ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს

AutoSharing Option
29 წლის ქართველი სპეციალისტი იოსებ ლომიძე ლონდონის "არსენალში" მუშაობს. ის "მეთოფეთა" ბანაკში მწვრთნელად მუშაობს და ასევე, განვითარების ცენტრის თანამშრომელიცაა.

წარუმატებელი საფეხბურთო კარიერის შემდეგ ლომიძემ გადაწყვიტა, სამწვრთნელო კურსები გაეარა. საბოლოოდ ახალგაზრდა სპეციალისტი "არსენალში" დასაქმდა.

საინტერესოა, რა ხდება "მეთოფეთა" შიდა სამზარეულოში, რა გამოხმაურება მოჰყვა არსენ ვენგერის წასვლას და რას აპირებს ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი.

Sportall.ge ლომიძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორც ვიცით, ლონდონის "არსენალში" ერთ-ერთი მწვრთნელი ხართ...
- "არსენალში" ამ ეტაპზე ბევრ რამეს ვაკეთებ, რადგან ჩემი სამსახური სრულ განაკვეთზე არის. ამ ეტაპზე
ვარ ფეხბურთის სკოლებში, განვითარების ცენტრში და ასევე, პრი-აკადემიაში.

"არსენალში" მოვხვდი, როდესაც 20 წლის ვიყავი. ვეძებდი სამწვრთნელო კურსებს და მივაგენი ასეთ კურსს - "Foundation Degree in Sports Science with Arsenal FC" ("ხარისხი სპორტის მეცნიერებაში "არსენალთან" ერთად").

კურსებს ატარებდა London Metropolitan University. სამწვრთნელო მხარეს გვიტარებდნენ "არსენალის" მწვრთნელები. როდესაც ეს კურსი დავამთავრე, სამსახურში ამიყვანეს.

- უშუალოდ რომელიმე ასაკის გუნდს წვრთნით?
- ფეხბურთის სკოლებში - სხვადასხვას, განვითარების ცენტრში - 14-წლამდელებს და პრი-აკადემიაში - 7-წლამდელებს.

- რისი პერსპექტივა არის შემდეგ, უშუალოდ პროფესიონალურ დონეზე თუ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას და კლუბის ჩაბარებას?
- აკადემიაში უფრო დიდ ასაკთან მუშაობის პერსპექტივა არის, რაც შესაძლოა, სექტემბერში მოხდეს, როცა მწვრთნელების გადანაწილება ხდება.

ამ ეტაპზე კონცენტრაციას ვაკეთებ ჩემს განვითარებაზე და იმ ასაკის ფეხბურთელებზე, რომლებიც მყავს. იყო სხვა კლუბებიდანაც რამდენიმე მოწვევა, თუმცა, ჯერჯერობით, არ ვჩქარობ არსად გადასვლას.

- თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენი საფეხბურთო კარიერის შესახებ...
- საქართველოში როდესაც ვთამაშობდი, "ვაკე 91"-ში 6-12 წლამდელთა გუნდში ვიყავი.

შემდეგ, როცა ლონდონში ჩამოვედი, ვიპოვე "ტოტენჰემის" ფეხბურთის სკოლა, სადაც ყოველ პარასკევს დავდიოდი. ჩემმა მწვრთნელმა, რომელიც ასევე "ტოტენჰემის" სკაუტი იყო და ახლა პირველი გუნდის მენეჯერია, გადამიყვანა გუნდის განვითარების ცენტრში. იქ უკვე პირველად ვიგრძენი სერიოზული ფეხბურთი და მისი მოთხოვნები - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც.

თითქმის ორი წელი ვითამაშე იქ და მერე მომიწია საქართველოში დაბრუნება. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვეღარ შევძელი საფეხბურთო კარიერის გაგრძელება. ჯანმრთელობის ფაქტორიც იყო, რამაც საბოლოოდ გამაჩერა.

- მწვრთნელობით დაინტერესება საიდან წამოვიდა, საფეხბურთო კარიერის იმედგაცრუების გამო თუ სხვა მიზეზია?
- როგორც კი "ტოტენჰემის" განვითარების ცენტრში გადამიყვანეს, ახალმიწვეულებს მაშინვე შემოგვთავაზეს სხვადასხვა კურსი. მათ კარგათ იციან, რომ მცირე შანსია, ვინმეს გაუმართლოს და დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

ამიტომ ახალგაზრდებს ყოველთვის აძლევენ შანსს, რომ სხვა განათლებაც მიიღონ და მომავლისთვის თუ დასჭირდათ, ჰქონდეთ კვალიფიკაცია. სხვადასხვა კურსი გავიარე, მაგრამ საბოლოოდ სამწვრთნელო ავარჩიე.

პირველი სამწვრთნელო კურსი, რომელსაც ქვია - Level one in coaching Football, იყო "ტოტენჰემში", White Hart Lane-ის სტადიონზე, როდესაც 16 წლის ვიყავი.

- პირველ გუნდთან თუ გაქვთ რაიმე შეხება, თუ ესწრებოდით არსენ ვენგერის წვრთნებს?
- რამდენიმეს დავსწრებივარ და ფეხბურთელებიც ჩვენს ოფისში ხშირად მოდიან. ამ ხუთშაბათსაც მოვლენ და ჩვენს ვარჯიშს დაესწრებიან.

სეზონის ბოლო მოდის და ბავშვებს სიურპრიზებს ვუწყობთ.

Sportall.Ge

- როგორები არიან ვარსკვლავები უშუალოდ ურთიერთობაში და მოედანს მიღმა?
- ჩვენთან მიმართებაში ძალიან ყურადღებიანები არიან. მინდა გამოვარჩიო პერ მერტეზაკერი, მას ყოველთვის აქვს ჩვენთვის დრო და პროექტებში მონაწილეობას იღებს.

- თქვენ თუ გქონიათ მათთან გასაუბრების საშუალება, ასევე, მწვრთნელ არსენ ვენგერთან?
- დიახ, არსენ ვენგერისთვის რამდენიმე კითხვაც დამისვამს მწვრთნელობასთან დაკავშირებით. ის ჩვენთან იყო მოსული და ძირითადად, კითხვებს ბავშვები უსვამენ. ამიტომ მხოლოდ ერთხელ გავესაუბრე.

- რას ამბობენ ვენგერის შესახებ უშუალოდ შიდა სამზარეულოში? გასაგებია, რომ ფრანგი ლეგენდაა, მაგრამ იქნებ აგვიღწეროთ "არსენალში" და კერძოდ, ლონდონში, როგორ მიიღეს მისი გადაწყვეტილება...
- ჩვენთვის, ყველასთვის ეს ძალიან სამწუხარო დღე იყო. შიდა სამზარეულოში მას ყველა მხარს უჭერდა, რადგან დიდ საქმეს აკეთებდა აკადემიისთვის და მთლიანად კლუბისთვის.

როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, მახსოვს, ყველა ერთმანეთს გაოგნებულები ვუყურებდით და არ გვჯეროდა. მას ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდა კონტრაქტი და კლუბთან 1-წლიანი ხელშეკრულება კვლავ აკავშირებდა.

- როგორი იყო "ემირეითსზე" მისი ბოლო თამაში?
- ძალიან ემოციური იყო... ყველა მის სახელს სკანდირებდა და მადლობას უხდიდა, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს.

ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც მას ხშირად ვერ შეატყობთ.

- რას იტყოდით "არსენალის" მომავალ მწვრთნელზე? თქვენ შიდა სამზარეულოში ხართ და უფრო მეტი გეცოდინებათ...
- პარასკევს სტაფის შეხვედრა იგეგმება და ალბათ, შემდეგ უფრო მეტს გავიგებთ მომავალ მწვრთნელზე. ამ ეტაპზე დაზუსტებით ცნობილი არაფერი არაა.

Sportall.Ge

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
- ძალიან შორს არ ვიხედები, უბრალოდ, სამომავლოდ მინდა, რომ B ლიცენზიის კურსები ჩავაბარო და დავიწყო A ლიცენზიისთვის მომზადება.

თუმცა, ამ ეტაპზე ყველაფერი შემდეგი სეზონისთვის მზადებას ეთმობა.

- ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით, თუ ადევნებთ ნაკრებისა და ეროვნული ლიგის თამაშებს თვალს?
- სამწუხაროდ, ვერ ვადევნებ და არ მაქვს ბევრი ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ ბავშვების განვითარებას ყურადღება ექცევა და მათ ნორმალური სავარჯიშო პირობები აქვთ.

- "არსენალში" თუ გეკითხებიან რაიმეს ქართულ ფეხბურთზე?
- სამწუხაროდ, არა... "არსენალს" A კლასის აკადემია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სკაუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა ჰყავდეთ.

მე როგორც ვიცი, სამწუხაროდ, მათ საქართველოში სკაუტები არ ჰყავთ.

- "არსენალში" ქართველი ნიკა ჭანტურია სინჯებზე იყო მიწვეული...
- დიახ, ეგ ყველაფერი მახსოვს. როდესაც ის ჩვენს აკადემიაში იყო, მე არ მქონდა შეხება და ვერ გეტყვით, თუ რა მოხდა. ნიკა ჭანტურია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

- ქართულ ფეხბურთში დასაქმების საშუალება და ქართული გუნდის გაწვრთნის საშუალება რომ გქონდეთ, თუ დაბრუნდებით საქართველოში?
- თუ შემიქმნიდნენ ისეთ გარემოს, სადაც მუშაობა შემეძლებოდა, დავფიქრდებოდი. ალბათ, მომავალში რაიმე ისეთს გავაკეთებ, რითაც ქართველ ფებხურთელებს "არსენალის" აკადემიასთან თამაშის საშუალება მიეცემათ. თუ გამოჩნდა სპონსორი, ვინც ამაში დაგვეხმარება, ამის გაკეთება შეიძლება.

- თუ შეგიძლიათ აგვიღწეროთ ერთი დღე ლონდონში, როდესაც "არსენალი" თამაშობს...
- მთლიანად "ემირეიტსის" მორთვა იწყება ძალიან ადრე. ხალხი გამოდის და ბარში მეგობრებთან ერთად იკრიბებიან. ყველგან კეთდება საჭმელი, ყველას "ბარბექიუ" აქვს გამოტანილი და ზოგი რას აკეთებს, ზოგიც რას.

ყველა მღერის და ასე მიემართება სტადიონისკენ. თამაშამდე ყველა კარგ ხასიათზეა, თუმცა წაგების შემთხვევაში ყველა საშინელ ხასიათზე დგება, თუმცა ამ სეზონში საშინაო ასპარეზზე კარგად გამოვიყურებით.

Sportall.Ge

- უშუალოდ ლონდონური დერბის დროს უფრო დიდი გულშემატკივრობაა... განსაკუთრებით, ფანების დაპირისპირება, რომელიც ჩხუბით მთავრდება...
- "ტოტენჰემთან" თამაშზე წასვლა ყოველთვის საშიშია. მათგან ყოველთვის აგრესია იგრძნობა. თუმცა "ემირეიტსზე" ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდება, მაგრამ მათ ერთხელ ტუალეტები დაგვილეწეს.

გასვლითი თამაშები კიდევ უფრო სახიფათოა. ამიტომ ძალიან კარგია, რომ არსებობს ტელევიზორი...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული