ქართული კლუბები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებენ - ვის აქვს წარმატების ყველაზე მეტი შანსი?

AutoSharing Option
დღეს, 27 აგვისტოს, ქართული კლუბები ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებენ - თბილისის "ლოკომოტივი", თბილისის "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" მეორე რაუნდში გასვლას შეეცდებიან.

ლოკომოტივი


ყველაზე რთული შეხვედრა თბილისის "ლოკომოტივს" ელოდება. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე "კრაიოვას" წინააღმდეგ "რკინიგზელები" აშკარა აუტსაიდერები არიან, თუმცა ქაღალდზე ფავორიტი ხშირად აგებს.

"კრაიოვას" მწვრთნელმა კრისტიანო ბერგოდიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლოკო" შეაქო და განაცხადა, რომ კარგ, მობილურ გუნდს ეთამაშებიან და რთული შეხვედრის მოლოდინი აქვთ.

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმაც შეაქო მეტოქე და მისი ფეხბურთელების მაღალ დონეს გაუსვა
ხაზი. მიუხედავად ამისა, დამრიგებლის თქმით, გამოუცდელი "ლოკომოტივი" არაფრის დათმობას არ აპირებს. შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე, რომელიც სასურველი ფორმისაგან შორსაა...

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "სილქ უნივერსალი" შემოგვთავაზებს.

საბურთალო


ასევე რთული თამაში ელის ჭიაბრიშვილის ყოფილ კლუბ "საბურთალოს". საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი გასვლაზე კვიპროსულ "აპოლონს" დაუპირისპირდება.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა სოფრონის აუგუსტიმ განაცხადა, რომ ქართული გუნდის რამდენიმე თამაში ნახა და მისი აზრით, ისინი კარგად თამაშობენ. აქედან გამომდინარე, კვიპროსელთა დამრიგებელმა შემდეგ ეტაპზე გასვლის წინაპირობად შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა დაასახელა.

"ყველანი მობილიზებულნი ვართ და სერიოზულად ვემზადებით ამ მატჩისთვის. გაცნობიერებული გვაქვს თამაშის მნიშვნელობა. გუნდში საბრძოლო განწყობაა და მოახლოებულ შეხვედრას სასიამოვნო განწყობით ვხვდებით", - განაცხადა მატჩის წინ თემურ შალამბერიძემ.

"აპოლონსა" და "საბურთალოს" შორის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

ბათუმის დინამო


ექსპერტების აზრით, ქართული კლუბებიდან შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი ბათუმის "დინამოს" აქვს, რომელიც გასვლაზე ისრაელში საკმაოდ ძლიერ, თუმცა მაინც შესუსტებულ "აპოელ ბეერ შევას" ეთამაშება.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა იოსი აბუკასისმა ბათუმელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. განაცხადა, რომ ქართველები კარგ ფორმაში არიან, ჩემპიონატში თამაში არ წაუგიათ, კვალიფიციური ადგილობრივი და უცხოელი ფეხბურთელები ჰყავთ. გარდა ამისა, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატი, მწვრთნელის თქმით, უპირატესობას "დინამოს" აძლევს.

გია გეგუჩაძეც, ებრაელი კოლეგის მსგავსად, თავშეკავებული იყო და "აპოელს" ფეხბურთელები და სტილი შეუქო. ბათუმელთა დამრიგებლის აზრით, ძალიან რთული თამაში იქნება, თუმცა შანსები მაინც თანაბარია.

შეხვედრა 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვენს გუნდებს აქვთ მხოლოდ წაგების და უთავმოყვარეობის შანსი
ბაჩი
23:40 27-08-2020
0
ჩენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები
შოკირებული გულშემატკივარი
20:47 27-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული