ასევე 2 გუნდს გამოიყვანს მე-4, იტალიის ასოციაცია, რადგან ბოლო გათამაშების გამარჯვებული ესპანური "ინტერი" (დიახ, ესპანური) გახდა. ერთ ქვეყანას კი 2 გუნდზე მეტის გაყვანის უფლება არ ექნება
ძველებურად ჩატარდება წინასწარი, შესარჩევი და ელიტრაუნდები. 4 გუნდი მინი-ტურნირს ჩაატარებს. წინასწარ ეტაპზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდები მოხვდებიან, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით, ელიტრაუნდში გუნდებს წინასწარ აღარ დაუშვებენ - შესარჩევ ეტაპზე ელიტური კლუბებიც ითამაშებენ.
ჩვენი ჩემპიონი "სტუ-თელასი" ტურნირში 10 ოქტომბერს, შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთვება, ოღონდ ავთანდილ ასათიანის გუნდი უეფას თასზე "ჯორჯიანსის" სახელით გამოვა. მინი-ტურნირს სლოვაკეთი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან მასპინძელი "სლოვ მატიკი", ჰოლანდიური "კნოპუნტი" და პოლონური "რეკორდი".
ქართული გუნდის გრაფიკი ასეთია: 10 ოქტომბერი. ჯორჯიანსი-კნოპუნტი; 11 ოქტომბერი. ჯორჯიანსი-რეკორდი; 13 ოქტომბერი. ჯორჯიანსი-სლოვ მატიკი.
ჯორჯიანსის" მთავარი მწვრთნელი მომავალი თამაშების შესახებ გველაპარაკა.
"ურთულესი თამაშები გველის. ტურნირისთვის მზადება 1-ელ ოქტომბერს დავიწყეთ, რადგან მანამდე თვე-ნახევარი საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან პლეი-ოფის მატჩისთვის ვავარჯიშებდი. მთელი სულითა და გულით ამაზე ვიყავით გადართულები და ამას "თელასი" გაგებით ეკიდებოდა.
შესარჩევი თამაშებისთვის სერიოზულად ვემზადებით. მაქსიმუმს შევეცდებით, მაგრამ გარდა იმისა, რომ უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით, ახლა ელიტრაუნდში მხოლოდ ერთი გუნდი გადის. უეფამ ტურნირის ფორმატი შეცვალა და ახალი მოდელით შედარებით სუსტი ქვეყნები უმძიმეს მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. რა დასამალია, ეს ჩვენთვის მიუღებელი ფორმატია. წარმოიდგინეთ, ჯგუფში გვყავს პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონები.
რას ვიზამთ, ასე გადაწყვიტეს, ოღონდ ჩვენ უიმედოდ ნამდვილად არ ვართ. თუმცა დიდი მონდომება და ენერგია კი დამჭირდება, ბიჭები რუმინეთთან წაგების შემდეგ ფსიქოლოგიური სტრესიდან რომ გამოვიყვანო. ჩვენთან ნაკრების რამდენიმე მოთამაშეა - კობაიძე, კაკაბაძე, ნიყვაშვილი და კურტანიძე, ასევე, ორი მეკარე - ჯამბურია და ბუკია. ამას გარდა, რამდენიმე მოთამაშეც დავიმატეთ", - ამბობს ასათიანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"