დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

AutoSharing Option
14 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, არა იმიტომ, რომ "საბურთალო" ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ სუსტ მეტოქესთან სასაცილოდ გაბითურდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტოქის ქომაგის მიერ მოწყობილი ზეიმი, აღელვებული ქართველი ქომაგის მიერ ფეხბურთელთა ბულინგი, ჩხუბი, ბოთლის სროლა მსაჯებისთვის, გინების კორიანტელი - ეს იყო გუშინდელი მატჩის კულმინაცია.

როდესაც პრესკონფერენციაზე მიდიხარ, ათასგვარი კითხვა გიტრიალებს თავში. აზრიც აღარა აქვს ტაქტიკური მონახაზის შეფასებას და ჭიაბრიშვილს მხოლოდ ის ვკითხე, ამ ამბის მერე როგორ შეძლებდა ვინმე ქართველი ხალხის ქართული საკლუბო ფეხბურთისკენ მობრუნებას?
პასუხი ზოგადი იყო: "ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ".

და ამ ამბის მერე როგორ გინდა, რომ ვინმეს უთხრა, ეროვნულ ლიგას რატომ არ უყურებო?

გიორგი ჭიაბრიშვილის ტაქტიკა ამ შეხვედრაში არაფერი იყო სხვა, თუ არა დამწყები ბავშვებისთვის დახაზული სქემა, აი, შენ აქ დადგები და დანარჩენი შენ იცი, არ შემარცხვინოო.

კლუბი, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთ კომბინაციასაც ვერ შემოგთავაზებს, ესეც კატასტროფაა. ვერც იმას იტყვი, მეტოქის მწვრთნელის ტაქტიკითა და კომბინაციებით მოხდა ეს ყველაფერიო - არა, რადგან მასაც შეხვედრაში თითქმის არაფერი გაუკეთებია. "საბურთალო" საკუთარ თავთან დამარცხდა.

თუმცა მარტო მწვრთნელისთვისაც ყველაფრის დაბრალება არ არის სწორი, ფეხბურთელთა მოქმედებები ყველა სახის ლოგიკას მოკლებული იყო. ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ფეხბურთს უძღვნიან, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა, ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა და ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ პოზიციების განაწილება, ავიწყდებოდათ მეტოქე და "არარატის" ყველა სახიფათო შეტევა "საბურთალოს" გადაცემით იწყებოდა. ბოლოს ისიც დაავიწყდათ, რომ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და შეხვედრა უნდა გადაერჩინათ, ამ დროს კი მეტოქის ფეხბურთელებთან საქმის გარჩევა დაიწყეს.

რაც უფრო ნაკლებად ითამაშებენ pubg-ის და რაც უფრო ნაკლებად მოიხმარენ სოციალურ ქსელებს და მეტ დროს ფიზიკურ ან გონებრივ ვარჯიშს დაუთმობენ, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ, გახდნენ უკეთესი ფეხბურთელები.

დამნაშავეა კლუბის ხელმძღვანელობა, მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რამდენიმე პოზიცია კვალიფიციური ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინათ.

გჭირდება ჩამშლელი ან შემტევი, რომელიც თავდამსხმელს პასებით მოამარაგებს; მცველი, რომელსაც ფიქრი შეუძლია და გადამწყვეტ მომენტში პენალტით არ დააჯილდოებს გუნდს. შენ კი ამ დროს უშვებ შენს წამყვან ფეხბურთელს ბელორუსის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდში და იმატებ ერთ ფეხბურთელს, რომელიც შეიძლება ევროტურნირების შესარჩევის დასრულებამდე ფორმაში ვერ შევიდეს - ეს არაპროფესიონალიზმია ან დიდი წარმოდგენა საკუთარ გუნდზე.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რომ მოედანზე მხოლოდ "არარატ-არმენიას" ფანკლუბის ხმა ისმოდა. იყო თუ არა იქ "საბურთალოს" ფანკლუბი, ძნელი სათქმელია. იყო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელთა ხმა მგონი მატჩის დასაწყისში ისმოდა, ისიც მათი ტრიბუნის სიახლოვეს.

არადა, ელემენტარულად, თავიანთი სკოლის აღზრდილი ბავშვები რომ შეეკრიბათ და დაერიგებინათ მათთვის საყვირები, დროშები, დოლები და მაისურები, მოედანზე ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა, თუმცა აქაც უცნაურ პრობლემებს ვაწყდებით - არც "საბურთალოს" ბავშვებს უხარიათ მთავარი გუნდის მატჩებზე სიარული, წარმოგიდგენიათ?

საქართველოს ჩემპიონის მაგალითზე, დაშლილი "ტორპედოს" მაგალითზე, ყოველ წელს უმოტივაციო "დინამოს" მაგალითზე, ხომ არ არის დრო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას? სრულად გადააბაროს კლუბებს საქართველოს ჩემპიონატი, ეს აპრობირებული მეთოდია მთელ ევროპაში. ის ფინანსები კი, რომლებიც ამ კლუბებზე იხარჯება, სხვა საქმეში დააბანდოს.

ფაქტია, კლუბებში საპრიზო თანხად ან ნებისმიერი სახით თანხის მიწოდებას წლებია უკვე შედეგი არ მოაქვს. ფული, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხს ეკუთვნის, გაურკვეველი მენეჯმენტების ხელში უაზროდ იხარჯება და ამას შედეგი არ მოაქვს. თუ კლუბებს შედეგი არ აქვთ, მაშ რისთვის უნდა აფინანსებდეს საზოგადოება მათ? გვინდა კი ასეთი დაფინანსებული ფეხბურთი?

ამას ჯობია, ეს თანხა ფედერაციის აკადემიებში დაბანდდეს, ისეთივეში, როგორიც ლაგოდეხშია. ამ თანხით გარკვეულ პერიოდში ფედერაცია თავისი აკადემიებით მთელი საქართველოს ათვისებას შეძლებდა და ეს ყველაფერი მომავალში ჩადებული ინვესტიცია გამოვიდოდა. სხვა შემთხვევაში ვინღა მოთვლის ქართულ საკლუბო ფეხბურთში დახარჯულ მილიონებს და დასახარჯსაც...

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altგოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 66 /
პირველივე წუთედანვე იგრძნობოდა რომ ეს თამაში გაყიდული იყო...ეტყობოდა ყველა ფეხბურთელს...გული მერევა ამ ცირკზე...შეურაცყოფას რომ აყენებთ ხალხს თქვენი არაპროფესიონალიზმით მაგიტომაც არ დადის არავინ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე...მომავალში ალბათ არც ევროტურნირებზე არ ივლიან...არცერთ ქართულ გუნდს არ აქვს მიზანი ჯგუფურ ეტაპზე გასვლის...მარტო ტოტალიზატორზე ყომარით შოულობენ ფულს ეს პარაზიტები..."ბატე"-ს დონი გუნდი ვერ გაკეთდა ვერასდროს საქართველოში რო ერთხელ მაინც მოხვდეს ჯგუფურ ეტაპზე...სამარცხვინო ხალხის ხელშია ფეხბურთი
ოთო
15 აგვისტო 2019 17:40
2
ამ ყველაფერში თქვენი წილი გაქვთ არაპროფესიონალ ჟურნალისტებს, თითოეულ თეთრს რომ უთვლით გუნდებს პატარა წარმატებაზეც კი :) უკვე გაგვიყვანეთ ფინალურ ეტაპზე და 9 მილიონი ლარიც ჩაუჯიბეთ საბურთალოს. საკუთარი თავის კრიტიკით დაიწყოთ სჯობს. გულის ამრევი იყო გუშინდელი მატჩი, მაგრამ არანაკლებ გულისამრევია ის, რომ ორი დღის წინ საბურთალოს წარმატებულ მენეჯმენტს განიხილავდით და ხოტბას ასხამდით, დღეს კი უცებ წარუმატებელი გახდა ეს ყოველივე. არაპროფესიონალების ბუმია ყველგან და ყველაფერში და მიტომ დავეშვით ამ დონეზე.
ლუკა
15 აგვისტო 2019 16:21
1
დახარჯოს ფედერაციამ ფული ბავშვთა ფეხბურთზე, იყოს უფასო ყველა ბავშვისთვის და შეუძინონ ეკიპირება თავიანთი სახსრებით და არა მშობლის, რომელთა უმეტესობა ოჯახის გამოკვებაზე ფიქრობს. ააშენონ ბაზები და სტადიონები, მე არ მინდა რომ ჩემი ფული უთავმოყვარეო მოსიარულე გვამების ხელფასებში გაიცემოდეს, ვეთანხმები ავტორს, გადაეცეს კლუბებს ჩემპიონატის ჩატარება, ვინც მოიძიებს სახსრებს, ის ითამაშებს, თუ ვერავინ მოიძია, არც ეგ არაა ტრაგედია, გუშინ ყველამ ვნახეთ ჩვენი საამაყო ჩემპიონი გუნდი საქმეში
llcl
15 აგვისტო 2019 14:49
0
სწორად წერ მაგრამ აი მაინც ფედერაციის დროული ქმედითი ნაბიჯებიო ეს წყალში ყრის ყველაფერს. დაიშალონ ზაერთოდ კობიაშვილები ფიფიები და ყველა ნერვები დაგვახიეს ეს რა ქნეს 90 %ს გვჯერა რომ გაყიდეს ხეჩიკაშვილი და რავიცი ვისზე ვთქვა ცუდად ვართ თქვენთვის შეიძლება არაფერია და ჩვენთვის ფეხბურთი შეიძლება ზუსტადაც რომ ცხოვრებაზე მეტია მითუმეტეს ესეთ დღეებში. არარატი და მაქედან გამოქანებული მენახეთ თქვენ თუ მართლა გაყიდეთ
გიგა
15 აგვისტო 2019 19:02
1
თუ ვინმე ფიქრობს რო ეს თამაში გაყიდული არ იყო მაშინ ისიც უნდა დაიჯეროთ რო ამ კომენტარს ცნობილი ფიზიკოსი აინშტაინი წერს
gayidulia
15 აგვისტო 2019 18:52
3
სფფ-მ დროზე გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით. გულშემატკივრის და მთელი ქვეყნის გაბითურებას მისცეს სათანადო შეფასება.
მალაქია
15 აგვისტო 2019 15:29
1
დავიწყოთ იმით, რომ ერს რომელიც გამოირჩევა თავის წარმოჩენისა და თავის გადამეტების მცდელობით (განსაკუთრებით ქართველების მიმართ) მივეცით დაცინვისა და იმის თქმის საფუძველი, რომ სომხური ფეხბურთი "გაცილებით" მაღლა დგას ვიდრე ქართული. დღეიდან მოყოლობეული დროთა განმავლობაში ეს მოვლენა განმტიცდება მათ საფუძვლებში და სულ მალე ამას დასაბუთებულად წარმოგვიდგენენ ჩვენი მეზობლები. მათ ეს ახასიათებთ. პირველ რიგში სწორედ ამის გამო წნელის წკეპლა საბურთალოს, თავის უფროსობიან-მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად. მადლობა ბიჭებო, ამას არასოდეს დაივიწყებს ქართველი გულშემატკივარი.
ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით მოთამაშე წელგამართულ საბურთალოს ბევრად მეტი მოეთხოვებოდა შემადგენლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით. ბევრი ფეხბურთელი აშკარად ზედმეტს "ერთობა". მაგრამ მათი თამაშის შემხედვარე ვშიშობ რომ ამ გართობაში თუდაც ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურება არ შედის. უმრავლესობას მგონი საერთოდ არ აინტერესებს იმის ყურება, თუ როგორ თამაშობენ დიდი გუნდების დიდი ფეხბურთელები. როგორ კეთდება პასი, გამჭოლი გადაცემა, გამამწვავებელი ფაზა, უბურთოდ მოძრაობა, პოზიციის შერჩევა.... არა ეს აშკარად არ შედის მათი ინტერესის სფეროში.
