სახალისო ისტორიები: ცეცაძე "პოვარი", "შოკოლადნი კარაქი" და სხვა ამბები

AutoSharing Option
ფეხბურთელები საკუთარ ისტორიებს, მათზე მოგონილ ან საყვარელ ანეკდოტებს ჰყვებიან...

მე და გაზაევი გასახდელში ვეწეოდით...
წარსულში სახელგანთქმული ფეხბურთელი, ამჟამად ქობულეთის "შუქურას" გენერალური დირექტორი რეზო ჩელებაძე ენამოსწრებულობითაა ცნობილი.

"ჩელე" არაერთი ისტორიის გმირია და მასზე შეთხზულ თუ გადაკეთებულ ანეკდოტებს თავადაც სიამოვნებით იხსენებს:

- იცით, თამაშის დროსაც რომ ვეწეოდი? 1986 წელია. თბილისში მინსკის "დინამოს" ვხვდებოდით. პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ. მაშინ ბელორუსებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ. მე და ვალერი გაზაევი სკამზე ვსხედვართ. თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ახალკაცმა დაგვიძახა - გახურდით, ორივე შედიხართო, მაგრამ გაზაევი ვერსად
დავინახე. შევვარდი გასახდელში და რას ვხედავ - ზის მშვიდად და "მარლბოროს" არ აბოლებს?! შენც მოწიეო და ისეთი გავაბოლეთ, გასახდელი გავბუღეთ. მაგრამ გავედით მოედანზე და ბოლო 15 წუთში ჩემი გადაცემით ჯერ სულაქველიძემ გაიტანა, ხოლო შემდეგ - თავად გაზაევმა. იცით, რისი თქმა მინდა? გაზაევი სულ ეწეოდა, მეც და კიდევ ბევრი დინამოელიც, მაგრამ საქმისთვის არასოდეს არაფერი მოგვიკლია. არადა, ღადაობა და მაიმუნობა ჩვენი მოგონილი იყო...

მე ხომ ამით მიცნობენ, მაგრამ ჩემზე ბევრი ისტორია მოგონილია. ის იცით, ერთხელ ვოვა გუცაევმა მესამე სართულიდან წყალი რომ გადაასხა? გამვლელი სულ დაასველა და გადარეულმა უყვირა:

- რომელი ხარ, გამოდიო!
- რამაზი ვარ, შენგელიაო!
- შენგელიას დედაც და ჩელებაძისაცო!..

ვერ გავიგე, მე რას მერჩოდა, მაგრამ "დინამოს" გინებისას ჩემი გვარი რომ არ ეხსენებინათ, როგორ იქნებოდა?!

...ერთი ეს მითხარი, ამ წინასაახალწლოდ ხალხი ჩემი გინებით უნდა გავართოთ?!. კი ბატონო, ერთ სახალისო ისტორიასაც გავიხსენებ, უფრო სწორად - ანეკდოტს, რომელიც ჩემზე მოიგონეს.

ის პერიოდია, თამაში რომ არ მიმდის და ხალხი მაგინებს. კულმინაცია იყო ერევანში ჩატარებული შეხვედრა, სადაც ახლო მანძილიდან ბურთი კარს ავაცილე.

გარეთ ვერ გავდივარ, მრცხვენია და სხვა გზა რომ არ დამრჩა, დახმარებისთვის, თურმე, კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანთან მივედი.

ვეუბნები - ხალხმა ამითვალწუნა და იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ-მეთქი?

- რომელი ხარ, შვილოო? - მეკითხება მიჯაჭვული ამირანი.
- ფეხბურთელი ვარ, ბოლო დროს გოლები ვეღარ გამაქვს და მლანძღავენ-მეთქი.
- სად თამაშობო?
- თბილისის "დინამოში"-მეთქი.
- რომელი ხარ, გვარი მითხარიო, - ხმა აშკარად გაუმკაცრდა.
- ჩელებაძე ვარ, ბატონო ამირან-მეთქი.
- კიდევ კარგი, დაბმული ვარ, თორემ დედას გიტირებდი, ერევანში ის ბურთი როგორ "გამაზეო"?!

