[გამოკითხვა] რას ფიქრობს სპორტული მედია ევროტურნირებზე ქართული კლუბების გამოსვლაზე

AutoSharing Option
ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები ტრადიციულად დასრულდა და შემოდგომამდე ვერ მიაღწია.

იყო თუ არა წლევანდელი სეზონი უკეთესი წინაზე? ასე ცალსახად ვერ ვიტყვით. თუ შევადარებთ სარეიტინგო ქულებს, დიახ, იყო.

თუმცა გასულ სეზონში "ტორპედო" პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ის ერთადერთი კლუბი იყო, რომელმაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. წელს მესამე ეტაპზე ორი კლუბი გვყავდა, მაგრამ პლეი-ოფში ვერც ერთი ვერ გავიდა.

სარეიტინგო ქულების მხრივ ნამდვილად უკეთესი შედეგი გვაქვს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, "საბურთალოს" მიერ სომხურ "არარატ-არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა ყველაფერი დაჩრდილა.

წლევანდელი ასპარეზობის შეფასება ჩვენს კოლეგებს ვთხოვეთ.

ვახო გაფრინდაშვილი (იმედი)
: "პირველ რიგში, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, ზედმეტი აჟიოტაჟი ყველასთვის მავნებელია, მათ შორის, ფეხბურთელებისთვის, პირველ რიგში. მოლოდინი იყო დაახლოებით ისეთი, რა შედეგებიც მივიღეთ.

"საბურთალოს" წარმატებულმა სტარტმა, ბუნებრივია, თამასა ასწია და შემდეგ უკვე ევროპის ლიგის კენჭისყრამ ქვეცნობიერად ჯგუფში მოხვედრის სურვილი გაგვიჩინა. აქედან გამომდინარე, იმედგაცრუება ძალიან დიდი იყო. "საბურთალოს" უფრო ძლიერ კლუბთან რომ წაეგო, კითხვები არ გაჩნდებოდა. დებიუტანტი გუნდი თითქმის პლეი-ოფში კარგია, თუმცა აქ "არარატის" ფაქტორმა უფრო იმოქმედა.

ჯამში მოულოდნელი არაფერი მომხდარა, "დინამოს" მეტოქეში არ გაუმართლა. შესაძლოა, სხვა შემთხვევაში პლეი-ოფში გასულიყო კიდეც.

"ჩიხურამ" პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და აქაც ნათელი სურათი გვაქვს. "ტორპედოსგან" კი გამორჩეულს, სამწუხაროდ, არაფერს ველოდით".

მაგდა კლდიაშვილი (The recorder): "ქართული გუნდებისგან ევროსარბიელზე დიდი მოლოდინი არ მქონია, რადგან ყოველი იმედიანი წელი ყოველთვის დიდი იმედგაცრუებით სრულდებოდა. ქუთაისის "ტორპედოს" ევროტურნირებამდე ცოტა ხნით ადრე ფინანსური და საკადრო პრობლემები შეექმნა და თავშივე ცხადი იყო, მათგან დიდი შედეგები ვერ იქნებოდა.

"ჩიხურას" ფეხბურთიც უკეთესის იმედს ტოვებს და მათგანაც ერთი ეტაპის გავლა პროგრამა-მაქსიმუმია.

"საბურთალო" იყო დებიუტანტი და რაც მთავარია, წილისყრაში ასე გაგიმართლოს, იშვიათად ხდება. სამწუხაროა, რომ გია ჭიაბრიშვილის გუნდმა თამაშიდან თამაშამდე კი არ მოუმატა, არამედ რეგრესი განიცადა და კრახით დაასრულა. სამი საშინაო მატჩიდან კარგმა გუნდმა მინიმუმ ერთი მაინც არ უნდა წააგოს. ამ გუნდის პრობლემა უფრო მენტალური იყო. მათ "შერიფთან" გასვლაზე მოგების შემდეგ ცაში ფრენა დაიწყეს და ვფიქრობ, "არარატთან" ასეთი მარცხიც კი საკმარისი არ იყო მათ მიწაზე ჩამოსასვლელად.