ცალკე თემაა ფეხბურთის ფედერაციის როლი ამ ყველაფერში. ისე თუ ასე ფაქტი ის, რომ სახელწიფოსგან ფინანსდება ფეხბურთი. მაგრამ შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ჯიბიდან გაცემული თანხები სადღაც გაურკვეველ ჯიბეში ინაცვლებს. ფედერაცია აშკარად ვერ უძღვება ეროვნული ჩემპიონატის საკითხებსა და გამოწვევებს. 2006 წლიდან 2011 წლამდე საქართველოში არსებობდა "პროფესიული ფეხბურთის ლიგა" (პფლ). რომელიც პასუხისმგებელი და ორგანიზატორი იყო ეროვნული ჩემპიონატისა. პფლ იყო საზოგადოება, სტრუქტურა თავისი მენეჯმენტით რომელიც მოიპოვებდა ფინანსებს, გააჩნდა კონცეფცია და საკმაოდ ბევრს აკეთებდა ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის. ამ პერიოდში ეროვნული ლიგა ბევრად ძლიერი და კონკურენტუნარიანი იყო. დინამო, ტორპედო, ოლიმპი, ლოკომოტივი, ზესტაფონი, ამერი, თბილისის თბილისი, ვიტჯორჯია, ბორჯომი, სიონი... რამდენი კარგი ლეგიონერი და ლამაზი მატჩი... 2011 წლიდან კი ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის მართვის უფლება (ვითომ დროებით) ჩამოართვა პფლ-ს. რა მივიღეთ ამით? მხოლოდ რეგრესი! ეროვნულ ჩემპიონატის გამართულად ფუნქციონირებას და გამოწვევების აღმოფხვრას ესაჭიროება უშუალოდ ამ პრობლემებზე ორიენტირებული ჯგუფი, მენეჯმენტი. აგრეთვე გაუგებარია თუ რატომ გამოატოვებინა ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის მატჩები საბურთალოს? ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის პრინციპზე გადასვლის ძირითად მიზეზად ფედერაციამ დაასახელა ევროტურნირების პერიოდში ქართული კლუბების ფორმაში ყოფნის უპირატესობა. ანუ ის, რომ ჩვენი კლუბები ევროტურნირებს შეხვდებოდნენ ფორმაში მყოფები. რაც რათქმუნდა უპირატესობაა, მაგრამ რაში გამოვიყენეთ ეს? საბურთალო ისვენებდა, მაშინ როცა არარატი ეროვნულ ჩემპიონატში შეხვედრებს მართავდა და ამას ტონუსში ყოფნისა და შეთამაშებისათვის იყენებდა. მათ თავად აღნიშნეს ეს ფაქტი. შეთამაშების პრობლემა საბურთალოს არ ქონდა, მაგრამ წუხანდელმა მატჩმა ნათლად დაგვანახა, რომ გუნდი წესიერად ვერ კომბინირებდა, ბურთის გააზრებულ გათამაშებას ვერ ახდენდა. ტურების გამოტოვებამ მოდუნებამდე უფრო მიიყვანა საბურთალო, ვიდრე დაასვენა. არც ისეთი დაძაბული გრაფიკია ჩვენს ჩემპიონატში, რომ ფეხბურთელები ძალიან გადატვირთულები იყვნენ და ამხელა პაუზებს საჭიროებდნენ. ფედერაცია სერიოზულად უნდა დაფიქრდეს საკუთარ კომპეტენციაზე და პასუხისმგებლობა აიღოს გარკვეულ საკითხებზე...
ანესთეზეოლოგი & Commentat 2
15 აგვისტო 2019 17:15
1
მომეწონა თქვენი ნააზრევი,მაგრამ ვის რაში სჭირდება სწორად ნაფიქრი და კარგად გაკეთებული საქმე-აგერ იოლად შოულობენ ფულს დიდი შრომისა და ყოველგვარი თავისტეხვის გარეშე!
გიოშა
15 აგვისტო 2019 17:43
1
კობიაჰვილი პარლამენტჰი რო კუსავს ტვალებს რას მიკეტებს ორი ციგნი არაკ ცაკიტხული რა კორუპციაა არაა ორ ტანამდებობაზე მაკუტებს რო ტეხავს კველაპერი ტავიდანაა მოცამლული
LEKSO KUTAISI
15 აგვისტო 2019 18:39
5
ეს თამაში გაიყიდა და მორჩა. ჭიაბრიშვილი კარგი მწვრთნელი რომ არის ეგ სომხეთში თამაშის დროს გამოჩნდა, თუმცა თბილისური მატჩის წინ სავარაუდოდ ვერ გაბედა დამფუძნებლის წინააღმდეგ წასვლა და მივიღეთ ის რომ "ვიღაცეებთან" წაგვაგებინეს, რომ კიდევ ერთ " ვიღაცას" სერიოზული ფული ჩაედო ჯიბეში. გუშინდელი სტატია რომელშიც გამოთქმული იყო ამ მატჩის კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებები მგონი საყურადღებო უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოებისთვისაც, თუმცა ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს. არადა სამაგალითოდ დასასჯელია მაგის მკადრებელი. რა ვქნა ეს ეჭვი მაქვს, ძალიან გავს რეალობას.
Patrioti
15 აგვისტო 2019 17:22
3
ორივე თამაში ფოკუზი იყო მეგობარო,ერევანშიც და თბილისშიც!!!
გიოშა
15 აგვისტო 2019 17:57
2
ფუუიუ სამარცხვინო ხალხი არის ფეხბურთში
zaza
15 აგვისტო 2019 15:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული