სასტარტო დაპირისპირება 24 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "მართვემ" ბსუ-ს უმასპინძლა და მოულოდნელად 11:6 დაამარცხა.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ოთარ ბერეჩიკიძე, რომელიც თავის გუნდს სამი ქულის მოპოვებაში 5 გატანილი გოლით დაეხმარა. იმერელთა ათიანი 26 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.
27 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ტურის დარჩენილი შეხვედრები.
კვლავ მინიმალური სხვაობით გამარჯვება "იკმარა" "სტუ-თელასმა", რომელმაც გათამაშების აუტსაიდერი "აფხაზეთი" 4:3 დაამარცხა. ორივე გუნდის რიგებში ორ-ორი გატანილი გოლით გამოირჩნენ
მატჩისშემდგომი კომენტარი:
შოთა თოფურია, "თელასი": "კარგი თამაში იყო, ორივე გუნდმა იბრძოლა. პირველ ნახევარში ორი გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმშიც თავიდანვე უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა ბოლოს, როგორც ყოველთვის, მოვეშვით და ორი გოლი მივიღეთ. მომავალ შეხვედრაში "ტატიშვილთან" მსგავს შეცდომას აღარ გავიმეორებთ. ჩვენმა გუნდმა გაინაღდა პლეი-ოფში თამაში და მინდა ვთქვა, რომ თითოეული მეტოქე ძალიან ძლიერია. ვეცდებით, რომ ყველა გუნდთან ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. ორთვენახევრის შემდეგ დავუბრუნდი გუნდს ტრავმის შემდეგ და ჩემი თამაშით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ".
წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ იოლი გამარჯვება იზეიმა "კოლხი-გულრიფშმა", რომელმაც "თბილისს" სძლია 5:2. წარმატებული დებიუტი გამოუვიდა "კოლხის" კიდევ ერთ ირანელ ლეგიონერს, აბდულრაჰმან სარანს, რომელმაც თავი ორი გოლით და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მატჩისშემდგომი კომენტარი:
დიმიტრი ანდღულაძე, "კოლხი": "ანგარიშიდან გამომდინარე, უპირატესობას ვფლობდით. არ იყო დაძაბული თამაში და ვაკონტროლებდით სიტუაციას. ვემზადებით უკვე პლეი-ოფებისთვის. ახალი მწვრთნელი გვყავს და ჩვენთვის ყველა თამაში არის მოსამზადებელი ეტაპი. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რეგულარულ ჩემპიონატს რომელ ადგილას დავასრულებთ, მაგრამ პრესტიჟია".
ფუტსალის ლიგის XVII ტური მიმდინარე გათამაშების კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრით დასრულდა. ერთმანეთს სატურნირო ცხრილის I-II ადგილზე მყოფი "ტატიშვილი" და "აგორა" დაუპირისპირდნენ.
დაძაბული და სანახაობრივი დუელი ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში "აგორამ" პირველი ტაიმის დასრულებამდე 14 წამით ადრე გახსნა. ბრაზილიელი ბრუნო მელოს ბრწყინვალე პასის შემდეგ არანაკლებ ეფექტური გოლის გატანა ლაშა სიგუნავამ მოახერხა.
"ფინანსისტებს" შეხვედრაში წინ გასვლა 24-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა ლევან კობაიძემ 6-მეტრიანი ნიშნულიდან თორნიკე ბუკიას ვერ აჯობა. დაახლოებით რვა წუთში "აგორას" რვა ნომერმა მაინც მოახერხა გოლის გატანა და მან ირანელი მეკარის, ალი ასლანის შედეგიანი გადაცემის შემდეგ შეძლო თავის გამოჩენა.
ამ ყველაფერმა "მედიკოსები" არ გატეხა და ზუსტად 16 წამში ვახტანგ ჯვარაშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 37-ე წუთზე გიორგი სილაგავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა სიგუნავას დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მატჩის დასრულებამდე 29 წამით ადრე მან 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა.
მატჩისშემდგომი კომენტარი:
დავით ბობოხიძე, "აგორა": "სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დღეს მოგებას ვგეგმავდით. მოწინააღმდეგე ორი ქულით გვასწრებდა და მოგება გვჭირდებოდა. თამაში ჩვენ სასიკეთოდ მიდიოდა, თუმცა შემოგვიტრიალეს შეხვედრა მეორე ნახევრის დასწყისში. ბოლოს უკვე ნერვების თამაში იყო, 6-მეტრიანი და 10-მეტრიანი დარტყმები ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება ჩვენს გუნდში ბრაზილიელი ლეგიონერის, ბრუნო მელოს თამაშს, სამი ვარჯიშია შემოგვიერთდა. მნიშვნელოვანი შენაძენია, არ გაუჭირდა ადაპტირება".