"საბურთალოს" თამაშებიდან სიამოვნება არ მიმიღია. "შერიფთან" მატჩი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი. "არარატთან" მოგებაც კი იმდენად ცუდი საყურებელი იყო, მხოლოდ შედეგი იძლეოდა კმაყოფილების საბაბს.

ცალკე უნდა ვილაპარაკო "დინამო თბილისზე", რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა. გამაოცა არა შედეგებით, არამედ იმ ხარისხით, რაც ჩისკოს გუნდმა აჩვენა. ბოლო წლების განმავლობაში არ მახსენდება "დინამო" ასეთი შეკრული, გუნდური, გააზრებული ფეხბურთის მოთამაშე. აშკარაა, რომ სამწვრთნელო შტაბი სწორი მიმართულებით მიდის და ცალკეულ რგოლებთან აქვთ ნამუშევარი და შემდეგ სისტემურად დამუშავებული. რაც მთავარია, 4 თამაში ისე დაასრულეს, გოლი არ გაუშვიათ და მომწონს ეს გუნდური მიდგომა და არა ერთ კაცზე მორგებული ფეხბურთი, როგორც ეს "საბურთალოს" ჰქონდა კოხრეიძის შემთხვევაში.

"ფეიენოორდს" რაც შეეხება, მატჩის ბოლოს, 6 წუთში ჩამოიშალა გუნდი, თუმცა მეტოქის სიძლიერის ფაქტორიც ცალსახა იყო. განმეორებით დაპირისპირებაში გული დამწყდა, რომ "დინამომ" ინიციატივა არ აიღო თავზე, თუმცა მესმის, მათ არ უნდოდათ დიდი ანგარიშით წაეგოთ ისევ.

მთლიანობაში, მხოლოდ "დინამო თბილისმა" დამიტოვა იმედი, რომ თუ ასე სწორად განაგრძობენ მუშაობას, ლოგიკური შედეგი იქნება მომავალში.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ვერ ვხედავ ვერანაირ პროგრესს და ვერც განვითარებას, რაოდენ გულდასაწყვეტიც უნდა იყოს ყველასთვის ეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი განვითარების რელსებზეც კი ვერ გადავიდა ჯერ".

გიორგი მელქაძე (მსოფლიო სპორტი): "ქართული გუნდების გამოსვლას ევროტურნირებზე შევაფასებ წარუმატებლად. წინა სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში გვყავდა წარმომადგენელი, წელს კი მაქსიმუმი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი იყო. წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა "საბურთალოს" და შეეძლო ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. თუმცა საქართველოს ჩემპიონისგან მეტს არ ველოდი, რადგან გუნდი არ გაძლიერებულა, ეროვნულ ლიგაშიც არასტაბილურად თამაშობდა და ეტყობოდა, რომ არ იყო მზად ევროტურნირებისთვის. ამავდროულად, არ აწარმოა კარგი სატრანსფერო პოლიტიკა, ის რესურსი კი არ იყო საკმარისი.

თვითონ ის ფაქტი, რომ "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" დამარცხდა, რა თქმა უნდა, არის ძალიან მტკივნეული და სამარცხვინო. ეს ფაქტი ორმაგად სამწუხარო იმიტომ არის, რომ მათ პირველ შეხვედრაში გაიმარჯვეს. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებისთვის "შერიფთან" მიღებული გაკვეთილი არ გამოდგა საკმარისი, რომ იგივე არ გაემეორებინათ.

მე ვფიქრობ, ყველაზე კარგად "დინამო" გამოვიდა, იმის მიუხედავად, რომ "ენგორდანი" და "გაბალა" ვერ გამოდგება საზომად, ორივე შემთხვევაში ითამაშეს სანახაობრივი ფეხბურთი.

"ფეიენოორდს" რაც შეეხება, იქ იყო გარკვეული ნიუანსები, რამაც როტერდამში წაგება გამოიწვია. ვფიქრობ, "დინამოს" 'ფეიენოორდის" დონემდე ბევრი უკლია და შესაბამისად, შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. ჩემი აზრით, თბილისელებს ცოტა რომ გამართლებოდათ კენჭისყრაში, ექნებოდათ შანსი, რომ პლეი-ოფში ეთამაშათ. თუნდაც "საბურთალოს" ადგილზე რომ ყოფილიყო, ის გადალახავდა სომეხთა ბარიერს. მიუხედავად ამისა, კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, გუნდს სჭირდება გაძლიერება.

