ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და მარცხს ვერ ვეგუებით, ამბიციებიც დიდია, მაგრამ სულ უფრო ვრწმუნდებით - საკლუბო ფეხბურთის დაგეგმვა ასე მარტივი სულაც არაა, მხოლოდ ოპტიმიზმი რომ ეყოს.
ვინ რის ხარჯზე?
სად უნდა განვითარდნენ ქართველი ახალგაზრდები?
სანაკრებო დონეზე წარმატებულები რომ ვიყოთ, ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოცდილება ეროვნულ ლიგაში მიიღონ და საბოლოოდ, ისეთი ტრანსფერები განხორციელდეს, როგორიც კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაა, ეს ხომ ყველას სურვილია. აქედან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, ადგილობრივ მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება არ მივცეთ და უცხოელებს დავეყრდნოთ. გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი თუ სხვები პირდაპირ უცხოურ კლუბებს როგორ მიაშურებენ? საწყისი აუცილებელი გამოცდილება გიორგი ლორიამაც საკუთარ ჩემპიონატში მიიღო, გურამ კაშიამაც, გიორგი მამარდაშვილმა თუ ხვიჩა კვარაცხელიამ. მაგალითად, "მამარდასთვის" "ლოკომოტივში" პირველივე შეცდომისას მხარი რომ არ დაეჭირათ და უცხოელი მეკარით ჩაენაცვლებინათ, დღეს ნაკრებს ამ დონის კიპერი ეყოლებოდა? ასე რომ, ბოლოს მაინც გარკვეული დილემის წინაშე ვდგებით.
მწვრთნელთა საკითხი
მაღალკვალიფიციური უცხოელი მწვრთნელების საქართველოში ჩამოყვანა, რომლებიც აქაურობას ალღოს კარგად აუღებენ და ქართველ ფეხბურთელებთან საერთო ენას გამონახავენ, საჭიროა. ყურადღების კონცენტრირება ეროვნულობაზე არ უნდა გადავიდეს. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესში ლეონიდ სლუცკის როლი დიდია. რა თქმა უნდა, მსგავსი მწვრთნელების ფინანსურად დაკმაყოფილებაზე ფიქრი უტოპიაა, თუმცა რუსული ფეხბურთის სრული ბლოკადის ფონზე, მას თბილისში ან ბათუმის "დინამოს" გაწვრთნის სურვილი რომ გაუჩნდეს, ამის არც შეთავაზების გამბედავი ჩანს ვინმე და იდეის დონეზეც კი, ახლა ბევრი უკვე უარყოფითად მიიღებს.
გაბრაზება ნაკლები იქნება...
მეორე უკიდურესობის ხალხია, ყოველი წარუმატებელი ევროსეზონის შემდეგ თბილისის "დინამოს" სტადიონს სხვადასხვა ბოსტნეულის ფორმით წარმოგვიდგენდნენ, დანიშნულება შევუცვალოთო. ის, რომ ახლა ნაკლები აგრესია ჩანს, იმის დამსახურება უნდა იყოს, საქართველოს ნაკრებმა სტაბილურ და წარმატებულ თამაშს რომ მიაღწია და იმისაც, ხვიჩა კვარაცხელია დიდ ფეხბურთში რომ გვაბრუნებს, "ნაპოლიში" მშვენივრად დაიწყო და მოედანზე ყოველ შეხვედრაში შესამჩნევია. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები დიდ სიხარულს გვანიჭებს და იმის თქმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ "სხვა საქმით დავკავდეთ".
ასევე, გვესმის, რომ ქართველი ფეხბურთელებით (დავითაშვილი, აზაროვი, ლოჩოშვილი) იტალიური გუნდები არიან დაინტერესებული და მათი ტრანსფერების მოლოდინში ვართ. ეს ამტკიცებს, რომ მიუხედავად ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის "გაქრობისა", ამ პატარა ქვეყანაში თამაშიც შეგვიძლია და ტოპჩემპოონატებში რომ ვითამაშოთ, ისიც...
რას დაინახავდა სანიოლი?
ვილი სანიოლი თამამი მწვრთნელია. ის კვლავ ეცდება, ნაკრებში კონკურენცია შექმნას და ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდანაც დაეყრდნოს. ფრანგი სპეციალისტი მხოლოდ ევროტურნირზე ნაჩვენები შედეგებით ვერ იხელმძღვანელებს, თუმცა ზოგიერთ იმ ფეხბურთელს, აქამდე რომ ეყრდნობოდა ან მომავალში აპირებდა, მეტის დამტკიცება მოუწევს. უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა კარგად აჩვენებს, ამა თუ იმ მოთამაშის შესაძლებლობებისა და პროგრესის ზღვარი სად გადის...
"შევხვდებით" ევროპულ სტადიონებზე, სადაც მალე ჩემპიონატები დაიწყება და "ერთა ლიგაზე" სექტემბრის ბოლოს, როცა საქართველოს ნაკრები დარჩენილ შეხვედრებს ჩაატარებს.
ფრე "ლეხთან" - ბათუმის "დინამომ" ევროტურნირი მოგების გარეშე დაასრულა [VIDEO]
მალე ბათუმის მოედანი დაკარგავს გულშემატკივარს სულ რაღაც 1-2 წელოწადი თუ ასე გაგძელდა..