...შენც ახლა მამუკა კვარაცხელია არ იყოო!..
მამუკა კვარაცხელია, უეფას მედიაოფიცერი:

- 1996 წელს დანიაში, "დანა ქაფის" ტურნირზე უსახსრობის გამო ზაზა დიდებაშვილმა ბავშვთა გუნდი "ვაკე 91" ავტობუსით წაიყვანა. მაშინ რუსეთის გავლით მივდიოდით და ყაზბეგის საბაჟოზე დიდხანს შეგვაყოვნეს - მებაჟეები ღვინის ბოთლებმა დააეჭვა.

მებაჟეს ვუხსნი, რომ საჩუქრად გვინდა მასპინძლებისთვის, მაგრამ არ გვიშვებს. ბოლოს ვუთხარი - ჟურნალისტი ვარ (მაშინ "სარბიელში" ვმუშაობდი) და იცოდე, გაზეთში დავწერ, ტურნირზე რომ არ გვიშვებ-მეთქი.

მებაჟე გაბრაზდა: - ჟურნალისტი ხარ, თორემ, შენც მამუკა კვარაცხელია არ იყოო!..

ის მეორე ვინღა არისო?..
გელა ქორიძე, თბილისის "მრეტებისა" და "თბილისის" ყოფილი ფეხბურთელი, ახლა გორის "დილას" მენეჯმენტში მუშაობს:

- საყვარელი ანეკდოტი მოვყვე? ქუთაისელ გელაიას ბანკში მუშაობის დაწყება სურს. ხელმძღვანელი ეკითხება - რა გამოცდილება და განათლება გაქვსო.

გელაია არ დაიბნა, არც განათლება მაქვს და არც გამოცდილება, მაგრამ ისეთ ხალხს ვიცნობ, მაგარ კავშირებს დაგამყარებინებთ და შემოსავლებს გაზრდითო.

ბანკირს გაეცინა - შენც ახლა ობამას არ იცნობდეო...

- ჰმ, ვიცნობ კი არა, დღესასწაული არ გავა, ერთად რომ არ ვიქეიფოთ. წაგიყვანო ამერიკაში და განახოო?

ჩავიდნენ ვაშინგტონში. ობამა თეთრ სახლში პრესკონფერენციას იწყებს. მოულოდნელად, ჟურნალისტებისკენ გამოვარდა და გელაიას გადაეხვია - ვაუ, გელა, როგორ ხარ, შე ძველოო?!

გადაირევა მენეჯერი, ბიჭო, შენ ელისაბედ II-საც ხომ არ იცნობო? ვიცნობ კი არა... ყველაფერს ნუ მალაპარაკებო.

ჩავიდნენ ინგლისში. ელისაბედ II ბუკინგემის სასახლიდან ღონისძიებაზე მიემართებოდა. მოულოდნელად მძღოლს მანქანა გააჩერებინა და გელაიას გადაეხვია:

- შე უსირცხვილო, ასე უნდა დამივიწყოო?

ბანკირი გაგიჟდა, ბიჭო, გერმანიის კანცლერსაც იცნობო? ანგელასო? მაგი საბჭოთა კავშირში სწავლობდა და რაფერ არ ვიცნობო? მაინც არ დაუჯერა, მაგრამ ბერლინში მერკელიც გადაეხვია - გახსოვს, გელაია, რა დრო იყოო?

გადაირევა მენეჯერი:

- ბიჭო, შენ რომის პაპსაც ხომ არ იცნობო?
- ბიჭო, პაპს რომ არ ვიცნობდე, მერკელს საიდან გავიცნობდიო?
- კაი, ძმაო, მაშინ პაპთან ერთად ხელგადახვეული გამოდი და ბანკის მთავარ მენეჯერად დაგნიშნავო. კარგიო. ჩავიდნენ იტალიაში. წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით კაცია შეკრებილი და ელოდებიან, როდის გადმოდგება აივნიდან პაპი. გამოდის რომის პაპი და გელაზე აქვს ხელი გადახვეული.

ქადაგება დასრულდა, ხალხი დაიშალა და დგას ბანკირი გაშტერებული. გელაია ეკითხება, რა მოხდაო? ბიჭო, აივანზე რომ იდექით, ერთი იტალიელი მოვიდა და მეკითხება - აივანზე რომ იდგნენ, გელაია კი ვიცანი, მაგრამ ის მეორე კაცი ვინღა არისო?!

პოვარი ყოფილხარ, ბიჭო?!
გია ცეცაძე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი:

- იცით, მწვრთნელებში მაგარი "პოვარის" სახელი რომ მაქვს? 2009 წელია და რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობას ვავარჯიშებ. ერთი დიდი ბლოკნოტი მქონდა, სადაც გუნდის და ჩვენი მოწინააღმდეგეების თამაშების ანალიზსა და ათასგვარ ჩანაწერს ვაკეთებდი. თამაშებზეც მიმქონდა და ავტობუსის წინა მხარეს, მწვრთნელის სკამზე ვდებდი ხოლმე.

ერთხელაც თამაშიდან დავბრუნდით. ეს ბლოკნოტი ავტობუსში დამრჩა, რომლითაც "ოლიმპის" მთავარი გუნდიც სარგებლობდა. მაშინ მეორე დღეს ძირითადი გუნდი თამაშობდა. წავიდნენ შეხვედრაზე და ჩემი ბლოკნოტი აღმოაჩინეს. მთავარ გვერდზე წერია - "გია ცეცაძე" და ცხადია, გაიგეს, ვისიც იყო. დაინტერესდნენ, რა ანალიზს ვაკეთებდი და თურმე, ისე გადაშალეს, პირდაპირ ბოლო გვერდი გამოჩნდა და რას ხედავენ? - ჩაქაფულის რეცეპტია: 4 კილოგრამი ბატკნის ხორცი, ტარხუნა, ახალი ტყემალი, მწვანე ხახვი, მომზადებისა და ხარშვის წესი და ასე შემდეგ.

მტრისას, ფეხბურთელების ყბაში თუ ჩავარდი. მეც დამირეკეს: ბიჭო, მწვრთნელი გვეგონე და "პოვარი" ყოფილხარო?!

საქმე ისაა, რომ მძიმე მარხვის ბოლო დღეებში გადავწყვიტე, ჩაქაფული თავად გამეკეთებინა. ასეთ ამბებში შეუდარებელი ძმაკაცი გვყავს - გია ბუხაიძე. მას ვთხოვე, კაცურად, რეცეპტი ჩამაწერინე-მეთქი.

ახლომახლო ფურცელი რომ ვერ მოვძებნე, სამწვრთნელო ბლოკნოტში თავისუფალი გვერდი აღმოვაჩინე და რეცეპტი იქ ჩავწერე, მაგრამ გუნდში საღადაოდ მეტი რა მიზეზი გინდა და უკვე ყველამ იცის, რომ მაგარი "პოვარი" ვარ...

სხვათა შორის, მართლა მაგარ ჩაქაფულს ვაკეთებ.

შოკოლადნი კარაქ
ლევან სილაგაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი:

- რა მოგიყვეთ? ყველა ისტორია ცნობილია და მერიდება, ვინმეს არ ეწყინოს. ამიტომ ფეხბურთზე მოგიყვებით ანეკდოტს. ეს იცით, ძმაკაცები ფეხბურთს რომ თამაშობენ? გავიდა ერთი კვირა და ერთ-ერთი გარდაიცვალა.

რამდენიმე დღეში მეორემ გარდაცვლილი ძმაკაცი სიზმარში ნახა. მოიკითხა - როგორ ხარ, რას შვრებიო?
- მაგრად ვარ, ფეხბურთს აქაც ვთამაშობო. მაგრამ შენთვის ცუდი ამბავიც მაქვსო.
- რაო?
- რა და ხვალ "სასტავში" ხარო...

* * *
...ერთ ამბავს მაინც გეტყვით, ოღონდ სახელსა და გვარს არ დავასახელებ. რიგის "სკონტოში" ვთამაშობ. თავიდან ერთმა ჩვენიანმა რუსული კარგად არ იცოდა და ზოგიერთ ქართულ სიტყვას რუსულის ნაცვლად ხმარობდა.

მაღაზიაში შევედით და გამყიდველს ჰკითხა - "დევუშკა, უ ვას ესტ შოკოლადნი კარაქ?"
მაგრამ უფრო იმან გამაოცა, გამყიდველმა ქართული "კარაქ" რომ გაიგო და აგვიწონა...

როგორ რეცხავდა სვანი პალტოს...
მამუკა წერეთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი:

- სახალისო ისტორიები მრავლად გადამხდენია, მაგრამ გახსენებას რომ შევეცადე, საჯაროდ მოყოლას მოვერიდები. ამიტომ ბოლო დროს მოსმენილ რამდენიმე ანეკდოტს მოგიყვებით.

გურული ყანიდან ბრუნდება და ხედავს, მეუღლე ღალატობს. გაგიჟებული უყვირის:

- რას შობა, ქალო, აი ყაზახი ჩემს ლოგინშიო?!
გამოყო ცოლმა თავი საბნიდან: - სასწოულს შობა, სასწოულს!

* * *
გურული ძმაკაცს ეუბნება: ძამა, ბაღანას 500-კაციან ქორწილს ვუხდი და სამი გოჭი მეყოფა?
- ძამა, ცოცხლად თუ ჩამოარბენიებ, ერთიც გეყოფაო.

კახელს სომეხი ნაცნობი ნერვებს უშლის: - შოთა რუსთაველი ხომ აშოტ რუსთაველიანი იყო და "ვეფხისტყაოსანიც" სომხურიდან თარგმნა. თბილისიც ჩვენი აშენებულია და ეკლესიების უმრავლესობაც, "პახოდუ", ჩაკრულოც სომხურიაო...

კახელი გაბრაზდა და ცოლს გასძახა:

- მარო, მაიყვა ბალღებიო და სომეხს გახედა:
- აბა, ახლა ტანზემოთ გაიხადეო.
- რატომო?
- ახლა ესენი ჩაკრულოი იმღერებენ და აბა ერთი არ დაგბურძგლოს, დედაი გიტირებო!

* * *
მიტუა ძმაბიჭებში ნაღვლიანად ლაპარაკობს:
- ცხონებული პაპაჩემი რასაც მეუბნებოდა, უნდა დამეჯერებინა, მაგრამ ბალღი ვიყავ და არ ვუსმენდიო.

გოგია ეკითხება:
- ამისთანას რას გეუბნებოდაო?
- ხო გეუბნებით, არ ვუსმენდი-მეთქი.

* * *
სვანი შუა მდინარეში პალტოთი დგას. ერთი ეკითხება, რას აკეთებო?
- პალტოს ვრეცხავო.
- მერე სარეცხი მანქანა არა გაქვსო?
- იქ თავბრუ მეხვევაო.

* * *
ბავშვი უყურებს, რომ ეზოში მისთვის გაბმულ ჰამაკზე პაპამისი მიტუა ქანაობს.
- პაპი, რას შვრები, არ გადმოვარდეო!
- ექიმმა მითხრა, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეო!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩელე ჩემთვის საუკეთესო რესპოდენტია. მასთან ინტერვიუზე მისვლა ერთი დიდი სიამოვნებაა. ეს ადამიანი უდიდეს პოზიტივს გასცემს.
მარიამი
22:58 31-12-2014
0
ეს ძველია ვიცით უკვე გქონდათ, სხვა დაწერეთ.
გიორგი
23:45 03-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული