უეფა მუდმივად სიახლეების ძიებაშია; უპირველეს ყოვლისა, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას როდი იღებს. ჯერ იყო და, პრესტიჟული უეფას თასისა და თასების მფლობელთა თასის გათამაშებები გააუქმეს და მათ ნაცვლად ნაკლებად პოპულარული ევროპა ლიგის ტურნირი და უდღეური ინტერტოტოს თასი შემოიღეს; ახლა კი რაღაც კონფერენს ლიგას აარსებენ, რომლის საპრიზო ფონდი უკეთესის სურვილს ტოვებს და მის გამარჯვებულს მომავალ სეზონში, თქვენ წარმოიდგინეთ და, ევროპა ლიგაზე ასპარეზობის პატივიც კი ექნება.
ევროპის სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების კაპიტულაციის შემდეგ უეფა ჩემპიონთა ლიგის რეფორმას გეგმავს და "ნიუ
იორკ ტაიმსის" ცნობით, ნახევარფინალური სტადიიდან ე.წ. ბაბლის სისტემაზე (კალათბურთის ევროლიგის "ოთხთა ფინალის" მსგავსად) გადასვლას აპირებს, რომელიც ამ სეზონში უკვე გამოიყენეს.
კლუბებთან ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ და ძალაში 2024 წელზე ადრე არ შევა, როდესაც ტურნირი რეფორმირებული იქნება.
თამაშები ერთი კვირის განმავლობაში ერთ ქალაქში ჩატარდება და ორმატჩიანი ნახევარფინალების ნაცვლად, ერთმატჩიანები გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის - კონცერტები, ლეგენდების შეხვედრები და ახალგაზრდული გუნდების ფინალი. ამან დამატებითი აუდიტორიისა და თანხების მიზიდვა უნდა უზრუნველყოს.