რაც შეეხება "ჩიხურას", ერთი ეტაპის გავლაც წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, რადგან სოსო ფრუიძის გუნდს არა აქვს ის რესურსი, რომ წარმატება მოვითხოვოთ. "აბერდინთან" თბილისში შეიძლებოდა მოგება, მაგრამ შოტლანდიაში არსებულ გარემოში საჩხერელებს არ გააჩნდათ თამაშის გამოცდილება.

ხოლო "ტორპედო" რომ არ დაშლილიყო, ალბათ, გაივლიდა "ორდაბასის" ბარიერს. თუმცა სამი კვირის შეკრებილი გუნდით ეს წარმოუდგენელი იყო. ამიტომაც ქუთაისელთა შემთხვევაში ვერ ვიქნები კრიტიკულად განწყობილი, რადგან ეს გუნდი "ორდაბასს" ვერ დაამარცხებდა".

ლაშა წიკლაური (პოპსპორტი): "ჩვენ მაშინ ვამთავრებთ ევროთასებზე გამოსვლას, როდესაც სხვები იწყებენ და როგორ შეიძლება ამას წარმატება ვუწოდოთ. სამწუხაროდ, ისევ აგვოსტოში დაასრულეს ქართულმა კლუბებმა ევროსეზონი, რაც არის ცალსახად წარუმატებელი შედეგი.

მომეწონა რამდენიმე ფეხბურთელის თამაში, რომლებსაც ბევრი და რაც მთავარია, სწორი მუშაობის შემთხვევაში, შეუძლიათ ეროვნული ნაკრები გააძლიერონ. მაგალითად, შენგელია - "დინამოდან", მალი და კოხრეიძე - "საბურთალოდან". მთლიანობაში, პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბის მუშაობა, რადგან 6 თამაშიდან 4 მოიგეს და მხოლოდ 1 წააგეს. თამაშსაც ეტყობოდა მწვრთნელის ხელი.

"საბურთალომ" დიდი რეგრესი განიცადა პირველიდან ბოლო მატჩამდე და ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ კოლოსალური განსხვავებაა ქართულ და უცხოურ გუნდებს შორის ფიზიკურ მომზადებაში. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა "აბერდინი"-"ჩიხურას" და "ფეიენოორდი"-"დინამოს" მატჩებში. სანამ ქართულ გუნდებში ათლეტები, ფიზიკურად იდეალურად მომზადებული ფეხბურთელბი არ ითამაშებენ, მანამდე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია".

დიმა შარიქაძე (კრისტალსპორტი): "ბოლო წლებში ერთადერთი გუნდი, რომელიც ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას ახერხებს და პარალელურად, გაძლიერებაზე ზრუნავს, "საბურთალოა", თუმცა გამართლება არ აქვს ევროსეზონის მიმდინარეობისას გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ლაშა შინდაგორიძის ბელორუსში გაშვებას.

"დინამომ", "ჩიხურამ" და "ტორპედომ", მათი შესაძლებლობებიდან და მეტოქეების სიძლიერიდან გამომდინარე, მაქსიმუმი აჩვენეს, ხოლო "საბურთალოს" მაქსიმუმი, ჩემი აზრით, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნებოდა. ჭიაბრიშვილის გუნდის გამოსვლას დადებითად ვერ შევაფასებ, მაგრამ ვთვლი, რომ გუნდში უნდა დარჩეს და მუშაობა გააგრძელოს.

"საბურთალოსთვის", როგორც ძალიან გამოუცდელი გუნდისთვის, პირველი ევროსეზონი იყო, მაგრამ გასული წლებიდან გამომდინარე, ჭიაბრიშვილის გუნდი სულ პროგრესირებდა და ვფიქრობ, პროგრესის გაგრძელება შეუძლია, თუ ევროსეზონიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს".

ხვიჩა ყაზაიშვილი (Sportall.ge): "სასწაულების მჯერა. უფრო იმის მჯერა, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს, თუმცა არასდროს ველოდები. სასწაულის არსიც ხომ ის არის, რომ მოულოდნელია. ამ მოულოდნელი სასწაულის ირაციონალური რწმენა ჩამომიყალიბდა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით.

ქართული კლუბის ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ამ სასწაულივითაა ჩემთვის - არასდროს ველოდები, მაგრამ მწამს, რომ შეიძლება მოხდეს.

ასე იყო წელსაც, არცერთი გუნდისგან არ ველოდი მოულოდნელ წარმატებას. "ტორპედო" რა დღეში იყო, ვიცოდით, რაც შეეძლოთ, გააკეთეს.

თბილისის "დინამო" რესურსებით ყველაზე მდიდარი კლუბია საქართველოში და შესაბამისი შედეგიც დადო. რომ არა მსაჯის შეცდომა, იქნებ "ფეიენოორდისთვის" უფრო დიდი წინააღმდეგობა გაეწიათ. თვალშისაცემი იყო დინამოელების ფიზიკური მომზადების მაღალი დონე. გულწრფელად რომ ვთქვათ, "დინამომაც" ლოგიკურად დაასრულა ევროთასებზე გამოსვლა და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის ძლიერ გუნდთან გამოვარდა.

მსგავსი სიტუაცია იყო საჩხერის "ჩიხურასთან" დაკავშირებითაც. სოსო ფრუიძის გუნდმა იბრძოლა, მაგრამ უფრო ძლიერ და მდიდარ კლუბთან გამოვარდა. მთავარ მწვრთნელს 3-4 საჭირო ფეხბურთელი რომ ჰყოლოდა, "აბერდინის" ბარიერის დაძლევა რომ შეუძლებელი არ იყო, თბილისურ შეხვედრაში გამოჩნდა. "ჩიხურას" რესურსების მქონე გუნდს მეტს ვერ მოსთხოვ, ბრძოლას ველოდით და იბრძოლეს კიდეც, თან "საბურთალოზე" მეტი ევროქულა მოუტანეს ქვეყანას. 0:5 კი "რეალმაც" წააგო "ბარსასთან" გასვლაზე.

მოულოდნელობა არც "საბურთალო" იყო. გაუმართლა, მეტის მიღწევა შეეძლო გუნდს, თუმცა ვერ მოახერხა და ამაში დამნაშავენი მწვრთნელები არიან. ბევრჯერ ახსენა "საბურთალოს" უკვე არც ისე ახალგაზრდა მთავარმა მწვრთნელმა, რომ შეტევითი ფეხბურთის გარდა სხვა არ ვიცითო, თუმცა იმ ფეხბურთს, რასაც "საბურთალო" თამაშობდა, ძნელია, შემტევი უწოდო.

იმედგაცრუება იყო, როცა 3 დღის წინ შეკრებილ გუნდთან წააგო, რომლის მოედანზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს ვერც კი დაელაპარაკება, ამის ფონზე კი, შენთან ბავშვობიდან ერთად გაზრდილი ბიჭები თამაშობენ, თუმცა მგონია, რომ "არარატ-არმენიას" დამარცხების შემდეგაც ვერ გავიდოდა "საბურთალო" ჯგუფურ ეტაპზე".

ბაჩო ცალუღელაშვილი (goal.ge): "ევროტურნირებზე ქართული გუნდების გამოსვლას დადებითად ვერ შევაფასებ. ველოდი, რომ გასული წლის მსგავსად, პლეი-ოფში მინიმუმ ერთი გუნდი მაინც გვეყოლებოდა. "ჩიხურას" და "ტორპედოს" წარუმატებელი ასპარეზობა თავიდანვე მოსალოდნელი იყო. "დინამოს" რაც შეეხება, თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს. ახალი წესებით, თუ ევროტურნირებზე ჩემპიონის რანგში არ გადიხარ, ურთულესი გზა უნდა გაიარო, "დინამომ" კი თავისი მაქსიმუმი გააკეთა - 2 ეტაპი გაიარა და უძლიერეს (ჩვენთან შედარებით) - "ფეიენოორდთან" ვერაფერს გახდა.

მთავარი იმედგაცრუება "საბურთალოა". არა იმიტომ, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა, არამედ იმიტომ, რომ "არარატთან" დამარცხდა. კენჭისყრის მიხედვით, იოლი გზა ჰქონდა და ჯგუფში შესვლა სავსებით რეალური იყო, თორემ ზოგადი გადმოსახედიდან, დებიუტანტი გუნდის ამ ეტაპამდე მისვლა წარმატებაა. ევროტურნირების დაწყებამდე, "საბურთალოს" შესაძლოა მესამე ეტაპამდე გასვლაზე ხელი დაუფიქრებლად მოეწერა, უბრალოდ, შემდგომ განვითარებულმა სიტუაციამ ("შერიფთან" მოგება, მარტივი ბადე, "არარატთან" სტუმრად მოგება) მოიტანა ისე, რომ ჩემპიონების ამ შედეგით უკმაყოფილოები ვართ.

მიუხედავად წარუმატებელი შედეგებისა, 4-ვე ქართულმა გუნდმა ევროტურნირებიდან დიდი თანხები აიღო და კარგი იქნება, თუ ეს თანხა წინა წლებივით ფუჭად არ დაიხარჯება".

ვაჟა ქუნთელია (Sportall.ge): "ევროტურნირებზე ქართული გუნდების წარმატებით ასპარეზობის აბსოლუტურად არანაირი მოლოდინი არ მქონია. ამ სიცრუით და ილუზიით ვიკვებებით უკვე დაუსრულებლივ.

თავს ვიტყუებთ, თითქოს საქართველოს ჩემპიონატი პროგრესირებს და ა.შ. ფეხბურთელების ოჯახის წევრები არ დადიან თამაშებზე, რა პროგრესზეა ლაპარაკი.

ზოგიერთი მატჩი ეზოს ფეხბურთს ჰგავს. უბრალოდ, "საბურთალოს" ისეთი შანსი გაუჩნდა სრულიად მოულოდნელად, რომ ასეთი შესაძლებლობა შეიძლება 10-15 წელიწადში არ მიეცეს და ვერ გამოიყენა.

ჩვენ გვავიწყდება, რომ პატარა და ეკონომიკურად უმძიმეს სიტუაციაში მყოფი ქვეყანა ვართ, კარგი გუნდის დაყენებას და ნორმალური ლეგიონერების შეძენას კი ფული სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ვითარება ძალიან დიდხანს გაგრძელდება".

გიორგი ხარშილაძე (ლიდერსპორტი): "ქართულ გუნდებში, სამწუხაროდ, პოზიტიური სიახლე ამჯერადაც ვერაფერი დავინახე.

გამახარა "დინამოს" "გაბალასთან" გამარჯვებამ, თუმცა "ფეიენოორდთან" თამაშმა აჩვენა, რომ ჰოლანდიელების პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა ჩვენ გუნდს რამდენჯერმე აღემატებოდა.

"საბურთალომ" ევროთასებზე ასპარეზობა ომახიანად კი დაიწყო, თუმცა, როგორც გაირკვა, ეს წამიერი სიხარული გამოდგა. "ჩიხურა" ისევ იბრძვის, რაც შეუძლია ცდილობს, მაგრამ ამ რესურსით უკეთესის მიღწევა წარმოუდგენელია".

მიშა ჟორჟოლიანი (ახალი თაობა): "ერთადერთი დადებითი, რაც იყო, სარეიტინგო ქულების დაგროვებაა. თუმცა, უფრო მეტიც შეიძლებოდა... მეტ-ნაკლებად უკეთ "დინამომ" იასპარეზა, მაგრამ ისიც სუსტ გუნდებს შეხვდა. პირველივე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან გამოჩნდა ჩვენი მაქსიმუმი... "ტორპედო" კატასტროფა იყო, მაგრამ ეს უფრო ხელმძღვანელობის ბრალია. სრული კრახი იყო "საბურთალო", რომლის მსგავსი შანსი ალბათ ათწლეული აღარ გვექნება. "საბურთალო" ვალდებული იყო, ჯგუფში შესულიყო... 10-ბალიანი სისტემით, ოთხზე შევაფასებდი..."

alt8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე

მკითხველის კომენტარები / 21 /
რომელ თამაშზე მსჯელობთ და განიხილავთ ხალხო??? და თანაც ბევრნი ალაიკებთ??? საბურთალოს ნათამები ფეხბურთი ხომ თავიდან ბოლომდის ფარსი იყო!!! აქ როგორც ვატყობ ტოტალიზატორში მომუშავენი და ფეხბურთთან დაახლოვებული პიროვნებები გამიზნულად ცდილობენ ყურადღების ძირითადი თემიდან სხვა თემაზე გადატანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!!!
გიოშა
16:10 20-08-2019
0
რა სპორტული მედია რის სპორტული მედია? ჩვენ ჩვეულებრივი მედია არ გვაქვს და სპორტულზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ამ საიტზე მაგალითად ან რუსული საიტებიდან გადათარგმნილი სტატიები იდება ან ვინ რამდენი გამოიმუშავა ან მსგავსი "სპორტული" ამბები. სპორტული მედია ერთ-ერთია ვისი ბრალიც არის ასეთი შედეგები. ერთი საფეხბურთო ან ნებისმიერი სხვა სპორტის სახეობის გადაცემა არ არსებობს საქართველოში, ისეთი რომ ადამიანს დაგაინტერესოს. არც ერთი ჩემპიონატის ნორმალური ხარისხიანი მიმოხილვა არ არსებობს, არ არსებობს წინა სამატჩო ინტერვიუები არც პოსტ სამატჩო. სწორედ მედიამ უნდა გახადოთ სპორტი ღია, უნდა დადიოდეთ ინტერვიუებს ართმევდეთ კლუბების პრეზიდენტებს სპორტულ დირეკტორებს (ოღონდ 5 წუთიანს არა) ფეხბურთელებს, უნდა ქმნიდეთ ღირებულ საინტერესო პროდუქტს ეს თქვენი მოვალეობაა, და ნუ მოიმიზეზებთ ვითომ ხალხს არ აინტერესებს, თქვენ გააკეტედ და ჩვენ დავინტერესდებით. მაგალითად კვარაცხელიას ტრანსფერი რუსთავიდან რუბინში და უფულოდ დარჩენილი რუსთავი არ არის საინტერესო თემა რომ ჟურნალისტური გამოძიება შემოგვთავაზოთ მწვავე კითხვე დაუსვატ კლუბის ხელმძღვანელობას აგენტს კვარაცხელიას მის მამას.... ნუ მოკლედ რომ არ გამიგძელდეს რუსეთისგან მაინც გადაიღეთ თუ ტელე მედია ვერ ქაჩავთ ბეჭდურმა მედიამ მაინც გადაიღეთ თქვენი საყვარელი სპორტს.რუ-ს გან და მსგავსი ღირებული რამ შექმენით. ქუთაისის ტორპედოს მსგავსი სიტუაცია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო წარმოგიდგენიათ მედიაში რა ამბავი ატყდება? ჩაჩავას მიწიდან ამოთხრიდნენ და ინტერვიუს ჩაწერდნენ და თქვენ ჩუმად თავჩაღუნულები ზიხართ და თქვენ პირდაპირ მოვალეობებს ვერ ან არ ასრულებთ. გვანახეთ როგორ ცხოვრობენ გუნდები რა პირობებში ვარჯიშობენ, გვანახეთ რას მოღვაწეობენ ფედერაციებში, გვანახეთ ჟურნალისტური გამოძიება ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ დარწმუნებული ვარ. ფროფესიონალი და ობიეკტური ჟურნალისტები ქვეყნების პოლიტიკას ცვლიან ხოლმე და არის მაგის მაგალითები სამყაროში, დიდ წილად თქვენზეც არის დამოკიდებული სპორტის განვითარება საქართველოში და ნუ ხართ ჩუმად ჟურნალისტებო!!!
გიორგი
10:30 20-08-2019
0

სიახლეები პოპულარული