ფუტსალის ლიგა: პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "ტატიშვილის" გამარჯვებით დასრულდა

AutoSharing Option
4 მაისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგის XVIII ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

სასტარტო დაპირისპირებაში ერთმანეთის პირისპირ პლეი-ოფს მიღმა დარჩენილი "თბილისი" და ბსუ წარდგნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.

მატჩისშემდგომი კომენტარი:
ბაჩანა აბაშიძე, ბსუ: "დღევანდელ შეხვედრაში ძალიან გვინდოდა, მოგვეგო. ტრავმირებული გვყავს გუნდის დიდი ნაწილი და იმედია, მალე დაგვიბრუნდებიან. გუნდი ყველა თამაშს გასვლაზე თამაშობს და ეს ძალიან რთულია ჩვენთვის. ვეცდებით, რომ ღირსეულად
დავასრულოთ ჩემპიონატი. რაც შეეხება წინა ტურში "მართვესთან" განცდილ მარცხს, მოგეხსენებათ, პლეი-ოფს გარეთ ვართ, ბიჭებს არ აქვთ საკმარისი მოტივაცია და "ქუთაისიც"  საკუთარ მოედანზე ყოველთვის ძლიერად თამაშობს".

ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ფუტსალის ლიგის "ელ კლასიკოდ" შერაცხილი, "ტატიშვილისა" და "თელასის" დაპირისპირება. ანგარიში "მედიკოსებმა" მერვე წუთზე გახსნეს, თავი მალხაზ მურცხვალაძემ გამოიჩინა. ზუსტად შვიდ წუთში ავთანდილ ასათიანმა ეფექტური კომბინაცია შედეგიანი დარტყმით დაასრულა. მატჩის უკანასკნელი გოლი მეორე ნახევარში გავიდა, 27-ე წუთზე მურცხვალაძემ დუბლი გაიფორმა და პრინციპული სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს - 2:1, ვიცე-ჩემპიონის სასარგებლოდ.

მატჩისშემდგომი კომენტარი:
ავთანდილ ასათიანი, "სტუ-თელასი": "ტატიშვილი ძალიან კარგი გუნდია, კარგი თამაში გამოვიდა. თუმცა საპლეიოფო ზონაში ყველაფერი გარკვეულია, გუნდები ძალებს ვზოგავთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოედანზე მოსაგებად არ გავდივართ. ყველაფერი პლეი-ოფში გადაწყდება".

ალექსანდრე ძაბირაძე, "ტატიშვილი": "თელასი" ძალიან ძლიერი გუნდია. დღეს მე ყველა ფეხბურთელს ვთხოვე, ბოლომდე დახარჯულიყვნენ. ჩემი აზრით, ეს არის რეპეტიციები პლეი-ოფების წინ. ოთხთა შორის სულ მალე თითქმის "ახალი ჩემპიონატი" დაიწყება და ჩვენ ამისთვის მოვემზადებით".

მოულოდნელი შედეგით დასრულდა კიდევ ერთი პრინციპული შეხვედრა, რომელშიც "კოლხი-გულრიფში" "აგორას" დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა. "ზღვისპირელთა" რიგებში დუბლით ამირან ცხომარია და რაჰმან სარანი გამოირჩნენ.

მატჩისშემდგომი კომენტარი:
აბდულ რაჰმან სარანი, "კოლხი": "დღევანდელი შეხვედრისთვის ერთი კვირის განმავლობაში, მთელი დატვირთვით ვემზადებოდით როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად. მოხარული ვარ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ. წინ პლეი-ოფებია და მაქსიმალურად ვემზადებით. რაც შეეხება საქართველოს ფუტსალის ლიგას, ვთვლიდი, რომ დაბალი დონე იყო, თუმცა, რაც აქ ვთამაშობ, მივხვდი, რომ არც ასეთი მარტივია საქართველოს ფუტსალის ლიგაში თამაში. ვხედავ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გაუტოლდეს ევროპულ დონეს".

ცენტრალური შეხვედრის შესვენებისას, adjarasport.com-მა XVII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, "ტატიშვილის" ფეხბურთელი ვახტანგ კეკელია გახდა.

რაც შეეხება ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, "აფხაზეთისა" და "მართვეს" დაპირისპირება "ზღვისპირელთა" მენეჯერის უდისციპლინო საქციელის გამო მატჩის 31-ე წუთზე შეწყდა. ინციდენტის შესახებ 8 მაისს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

04.05.2018. ფუტსალის ლიგა. XVIII ტური (ოლიმპიური სასახლე)
თბილისი - ბსუ (ბთ) 4:5 (1:2)
გოლები: 08:42’ ასამბაძე (0:1), 12:18’ სამყურაშვილი (1:1), 14:01’ ზაქარიაძე (1:2), 23:58’ ზაქარიაძე (1:3), 31:35’ ბიწაძე (2:3), 33:03’ დოლიძე (2:4), 33:51’ დოლიძე (2:5), 37:37’ სამყურაშვილი (3:5), 39:28’ თოლორდავა (4:5)
გაძევება: 23:12’ წოწკოლაური (თბ)

ტატიშვილი - თელასი 2:1 (1:1)
გოლები: 07:49’ მურცხვალაძე (1:0), 14:50’ ასათიანი (1:1), 25:26’ მურცხვალაძე (2:1)
გაფრთხილება: 26:27’ ასათიანი (თელ)

კოლხი-გულრიფში - აგორა 6:1 (3:1)
გოლები: 06:22’ ალავიძე (0:1), 14:47’ ცხომარია (1:1), 17:23’ სარანი (10მ.2:1), 19:50’ ცხომარია (3:1), 31:18’ სარანი (4:1), 31:37’ ჭოხონელიძე (5:1), 35:48’ ანდღულაძე (6:1)
გაფრთხილება: 11:21’ გოგოხია (აგო), 20:56’ ასლანი (აგო)

ამ ტურის შემდეგ "ტატიშვილს" 43 ქულა დაუგროვდა და თუ დარჩენილ შეხვედრებს გავითვალისწინებთ, ძნელად თუ ვინმე შეეცილება ძაბირაძის შეგირდებს რეგულარულ სეზონში პირველობას. 41 ქულით "კოლხი" მეორე ადგილზე იმყოფება, 38 ქულით "აგორა" - მესამე და ერთი ქულით უსწრებს მეოთხე პოზიციაზე მყოფ "თელასს".

* * *

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო". 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული