დინამო VS ფეიენოორდი - თამაში ღირსებისთვის, თამაში სარეიტინგო ქულებისთვის

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

15 აგვისტოს, 20:30 საათზე, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

პირველი შეხვედრა როტერდამში თბილისელთა განადგურებით, 0:4 დასრულდა. მანამდე კი, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად "დინამოს" დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, ჩისკოს შეგირდებმა ჯერ ანდორული "ენგორდანი" დაამარცხეს (6:0, 1:0), შემდეგ კი აზერბაიჯანულ "გაბალას" სძლიეს (2:0, 3:0).

უეფას გადაწყვეტილებით, "დინამო არენაზე" შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის. მიზეზი თბილისელთა ქომაგის მიერ გამოფენილი ბანერი "88" არის, რომელიც ფაშისტურ სიმბოლიკად ითვლება. ჩვენი ინფორმაციით შესაძლოა
შეხვედრას როტერდამელთა 200 ფანი დაესწროს.

თბილისელები შეხვედრისთვის არასრული შემადგენლობით ემზადებოდნენ. მათ პირველ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო აკაკი შულაია დააკლდებათ. ასევე, სამი ყვითელი დაუგროვდა ლევან კუტალიას და დისკვალიფიცირებულია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კარიკარის მცირე ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისელებს შეიძლება უფორვარდოდ თამაში მოუწიოთ.

"ფეიენოორდი" თბილისში ჩამოსვლამდე "ჰეერენვენს" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ხოლო ეროვნულ ლიგაში თბილისური დერბი "დინამოსა" და "საბურთალოს" დაპირისპირებით გადაიდო, რადგან ეს ორივე კლუბის სურვილი იყო.

ჰოლანდიაში 0:4 მარცხამდე, გუნდები ოფიციალურად ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 1981 წელს თბილისის "დინამო" "ფეიენოორდს" თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდა. სახლში დინამოელებმა 3:0 მოიგეს, ხოლო გასვლაზე მსაჯების აშკარა შეცდომის გამო 0:2 წააგეს. საერთო ჯამში კი, ფინალში გავიდნენ, სადაც "კარლცაისს" შეხვდნენ და 2:1 მოუგეს.

პირველი შეხვედრის შემდეგ დინამოელთა შანსები მიზერულია. ერთადერთი, რაც შეიძლება რეალურად მივიჩნიოთ - არის სარეიტინგო ქულების მოპოვება. ფრის შემთხვევაში "დინამო" უეფას რეიტინგში ჩვენს ყულაბას 0.125 ქულას შემატებს.

მატჩისწინა კომენტარები

ფელის ვისენტე: "ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრის ანგარიში არ იყო დადებითი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და შესაძლებელია შევცვალოთ შედეგი; ყოველ შემთხვევაში, შევეცდებით".

იაპ სტამი: "დინამოს" რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ნანახი, ჩვენი მწვრთნელი ესწრებოდა თბილისელთა მატჩებს. თითქმის ყველა პოზიციაზე მნიშვნელოვანი ხიფათის შექმნა შეუძლიათ. ამ ეტაპზე ვერ გამოვარჩევ რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს. ხვალინდელ შეხვედრაში ძლიერი და აგრესიული თამაში უნდა ვაჩვენოთ. არის დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ თამაშის შედეგი შემობრუნდეს".

არბიტრი

შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 34 წლის საშა შტიგემანი გახლავთ. მას ასისტენტობას მარკო ახმიულერი და კრისტიან გიტელმანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი რობერტ შრიოდერი იქნება. უეფას დელეგატი არიელ კენეტ შიმანი ისრაელიდან გახლავთ, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი ჩეხი მიროსლავ ლიბა იქნება.

სავარაუდო შემადგენლობა

დინამო (4-3-3): პერალესი, რუხაია, კობოური, მონხილი, ქიმაძე, ნინუა, კუხიანიძე, პაპავა, ქავთარაძე, დაფე, შენგელია.

altფელის ვისენტე: შესაძლებელია შევცვალოთ შედეგი

alt"ფეიენოორდის" თავკაცი: არის დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ თამაშის შედეგი შემობრუნდეს

altრატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 11 /
თამაში ქართველი მაყურებლის კიდევ ნერვების მოშლისთვის
საბურთალო
18:38 15-08-2019
1
ეს "დინამოა" და ღირსებას არ დაკარგავს ...
თბილისელი
18:32 15-08-2019
2

სიახლეები პოპულარული