ფუტსალის ლიგა: ოთხეულში კვლავ "გაურკვევლობაა"

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა.

XI ტურმა სტარტი 27 თებერვალს ქუთაისში აიღო, სადაც ადგილობრივმა "მართვემ" "აფხაზეთს" უმასპინძლა და მიმდინარე გათამაშებაში მეორედ დაამარცხა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ქუთათურთა გამარჯვებით - 6:4 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში "ორმაგი დუბლით - 2 გოლი, 2 პასი", ოთარ ბერეჩიკიძე გამოირჩა.

საინტერესოდ გაგრძელდა ტურის თბილისური ნაწილიც.
2 მარტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი "თბილისს" დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 5:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "სტუდენტებმა" სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტთან უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და პლეი-ოფისთვის ბრძოლაში რეალურ შანსებს ინარჩუნებენ.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

ამირან ასამბაძე, ბსუ: "ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. ანგარიშის სხვაობის მიუხედავად, გაგვიჭირდა მოგება. იყო შემთხვევა, როდესაც "თბილისს" ჰქონდა საშუალება, ანგარიში 2:1-დან გაეთანაბრებინა ჩვენთვის 6-მეტრიანი დარტყმით, თუმცა ჩვენი მეკარის, ირაკლი გორგოშაძის დამაჯერებელი თამაშის შედეგად მეტოქემ წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლო და უფრო მეტიც, უპირატესობის მოპოვება მოვახერხეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და მივუახლოვდით ოთხეულს. ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა და პლეი-ოფის თამაშია. წინ ძალიან რთული თამაშებია. იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევთ. წარმატებას ვუსურვებ მეტოქეს".

უხვგოლიანი, თუმცა უაღრესად დაძაბული გამოდგა ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი "აგორა" და ოთხეულში მყოფი "კოლხი-გულრიფში" დაუპირისპირდნენ. გარადამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა "კოლხების" გამარჯვებით, 6:4 დასრულდა. "აგორამ" კი მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო, თუმცა ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს. "შავიზღვისპირელებს" გოგლა ჭოხონელიძემ ულიდერა, რომელმაც სეზონის პირველი პირადი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ორი გატანილი გოლით, "აგორას" რიგებში ჯანო გიორგაია იყო საუკეთესო.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

დავით ბობოხიძე, "აგორა": "ველოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა. ჩემი აზრით, ცოტა მოვდუნდით მეორე ტაიმში, მიგვყავდა თამაში და ძალიან ვირწმუნეთ გამარჯვების. მოწინააღმდეგემ ორმაგად მოინდომა. დაუფასდათ, მივულოცავ. ჩვენი მხრივ კი, ვეცდებით, იგივე შეცდომები არ დავუშვათ. დაძაბულობა, რაც ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილშია, კანონზომიერია. ოთხივე თანაბარი დონის გუნდები ვართ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ ადგილას დაასრულებს რეგულარულ ჩემპიონატს, თუმცა პრესტიჟის საქმეა და ჩვენც ვეცდებით, ვიბრძოლოთ პირველობისთვის".

ამირან ცხომარია, "კოლხი": "აგორა" საკმაოდ ძლიერი გუნდია, რაზეც სატურნირო ცხრილის მდგომარეობაც მეტყველებს. დაძაბული თამაში იყო. პირველ ტაიმში არ წაგვივიდა თამაში ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში გამოვედით მობილიზებულები, მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენთვის ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებით ერთი ნაბიჯი გადავდგით პლეი-ოფისკენ".

ტურის დასკვნით შეხვედრაში, 3 მარტს, ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" და ვიცე-ჩემპიონი "ტატიშვილი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ტრადიციულად საინტერესოდ, თუმცა "მედიკოსების" უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 4:1 დასრულდა, რითიც პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის სრულყოფილი რევანშის აღებაც მოახერხეს.

საკუთარ გუნდს წარმატების მიღწევაში "დუბლით" დაეხმარა ვახტანგ კეკელია. "ტატიშვილმა" ამ მოგებით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ტრავმებით გადატვირთულ "ენერგეტიკოსებს", ისინი მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარს, ბსუ-ს 6 ქულით უსწრებენ.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

გიორგი სალაგავა, "ტატიშვილი": "რთული შეხვედრა იყო. მარტივი თამაში არცერთი არ არის, რაზეც სატურნირო ცხრილიც მეტყველებს. ქულა-ქულაში მიდის თამაში. კარგი გუნდია "თელასი". ჩვენი გამარჯვება განაპირობა პირველ ტაიმში ორი გოლის გატანამ. ღირსეული მეტოქე გვყავდა "თელასის" სახით. მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. გვქონდა შეცდომები დღევანდელ თამაშში, მაგრამ გამოსწორებადია და მათ აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ".

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა X ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, "აგორას" ირანელი მეკარე ალი ასლანი გახდა.

27.02.2018. ფუტსალის ლიგა. XI ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)
მართვე (ქუთ) - აფხაზეთი 6:4 (2:1)
გოლები: 05:35’ ხაჭაპურიძე (1:0), 10:35’ ს.ლომიძე (1:1), 17:46’ ბერეჩიკიძე (2:1), 23:25’ გოგსაძე (3:1), 23:49’ ი.მამაგულაშვილი (6მ. 3:2), 25:05’ გოგსაძე (4:2), 27:15’ ბერეჩიკიძე (5:2), 27:33’ ჯანიკაშვილი (5:3), 29:11’ გორგოძე (6:3), 37:12’ ს.ლომიძე (10მ. 6:4)
გაფრთხილება: 13:44’ ჭილაია (აფხ), 30:53’ მუმლაძე (აფხ)
გაძევება: 25:00’ ბუჯიაშვილი (აფხ)

02.03.2018. ფუტსალის ლიგა. XI ტური (ოლიმპიური სასახლე)
ბსუ (ბთ) - თბილისი 5:2 (2:1)
გოლები: 03:52’ გაბუნია (1:0), 13:07’ ასამბაძე (2:0), 16:14’ კუხალეიშვილი (2:1), 31:16’ ასამბაძე (3:1), 34:50’ ნინიძე (4:1), 38:42’ ნადარაია (5:1), 39:54’ თოლორდავა (5:2)
გაფრთხილება: 31:04’ გორგოშაძე (ბსუ), 38:57’ კვანტალიანი (თბი), 39:24’ ხინიკაძე (ბსუ)

აგორა - კოლხი-გულრიფში 4:6 (3:2)
გოლები: 00:59’ ბობოხიძე (1:0), 01:25’ ჰოსეინზადე (1:1), 10:29’ ჭოხონელიძე (1:2), 10:41’ სიგუნავა (2:2), 15:00’ გიორგაია (3:2), 27:09’ ჭოხონელიძე (3:3), 28:30’ ნაბათალიზადე (3:4), 29:00’ გიორგაია (4:4), 29:39’ ჰოსეინზადე (4:5), 39:19’ ჭოხონელიძე (4:6)
გაფრთხილება: 02:37’ ანდღულაძე (კოლ), 13:09’ ჰოსეინზადე (კოლ), 13:59’ დანელია (აგო), 17:30’ მოსთაფაი (კოლ), 35:19’ გიორგაია (აგო)

03.03.2018. ფუტსალის ლიგა. XI ტური (ოლიმპიური სასახლე)
სტუ-თელასი - ტატიშვილი 1:4 (0:2)
გოლები: 16:01’ სილაგავა (0:1), 16:18’ ჭუმბურიძე (ს.კ 0:2), 23:08’ კეკელია (0:3), 30:07’ გეგეშიძე (6მ. 1:3), 34:52’ კეკელია (1:4)

ბომბარდირები: გიგა დანელია (აგორა) – 15, ამირან ცხომარია (კოლხი), გიორგი სილაგავა (ტატიშვილი), ჰამედ ჰოსეინზადე (კოლხი) – 14, ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი) – 13

* * *

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული