ვის უნდა უფრთხოდეს კაშია ყველაზე მეტად? - ბათუმის "დინამოსი" გვეიმედება...

AutoSharing Option
ივლისის დადგომასთან ერთად, საქართველოში ზაფხულის ტემპერატურა შევიგრძენით და ევროტურნირების მოახლოებასთან ერთად ქართულ კლუბებშიც "დაცხა". სეზონს ბათუმის "დინამო" გახსნის, რომელიც ბრატისლავაში "სლოვანს" ეთამაშება. ვლადიმირ ვაისის გუნდს ჯერ გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება არ გაუოფიციალურებია (შესაძლოა, ეს ახალი კვირის პირველივე დღეს მოხდეს), თუმცა გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გუნდში არიან.

გასვლითი მატჩის ფაქტორი

თუკი ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონს გადავხედავთ, გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ მოედანსა და სტუმრად მკვეთრად განსხვავებულად ასპარეზობს. ბათუმში გუნდი გაცილებით აქტიურად უტევს და მეტიც გააქვს, გასვლით შეხვედრებში კი ქულებიც დაკარგა და ისეთივე
ეფექტური არ ყოფილა. ამ ფონზე და იქიდან გამომდინარე, რომ სტუმრად გატანილი წესის უპირატესობა გაუქმებულია, არავინ იცის, პირველი შეხვედრის გამართვა ბათუმის "დინამოსთვის" სად აჯობებდა...

ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ფაქტია, რომ გეგუჩაძის გუნდი ამ მასშტაბის მატჩს პირველად ჩაატარებს, თანაც მოწინააღმდეგის მოედანზე, თუმცა ბათუმელთა რიგებში საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრია, რომელთაც გამოცდილება არ დაეწუნებათ და ეს უმნიშვნელო ფაქტორი არ უნდა იყოს. ჩვენმა ჩემპიონმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, სლოვაკებს საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირების საშუალება არ მისცეს, ამავდროულად კი, თავისი ძალებისაც ირწმუნოს და შანსი შეტევაშიც ნახოს, ერთი კვირის შემდეგ კი ბათუმურ დაპირისპირებაში (13 ივლისს) ინიციატივა უფრო მეტად აიღონ.

ვაისის ძალა

საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობებს კარგად იცნობს და ეს მისთვის ერთგვარი ბონუსია, თუმცა ეს გადამწყვეტ მომენტად მაინც ვერ მიიჩნევა.

ვაისმა გუნდის გაძლიერება მოითხოვა და ამას, გარკვეულწილად, მიაღწია. თუმცა, საკითხავი ისაა, მოსამზადებელი შეხვედრები რამდენად საკმარისია, ფეხბურთელებმა სრული შეთამაშება რომ მოახერხონ. გარკვეულ ტაქტიკურ და საკადრო ელემენტებს სლოვაკთა გამოცდილი დამრიგებელი აშკარად შეხვედრის განმავლობაში გამოცდის და ეს მომენტი ჩვენგან აუცილებლად გამოსაყენებელია.

ვაისი მეტ-ნაკლებად პრაგმატული მწვრთნელია და "სლოვანისგან" მაღალ ტემპს არ უნდა ველოდოთ. ისინი წარმატების მიღწევას მაინც ეტაპობრივად ეცდებიან. "ჯვაროსნების" ყოფილმა თავკაცმა კარგად იცის, რომ ქართული კლუბები სტაბილურად მაღალ ტემპში თამაშს შეუჩვეველნი არიან. მართალია, ბათუმური კლუბის შემთხვევაში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, თუმცა მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული ლიგა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბარომეტრად ბოლომდე არ გამოდგება.

ვინ როგორ ფორმაშია...

გურამ კაშიასა (რომელიც 4 ივლისს 35 წლის გახდა) და ჯაბა კანკავას გამოცდილებასა და კლასზე საუბარი ნამდვილად უადგილოა. ისიც კარგად ვიცით, მთავარი მწვრთნელის ვაჟს, ვლადიმირ ვაის-უმცროსს, რამხელა შესაძლებლობები აქვს, თუმცა არც სხვა ფეხბურთელები უნდა დავივიწყოთ.

Sportall.Ge

ბოლო საკონტროლო მატჩებში ჩეხი ნახევარმცველი იარომრ ჟმრალი გამოირჩეოდა, რომელმაც 2 გოლის გატანა შეძლო. 28 წლის ფეხბურთელს გასულ სეზონში 8 შედეგიანი დარტყმა და 4 საგოლე პასი ჰქონდა. სავარაუდოა, რომ  ბათუმის "დინამოსთან" მასზე საკმაოდ დიდი ავანსები გაიცემა.

იგივე შეიძლება ითქვას ესპანური "ხიხონისა" და კიევის "დინამოს" ყოფილ ფორვარდ ერიკ რამირესზე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში გაიტანა. ვენესუელელი მოთამაშის განეიტრალება გეგუჩაძის გუნდის დაცვის ხაზის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება.

ბათუმელები მშვენიერ ხასიათზე

ბათუმის "დინამო" ევროპულ ბატალიებს მშვენიერ ხასიათზე ხვდება, ჩემპიონატში მთავარი მეტოქე თბილისის "დინამო" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა და თავდაჯერების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტან კაშიას და მის პარტნიორებს ჯოვინო ფლამარიონმა, რომელსაც ეროვნულ ლიგაში უკვე 14 გოლი (4 საგოლე პასი) აქვს, ბევრი ხიფათი უნდა შეუქმნას, მაგრამ ბათუმელთა მხრიდან ახლა საუკეთესოდ მაინც ზურიკო დავითაშვილს მოვიაზრებთ.

Sportall.Ge

ზურიკოს ივნისში ხომ მშვენიერი სანაკრებო მატჩები ჰქონდა და ეს შემდეგ ეროვნულ ლიგაში გააგრძელა. შეტევის, დრიბლინგის და კარგი დარტყმის გარდა, დავითაშვილი მოედანზე ბევრ სამუშაოს ასრულებს და ძალიან საჭირო ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობისას, ვაისმა ზურიკოს შანსი მისცა, თუმცა შემდეგ ნაკლებად ენდობოდა. ახლა მას ყოფილი დამრიგებლისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება კიდევ ერთხელ შეუძლია.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ფიზიკურ შესაძლებლობებს დიდი ფასი ექნება, ბათუმელებს კი როგორც ფლანგებზე, ასევე მოედნის ცენტრში სწრაფი და ენერგიული ფეხბურთელები ჰყავს. მთავარია, მათ შესაძლებლობები სრულფასოვნად გამოავლინონ.

ბრატისლავაში შეხვედრა ოთხშაბათს, 6 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მას ინგლისელი დევიდ ქუტი განსჯის.

altჩაკვეტაძე "სლოვანში" და ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ - მოსალოდნელი ტრანსფერი

altაჰყვებიან ქართული კლუბები პოზიტიურ ფონს? - რატომ გვეშინია ევროტურნირების...

altრა შანსი აქვს ბათუმის "დინამოს"? - ვაისის და ქართველების "სლოვანი" ახლო ხედით

მკითხველის კომენტარები / 7 /
Kobaxidze-azackis duetma tu araferi moigona shansebi 50/50 zea,vnaxot via gaumartlebs ufro...warmatebebi dinamos!!!
Givi
10:34 04-07-2022
1
არც სლოვაკეთის ჩემპიონატი წყვეტს ციდან ვარსკვლავებს და არც ეს სლოვანი არის გადაულახავი ბარიერი.კი ბატონო, ჩვენი ჩემპიონატის დონეც უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმის დინამოს ნამდვილად შესწევს იმის ძალა რომ ეს ბარიერი გადალახოს, მითუმეტეს რომ ჩვენი ჩემპიონატი მიმდინარეობს და სლოვაკეთის არა. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
გულშემატკივარი
13:23 04-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული