"სიტის" ტრებლი - გვარდიოლას გუნდმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

აშკარა ფავორიტად მიჩნეული ინგლისური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირველი მომენტი დებიუტში შექმნა, როდესაც ბერნარდუ სილვამ მიზანს ვერ უწია. თუმცა, მილანელები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ, თავისუფალ სივრცეეებს არ უტოვებდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 26-ე წუთზე ჰოლანი მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია. შემდეგ მოწინააღმდეგესთან შეჯახების შედეგად ბარძაყის ტრავმა მიიღო „ქალაქელთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა დე ბრუინმა, რომელიც ფოდენმა შეცვალა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა,
„ინტერი“ დაცვაში უზადოდ მოქმედებდა, ვიზავის გასაქანს არ აძლევდა და შანსიც მიეცა - პირისპირ გასულ ლაუტაროს ედერსონმა არ გაატანინა. ერთი სიტყვით, მძლავრი „სიტი“ შებოჭილი გახლდათ, „ნერაძურის“ ვერ სჯაბნიდა და როდრის გოლით მაინც დაწინაურდა. აკი თქვა ადრე მასზე მწვრთნელმა გვადრიოლამ, ყველა ჰოლანზე ლაპარაკობს, საუკეთესო კი როდრიაო. ესპანელი იქამდე შეუმჩნეველი იყო და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ამას „ინტერის“ საპასუხო შეტევა მოჰყვა და დიმარკოს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ბოლოს ლუკაკუს გატანა ედერსონმა არ დაანება და "სიტიმ" გაიმარჯვა.

. „სიტიმ“ ისტორიაში პირველად შეასრულა ტრებლი - მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი.
. „სიტიმ“ ისტორიაში მეორე ევროტურნირზე იმარჯვა - 1970 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
. გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც ორჯერ შეძლო ტრებლის მიღწევა - სამწვრთნელო კარიერაში 35-ე ტიტულს დაეუფლა.
. გვარდიოლა მესამედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ზიდანს დაეწია და მხოლოდ ანჩელოტის ჩამორჩება.
. ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 ფინალიდან 3 მოიგეს.
. ჰოლანმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში ვერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა - გასულ სეზონში 53 მატჩში 52 გოლი გაიტანა, 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი და 7 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტი გახდა.
. „ინტერმა“ ტურნირის 6 ფინალიდან 3 წააგო.
. იტალიურმა კლუბებმა ამ სეზონში ევროტურნირებზე სამივე ფინალი წააგეს.
. ალვარესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ერთ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტრებლსაც მიაღწია.
. ეს ინძაგის ყველა ტურნირზე მე-14 ფინალი იყო - აქამდე ყველა მოგებული ჰქონდა.

სტამბოლი. „ოლიმპიური სტადიონი“. 71 412 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ინტერი 1:0
გოლი: როდრი (68)

მკითხველის კომენტარები / 36 /
მესიმ მსოფლიო მოიგო გვარდიოლამ ლიგა ნაპოლიმ იტალია რა წელი იყო ყველა ტანჯულმა ეხლა მოიგო იძახეთ რაც გინდათ
მივარდი
08:08 11-06-2023
2
ლაურატო დღესვე უნდა გააგდონ გუნდიდანნ ეგ ღორი იმემა, რა პასი არ გაუკეთა ლუკაკუს. საბოლოო ჯამში ძაან მაგარი თამაში იყო, ყოჩაღ ინტერს ბრძოლისთვის. ბევრს ეგონა სიტი გადაურბებს, შეჭამს, ცალკარა იქნება. მაგრამ სულ სხვანაირი თამაზსი იყო. ლაუტაროს ღორობა რომ არა კაცმა არ იცის როგორ მორჩებოდა თამაში.
მურთო
01:04 11-06-2023
8

სიახლეები პოპულარული