფეხბურთო სკოლები მხოლოდ დედაქალაქშია. "თავკომბალა" ფეხბურთის შედეგი წლევანდელ ევროსეზონში აშკარად გამოჩნდა.

სამწუხარო ისაა, რომ წლების განმავლობაში დინებას მივყვებოდით, პროცესების პროგნოზირება, დაგეგმვა და მიზანმიმართული შრომა კი ვერ შევძელით. ცხადია, ნავთობდოლარებისა და გამართული სისტემის მქონე ქვეყნებმა კიდევ უფრო გაგვასწრეს და დიდი ხანია ამ საფიქრალის წინაშე ვიმყოფებით - ისევ შევრცხვებით მომავალ ევროსეზონში?

დღემდე ქართული ფეხბურთი ღონიერ შევსებას რაიონებიდან იღებს: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება რომ დაიწყო, ვლადიმირ ვაისის 26-კაციან სიაში 11 თბილისელი არ არის: მეკარეები როინ კვასხვაძე და ნუკრი რევიშვილი ქუთაისელები არიან, უჩა ლობჟანიძე ლაგოდეხიდანაა, საბა კვირკველია და ჯიმი ტაბიძე სამტრედიიიდან, ნიკა კვეკვესკირი და ვაკო გვილია - ზუგდიდიდან, ჯანო ანანიძე - ქობულეთიდან, ვაკო ყაზაიშვილი - ოზურგეთიდან, გიორგი არაბიძე - ვანიდან, ხოლო გიორგი ქვილითაია - აბაშიდან.

მაგრამ მათი უმრავლესობა არა მშობლიურ რაიონებსა და გარემოში, არამედ, თბილისში იზრდებოდა, რადგან საკუთარ ქალაქში ნორმალური სავარჯიშო სტადიონი, სკოლა და პირობა არ ჰქონდა. ქართული ფეხბურთი ზღვისპირა ქალაქებიდან ყოველთვის გამორჩეულად მარაგდებოდა, მაგრამ დიდი ხანია, სანაკრებო სიაში აღარ არიან ბათუმელი და ფოთელი ფეხბურთელები. ცხადია, ეს ამ ქალაქების სირცხვილია, მაგრამ ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმსა და ფოთში სტადიონები არ არის და აღარც ძლიერი საფეხბურთო სკოლები აქვთ.

ბოლო პერიოდში რეგიონების ყველაზე ძლიერი საფეხბურთო სკოლები ზუგდიდის "ბაიამ", "ზესტაფონმა" და მარტვილის "მერანმა" დააფუძნეს. პირველში ვარჯიშობდნენ კვეკვესკირი, გვილია, ძალამიძე - ანუ სკოლამ რამდენიმე მოთამაშე მაინც გაზარდა, მაგრამ ბოლო წლებში ძველებურად ვეღარ მუშაობს. "ზესტაფონი" დღემდე მოქმედებს, მაგრამ მთავარი გუნდის გარეშე - უმარილო საჭმელს ჰგავს. რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გაზარდა "მერანმაც". მაგალითად, ლევან გეგეჭკორი ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.

ბოლო 10 წელიწადში პროფესიულ კლუბებზე გაცემული თანხის მეათედიც კი საფეხბურთო აკადემიებზე რომ დახარჯულიყო, სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ზოგან იხარჯება, მაგრამ მათი აღზრდილები ნაკრებში არავის უნახავს.

არადა, პირობების არქონის გამო, რაიონებში უამრავი ბავშვი იკარგება. მაგალითად, არის რაიონები, სადაც სტადიონები არ არის და ნიჭიერი ბავშვები მინი-მოედნებზე ვარჯიშითა და ტელევიზიით ვარსკვლავების ცქერით იკლავენ ჟინს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არაა რა ეგრე. ყველაფერი ფულით არ ისაზღვრება. უჯიგროდ თამაშობენ, ზოგი თავის წაგებაზე დებს ფულს. მარტო ფულზე თუა როგორ მოხვდა მარიბორი ლიგაზე??? 12 მილიონისნი ბიუჯეტით? როგორ ითამაშა ლუქსემბურგმა 0-0 საფრანგეთთან რომლის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 500 მლნ $ აღემატება???
Vakhtang Lobzhanidze
05 სექტემბერი 2017 04:26
2
სომხები უფრო მალე ისწავლიან კალათბურთს ვიდრე გურჯები ფეხბურთს. საბჭოეთის დროინდელი ყველაფერი და მათ შორი ფეხბურთიც ,ოკუპანტს" ეკუთვნოდა, რომ არა რუსული სისტემა რა ჩურბანებიც დღეს ხართ ის იქნებოდით მაშინაც. ვერანაირი დაფინანსება ვერ გიშველით. ქართველი როგორც ასეთი არის უვიცობის და ფსკერზე მხოხავის ეტალონი
ზურა
03 სექტემბერი 2017 23:10
12
პროგრამაა,გათვლის გარეშე სედგენილი,იმაზე გაწერილია კერძო გუნდებს მეტი ფული მიეღოთ და არა მომავალზე რომ ბავშვთა ფეხბურთი და ინფრასტრუქტურა მოეწყოთ.
gagi
03 სექტემბერი 2017 18:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული