15 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლიონმა" "მანჩესტერ სიტის" 3:1 სძლია.
"ქალაქელებმა" თამაში ფრთხილად დაიწყო და დაისაჯა კიდეც - შუა ტაიმში კორნემ "ოლიმპიკი" დააწინაურა. "სიტიმ" ტურნირზე საჯარიმოს გარედან გოლი 2018 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. აქედან მოყოლებული გვარდიოლას გუნდი გააქტიურდა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.
მეორე ტაიმში ფრანგული გუნდი უკან ჩადგა და თავს ორგანიზებულად იცავდა, "სიტი" კი ბევრს უტევდა და სტერლინგის კარგი პასით დე ბრუინმა ანტონი ლოპეშის კარი დალაშქრა.
ამის მერე თამაში გაიხსნა, გაბრიელ ჟეზუსმა სტერლინგის ჩინებული გადაცემა ვერ გამოიყენა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას დემბელემ "ლიონი" ისევ წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე სტერლინგმა ცარიელ კარში ვერ შეაგდო ბურთი, მორიგი კონტრიერიშისას კი დემბელემ დუბლი შეასრულა და "ლიონი" 10 წლის შემდეგ ნახევარფინალში პირველად გავიდა.
საფრანგეთის ვადამდე დასრულებულ ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზე გასული გუნდის ასეთ წარმატებას, ალბათ, მისი ერთგული ქომაგებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.
ასე და ამგვარად, ნახევარფინალებში ერთმანეთს შეხვდებიან
18 აგვისტო
პსჟ - ლაიპციგი
19 აგვისტო
ბაიერნი - ლიონი
- "სიტიმ" ზედიზედ მესამედ ვერ გადალახა მეოთხედფინალური ბარიერი.
- გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2011 წლის შემდეგ ვერ გადიან ფინალში.
- ორი ფრანგული გუნდი ერთად ნახევარფინალში პირველად გავიდა.
- 2017 წლის შემდეგ პირველად ნახევარფინალში არც ერთი ინგლისური გუნდი არ იქნება.
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანური, ინგლისური და იტალიური გუნდები ვერ გავიდნენ, რაც პირველად მოხდა.
ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"
მანჩესტერ სიტი - ლიონი 1:3
გოლები: 0:1 კორნე (24), 1:1 დე ბრუინი (69), 1:2 დემბელე (79), 1:3 დემბელე (87)