საზონოვი რუსეთში რჩება და მიქაუტაძის თანხა აფერხებთ? - "ბაიერნის" თემა არ დახურულა, ქართველებისგან უკეთეს ტრანსფერებს ველ(ოდ)ით...

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ქართველი ფეხბურთელების უკეთეს გუნდებში გადასვლას ველით. გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულმა პროგრესმა ამ მხრივ ოპტიმისტები გაგვხადა. მიმდინარე აგვისტოშიც უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა და გვაქვს. დრო ჯერ საკმარისზე მეტია, თუმცა ამა თუ იმ ქვეყნის მედიაში გავრცელებული ჭორ-მართალის მიხედვით, საქმე გაცილებით უკეთ უნდა ყოფილიყო.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებულად გამოსვლის შემდეგ დავწერეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ახალი მოთამაშის შეძენა მხოლოდ კონკრეტული მატჩით ან ტურნირით არ ხდება და დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება. ამას კლუბებს შორის მოლაპარაკება, სატრანსფერო თანხა, კონკრეტული ფეხბურთელის
სურვილი, მისი პირადი კონტაქტი, დაინტერესებულ გუნდში სამწვრთნელო ცვლილება და სხვა ფაქტორები ემატება.

თბილისში ჩატარებულ პირველობაზე საბა საზონოვი ყველამ ერთხმად გამოარჩია. მოსკოვის "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა ფიზიკური სიძლიერეც გამოავლინა, თამაშის წაკითხვაც, შეტევაში პასებით ამოსვლის უნარიც, სტანდარტულის შემდეგ გაიტანა და როცა საჭიროება იყო, სისწრაფის დემონსტრირებაც მოახერხა. საზონოვი "ლიონს" აქტიურად დაუკავშირეს. ფრანგული კლუბიდან ვეტერანი ჟერომ ბოატენგი წავიდა და მისი შემცვლელის ძიება დაიწყო. ტრანსფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ იქნებ ამისთვის კიდევ უფრო მეტი დროა საჭირო. იწერებოდა "ფროზინონეზეც".

Sportall.Ge

21 წლის საზონოვს დასვენების საშუალება მისცეს და უკანასკნელ ტურში დაბრუნდა. ის "ზენიტთან" გამარჯვებით ძალიან ბედნიერია, კარიერას ხომ ამ გუნდში იწყებდა. საბამ იცის, რომ მას პერსპექტივა აქვს, კარგი ევროპული კარიერა ჰქონდეს და იმედია, ამისათვის ოპტიმალური გუნდი შეირჩევა. იმავეს თქმა კიდევ ერთ მოსკოვის "დინამოელ", 20 წლის ლუკა გაგნიძეზე შეგვიძლია. ის პოლონურ "რაკუვს" ვერ მოერგო, თუმცა ახლა გაცილებით სრულყოფილია.

ახალგაზრდული ნაკრების თემა რომ ამოვწუროთ, იქ ივა გელაშვილის თამაში ძალიან მოგვეწონა. მას ბოლოს ტრავმა რომ არ მიეღო, 22 წლის მცველს "საბურთალოში" ნაკლებად გააჩერებდნენ. თანაც, მისი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელია, რომელმაც იტალიურ გზას უკვე გიორგი კვერნაძეც გაუყენა.

ევროტურნირებზე წარუმატებლობის მიუხედავად, თბილისის "დინამოს" ის წევრები, რომლებიც კონტინენტის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კარგად გამოვიდნენ, სხვადასხვა გუნდის ინტერესის ქვეშ არიან. ასეთია ცენტრალური მცველი ალექსანდრე კალანდაძე, რომელიც თურქეთში გადასვლასთან დააკავშირეს. ასევე, საბა ხვადაგიანი; როგორც წერდნენ, იტალიური კლუბების დაკვირვების ქვეშ ანზორ მექვაბიშვილიც იყო. გაბრიელ სიგუა კი იმედია, შვეიცარიის ჩემპიონატში გაამართლებს. აქვე, გვახარებს გიორგი ჩაკვეტაძის კარგი დებიუტი ინგლისის ჩემპიონშიპში.

Sportall.Ge

სამწუხაროა, რომ ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" საფრანგეთის ელიტურ ლიგაში ვერ დაწინაურდა. ჩვენებურს გასული სეზონის ბოლო მშვენიერი ჰქონდა, ამას კი ნიდერლანდების 21-წლამდელთა კარში გატანილი შედევრი დაემატა. ამ ეტაპზე, ზურიკო აქ რჩება და იმედია, ჟირონდელები აღზევებისთვის ისევ იბრძოლებენ, ისე კი, ახლა ცუდად დაიწყეს. სიტუაციის უკეთ შეფასებისთვის, ერთ-ერთი ნიდერლანდელი მცველი, რომელმაც დავითაშვილის წინააღმდეგ ითამაშა, მიკი ვან დე ვენი, ლონდონის "ტოტენჰემში" გადავიდა, თუმცა ის უკვე ორი სეზონის განმავლობაში "ვოლფსბურგში" იყო და აქტიურად აკვირდებოდნენ.

ვის ტრანსფერსაც ყველაზე მეტად ველოდით, ეს მაინც გიორგი მიქაუტაძე იყო. მას პრემიერლიგის "ბარნლისა" და იტალიურ "ლაციოს" აქტიურად უკავშირებდნენ. ისე ჩანს, აქ მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი სატრანსფერო ფასი გახდა, "მეცი" ქართველ ბომბარდირს 20 მილიონზე ნაკლებად ვერ ელევა, ამდენის გადახდა კი მსურველებს უჭირთ. გიორგის შეუძლია, გატანა ლიგა 1-შიც გააგრძელოს და თავისი ღირებულება კიდევ უფრო გაზარდოს. ამ შემთხვევაში მეტსაც გადაიხდიან, ამ ეტაპზე კი ლიგა 2-ში საუკეთესოობა მათთვის საკმარისი არაა.

"რაიო ვალეკანოში" ველოდით ლუკა ლოჩოშვილს, რაც მისი კარიერული პროგრესისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას იტალიის სერია "ბ"-ში თამაში მოუწევს. ჯერჯერობით ისევ ღიაა საკითხი, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიადან" "ბაიერნში" ხომ არ გადავა, რაც შთამბეჭდავი გარიგება იქნება.

დაველოდოთ აგვისტოს მიმდინარეობას, იქნებ მოულოდნელი ტრანსფერიც ვნახოთ. ნამდვილად გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ, უკეთესი კარიერული გაგრძელება ჰქონდეთ!

altსაზონოვი მწყობრში ჩადგა - "ფროზინონე" ტრანსფერს აღარ აპირებს

altცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშა ჩაკვეტაძემ ინგლისის ლიგის თასზე

მკითხველის კომენტარები / 25 /
რუსი ღრუსეთში უნდა დარჩეს
3
ღვთისავარ და დანარჩენო ჟურნალისტებო! იმედი მაქვს, გამოაქვეყნებთ ახლა რასაც დავწერ. შეიგნეთ რომ ქართველი ფეხბურთელები არ არიან მოთხოვნადი ევროპულ საფეხბურთო ბაზარზე! არა იმიტომ რომ კლასი გვაკლია ან ვინმეს ჩამოვუვარდებით, არამედ აქ მოქმედებს შემდეგი ფაქტორების ერთობლიობა: 1) არაევროკავშირელობა. არ ვართ ევროკავშირის წევრები და ჩვენი ფეხბურთელები არ არიან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები. ეს ნიშნავს იმას, რომ მსურველ კლუბს ზოგჯერ ექმნება პრობლემები ჩვენი მოთამაშის რეგისტრაციისას ან გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევს ადგილობრივ საგადასახადოში, რაც იწვევს
ინტერესის კლებას; 2) ქართველი ფეხბურთელების აგენტები. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ფეხბურთელებს ჰყავთ უვარგისი აგენტები რომლებიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ და არა ფეხბურთელის შემდგომ კარიერაზე. გარდა ამისა, ჩვენი აგენტები არ არიან ცნობადი სახეები სატრანსფერო ბაზარზე და მათთან საქმის დაჭერას ევროპელები ხშირად ერიდებიან; 3) ეროვნული ნაკრების და ჩემპიონატის რეიტინგი. გვაქვს ძალიან სუსტი ჩემპიონატი, რომელიც 47-ეა უეფას წევრ 55-მდე ქვეყანას შორის. რაც შეეხება სანაკრებო რეიტინგს, ის კი გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში, თუმცა ჯერ კიდევ არაა საკმარისი. საჭიროა რომ ტოპ-70 ნაკრებში მაინც ვიყოთ, ხოლო თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავალთ, ეს უკვე საკმაოდ გაზრდის ქართველ ფეხბურთელებზე მოთხოვნას.
ვფიქრობ, დეტალურად ჩამოვაყალიბე მიზეზები და მადლობა თუ გამოაქვეყნებთ
სიმართლე
09:42 10-08-2023
0

სიახლეები პოპულარული