გიორგი სილაგავა, "ტატიშვილი": "პირველ რიგში, მინდა გულშემატკივარს გადავუხადო მადლობა. ორმაგი ემოცია და ძალაა, როდესაც ამდენი გულშემატკივარი ესწრება თამაშს. ვიცოდით, რომ დაძაბული მატჩი იქნებოდა. ჩვენი გუნდისთვის ფრეც მისაღები შედეგი იყო და სწორედ ამაში იყო ჩვენი უპირატესობა. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ შევძელით მობილიზება. ვფიქრობ, რომ გუნდის მონდომება იმსახურებდა ერთ ქულას. ფრე ლოგიკური შედეგი იყო.
ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე adjarasport.com-მა XVI ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, "ტატიშვილის" ფეხბურთელი ვახტანგ ჯვარაშვილი გახდა.
27.04.2018. ფუტსალის ლიგა. XVII ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)
მართვე (ქუთ) - ბსუ (ბთ) 11:6 (6:4)
გოლები: 03:36’ გოგსაძე (1:0), 04:39’ ბერეჩიკიძე (2:0), 05:23’ ჯალაღანია (2:1), 06:58’ ჩოგოვაძე (3:1), 13:20’ ასამბაძე (3:2), 14:07’ ჭეიშვილი (4:2), 14:28’ ჩოგოვაძე (5:2), 15:12’ ნადარაია (5:3), 17:22’ ბერეჩიკიძე (6:3), 18:43’ ბროლაძე (6:4), 25:11’ ბერეჩიკიძე (7:4), 27:34’ ჩოგოვაძე (8:4), 27:49’ ჯალაღანია (8:5), 29:47’ ბერეჩიკიძე (9:5), 35:05’ ბერეჩიკიძე (10:5), 35:31’ ნადარაია (10:6), 36:28’ ჩოგოვაძე (11:6)
გაფრთხილება: 00:18’ გოგიძე (მარ), 39:29’ პარნიუკი (მარ)
27.04.2018. ფუტსალის ლიგა. XVII ტური (ოლიმპიური სასახლე)
სტუ-თელასი - აფხაზეთი 4:3 (1:0)
გოლები: 03:25’ ჭანუყვაძე (1:0), 21:00’ ჭანუყვაძე (2:0), 21:16’ სოზაშვილი (3:0), 22:21’ ს.ლომიძე (3:1), 36:36’ წვერავა (4:1), 39:25’ ბ.მამაგულაშვილი (4:2), 39:53’ ბ.მამაგულაშვილი (4:3)
გაძევება: 36:27’ ი.მამაგულაშვილი (აფხ)
კოლხი-გულრიფში - თბილისი 5:2 (3:1)
გოლები: 02:33’ ანდღულაძე (1:0), 12:00’ სარანი (2:0), 12:48’ ჭოხონელიძე (3:0), 15:14’ კვანტალიანი (3:1), 27:37’ სარანი (4:1), 35:54’ ჯოხაძე (4:2), 36:57’ ჭოხონელიძე (5:2)
გაფრთხილება: 12:56’ კვანტალიანი (თბ), 27:24’ კვანტალიანი (თბ), 27:50’ ღუდუშაური (კოლ), 27:50’ სამყურაშვილი (თბ)
გაძევება: 27:24’ კვანტალიანი (თბ)
აგორა - ტატიშვილი 2:2 (1:0)
გოლები: 19:46’ სიგუნავა (1:0), 31:29’ კობაიძე (2:0), 31:45’ ჯვარაშვილი (2:1), 36:25’ სილაგავა (2:2)
გაფრთხილება: 13:01’ ასლანი (აგო), 22:32’ ჩიმაკაძე (აგო), 23:57’ ონიანი (ტატ), 35:50’ სიგუნავა (აგო)
ამ ტურის შემდეგ "ტატიშვილი" 40 ქულით კვლავ ლიდერობს სატურნირო ცხრილს, 38-38 ქულით მეორე-მესამე ადგილებზე "კოლხი" და "აგორა" იმყოფებიან, ხოლო "თელასი" 37 ქულით მეოთხეა.
ბომბარდირები: ოთარ ბერეჩიკიძე (მართვე) - 26, გიგა დანელია (აგორა) - 25, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) - 22, კახაბერ გოგოხია (აგორა) - 19
* * *
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური