როგორც კახა ჩხეტიანმა აღნიშნა, კლუბი თავდამსხმელსაც იმატებს, თუმცა სავიზო პროცედურების გამო ეს ვერ მოესწრო, რაც გარკვეულწილად პრობლემაა, რადგან გუნდს ამ პოზიციაზე საფუძვლიანი გაძლიერება ესაჭიროება. ეს ეროვნული ლიგის პირველ ორ წრეშიც გამოჩნდა, "ტორპედო" გატანილი გოლების რაოდენობით მეხუთე გუნდია.
კახა ჩხეტიანი: ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცადოთ
მეტოქე
კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ჯამი "ტრანსფერმარკეტზე" 12.98 მილიონია, რაც "ტორპედოსთან" შედარებით თითქმის ორჯერ მეტია - ქუთაისური კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ჯამი 5.43 მილიონი ევროა. "შერიფი" ძირითადად ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული, ადგილობრივი ფეხბურთელებიდან საშუალოდ 3-4-ს უწევს ძირითადში თამაში.
"შერიფი" ზამთარში დაკომპლექტდა, როცა დაახლოებით რვა ფეხბურთელი დაიმატა.
გუნდს დიდი შემტევი პოტენციალი აქვს. ფლანგებზე ბელგიელი ლეგიონერი ზიგუი ბადიბანგა და ბრაზილიელი ჯო სანტოსი (იჯარით "პოლიტექნიკიდან") თამაშობენ. მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ბომბარდირი სიერალიონელი ფორვარდი ალჰაჯი კამარაა (12 შეხვედრაში 8 გოლი). საინტერესო ფეხბურთელებია ახალდამატებული ხორვატი შემტევი ანტუან პალიჩი და ვიტალიე დამასჩანი (იჯარით "ტორინოდან").
"შერიფს" არც დაცვა დაეწუნება, რომელიც ასევე ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული. გამოსარჩევია კაპიტანი, ბოსნიელი მატეო სუსიჩი, რომელიც ამავდროულად, ბოსნიის ნაკრების წევრია. კარგია ბრაზილიელი კრისტიანოც და ადგილობრივი ანტე კულუსიჩიც.
შედარებით სუსტი რგოლი მეკარეა. ზამთარში დამატებული ზვონომირ მიკულიჩი ვერ ბრწყინავს და არც 35 წლის მოლდოველი პასჩენჩოასი არის სტაბილური.
"შერიფის" დირექტორი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც ამავე კლუბის ლეგენდად ითვლება. თარხნიშვილმა 1999 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ითამაშა "შერიფში" და კლუბს კაპიტნობდა კიდეც.
მოლდოვის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გუნდი - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე
შესაძლო სცენარი
"ტორპედო" "შერიფის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში მაკედონიის "შკენდიასა" და უელსის "ნიუ საინთსს" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
ტირასპოლის კლუბთან მარცხის შემთხვევაში კი ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გადაინაცვლებს.
იქ კი კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებს ფინურ "ჰიკსა" და ფარერების "ვიკინგურს" შორის დამარცხებულთან მოუწევთ დაპირისპირება.
მოლოდინი
მოლდოველები ამ შეხვედრაში ფავორიტები არიან, რადგან მათ ევროპა ლიგაზე თამაშის გამოცდილებაც აქვთ და გაცილებით ადრე შეძლეს გუნდის დაკომპლექტება. თუმცა ყველაფერი მოედანზე ხდება და ხშირ შემთხვევაში სწორ ტაქტიკურ ანალიზს გაცილებით უკეთესი შედეგი მოაქვს, ვიდრე მეტოქის ძვირიან ფეხბურთელებს.
დიდი მნიშვნელობა ექნება სტადიონზე ხალხის რაოდენობასა და მხარდაჭერას. ადგილობრივი ქომაგი მუდამ გვერდით უდგას "ტორპედოს" და მნიშვნელოვან შეხვედრებში სტადიონს სრულად ავსებს. ვიმედოვნებთ, რომ დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილი არ დარჩება და გუნდი ქომაგთან ერთად მოახერხებს მეტოქისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას.
ამ ეტაპზე ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი ბილეთია გასაყიდი. ბილეთების შეძენა ქომაგებს სტადიონის სალაროებსა და ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ.