„სრულად ვაქცინირებული ვარ და ახლა „ბუსტერის" გაკეთებასაც ვაპირებ. ოჯახშიც აბსოლუტურად ყველა აცრილი ვართ. შვილიშვილები ჯერ პატარები არიან, მაგრამ დრო რომ მოუწევთ, ისინიც აიცრებიან.
უბედურება ტრიალებს. საშინელი ავადმყოფობაა. აფხაზეთის ომში არ დაღუპულა ამდენი ადამიანი, როგორც ახლა იღუპება საქართველოში. ძალიან ცუდი ვითარებაა. ჩემი სამეგობროდანაც რამდენიმე სრულიად
ჯანმრთელი ადამიანი დაიღუპა.
აუცილებელია აცრა, პანდემია სხვანაირად არ დასრულდება. ადამიანებს უკვე მონატრებული გვაქვს ერთად ყოფნა. ერთმანეთს ვერ ვნახულობთ, იმიტომ, რომ ცდილობ, ყოველთვის დაცული იყო, მოერიდო კონტაქტებს. უკვე ნერვებზეც თამაშობს ეს სიტუაცია. შეიძლება შენი ახლობელი დაავადდეს და გარდაიცვალოს. ერთ ამბავს მოგიყვებით: ახლობელი ბიჭი შემხვდა და ტიროდა, ჩემი საკუთარი დედა მოვკალიო. ოჯახში ყველას სასტიკად ავუკრძალეო აცრა და კოვიდით გარდამეცვალაო დედა, მის მუხლებში ვიწექი, ვტიროდი და ბოდიშს ვუხდიდი, გავიმეტე საკუთარი დედა, რომ არ მივეცი აცრის უფლებაო.
ძალიან რთული დაავადებაა, მაგრამ რომ ვუშველოთ, საამისოდ საჭიროა ვაქცინირება და ყველამ უნდა გაიკეთოს. აუცილებელია ეს. მე, მაგალითად, ახლობლებს, ნაცნობებს სულ ვეუბნები, რომ აიცრას ყველა.
საზოგადოებას მინდა მოვუწოდო, რომ აიცრან. მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ერთმანეთს უნდა მივხედოთ, გავუფრთხილდეთ", - აცხადებს რევაზ ჩელებაძე.