მესი 11 - მოდრიჩი 0, ანუ მესის მოკითხვა პელესა და "ფრანს ფუტბოლს"

AutoSharing Option
ვისაც ფეხბურთი მართლა უყვარს, თუნდაც სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, არ შეიძლება პრიმერას მე-14 ტურში "ესპანიოლთან" მატჩში "ბარსელონას" თავდამსხმელის ლეო მესის თამაშით სიამოვნება არ მიეღო.

თუმცა, გამორჩეულებს ყველგან ებრძვიან, ასეა ფეხბურთშიც და მესი და რონალდო ხომ არ არიან იმაში დამნაშავენი, რომ ეპოქა შექმნეს მსოფლიოს ფეხბურთში და საბედნიეროდ ეს ეპოქა გრძელდება. ეგაა, ზოგიერთს აღიზიანებს მათი საუკეთესოობა და ცდილობენ დააკნინონ. ფეხბურთის მეფეს, პელეს ტყუილიც დაეჯერება, მაგრამ მთლად ასეთიც არა - ბრძანა, მესის გოლები მხოლოდ ცაციათი გააქვსო. ნებსით თუ უნებლიედ პელეს სურს შეცდომაში შეიყვანოს გულშემატკივარი,
მაგრამ აგერ, პორტალმა Squawka-მ დაადასტურა, რომ პელე მართალი არაა - 100-ზე მეტი გოლი არგენტინელმა მარჯვენა ფეხით და თავით გაიტანა.

წელს ისეთი ტენდენცია წავიდა, რატომღაც უნდოდათ ახალი სახე აეყვანათ "კვარცხლბეკზე" და მოიძიეს კიდეც - ლუკა მოდრიჩი, რომელსაც "ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი" გადასცა. ხორვატმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე სამჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამ პრიზის გამარჯვებულთა შორის თურმე, ხორვატზე ნაკლები გოლი მხოლოდ ლევ იაშინს გაუტანია, ის კი მოგეხსენებათ, მეკარე იყო. ახლა ზოგიერთი იტყვის, მაგ ტროფეის იმას კი არ გადასცემენ, ვინც მეტი გოლი გაიტანა, არამედ იმას, ვინც უფრო დიდი ტურნირები მოიგოო. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა "ოქროს ბურთი" რაფაელ ვარანისთვის გადაეცათ.

"მარკა" ამტკიცებს, რომ "ფრანს ფუტბოლმა" რბილად რომ ვთქვათ, მთლად კეთილსინდისიერად არ ჩაატარა გამოკითხვა და მაგალითიც მოჰყავს: გამოკითხვაში ნუ იტყვით და კომორის კუნძულების გამოცემა Albaladcomores.com-ის ჟურნალისტმა აბდუ ბოინამ მიიღო მონაწილეობა. იკითხავთ ახლა, მიიღო და მიიღო, მერე რა მოხდაო? საქმე იმაშია, რომ ეს გამოცემა 6 წლის წინ დახურულა და ბუნებაში აღარ არსებობს. მოკლედ, თუ ჩვენებურად, ჟარგონზე ვიტყვით, ღრმად პატივცემულ ფრანგულ გაზეთს სასურველი შედეგის მისაღებად "მკვდარი სულები" გამოუყენებია. ინტერნეტ-გამოკითხვაში, როდესაც ლეო ხმების 70%-ს იღებდა, საიტი გათიშეს. მეტი რაღა უნდა ექნათ, ე.წ. კარუსელს ხომ ვერ დაატრიალებდნენ?

ახლა, ასეთ "თაღლითობებს" რომ ჩავეძიოთ, უამრავ დარღვევას აღმოვაჩენთ, თუმცა რად გვინდა რამის ძიება - ფაქტი სახეზეა, მესიმ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 11 გოლი გაიტანა (ისე, სხვათა შორის, 8 საგოლე გადაცემაც გააკეთა), მოდრიჩმა 0, რონალდომ კი სერია A-ში 10 და უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ეს იტალიაში დებიუტანტის საუკეთესო შედეგია.

დავენებოთ იმის მტკიცებას თავი, რაც ცხადზე უცხადესია და მესის "ესპანიოლთან" თამაშს მივუბრუნდეთ, საოცარ გოლებს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გაოგნებულ სახეებს.


მესი პრიმერას პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიჯრით 13 სეზონის განმავლობაში ყოველ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

ლიონელმა 2014 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული ესპანეთის ჩემპიონატში საჯარიმოდან 19 გოლი გაიტანა. მას ამ კომპონენტში არათუ რომელიმე ფეხბურთელი ვერ უწევს კონკურენციას, არამედ ვერც ერთი კლუბიც. მოცემულ პერიოდში მეორე ადგილზე "ნომინაციაში" 18 გოლით "იუვენტუსია", მაგრამ ეს 18 გოლი ექვსი ფეხბურთელის ანგარიშზეა (პაულო დიბალა 8, მირალემ პიანიჩი 4, ანდრეა პირლო 3, კარლოს ტევესი, პოლ პოგბა და ფედერიკო ბერნარდესკი თითო-თითო). შემდეგ მოდიან: "ლიონი", "რომა", "რეალი" 14-14 და "ბაიერნი" 13.

ერთი სიტყვით, ციფრები ჯიუტია და ნათლად წარმოაჩენს ამა თუ იმ ფეხბურთელის რაობას, წარმოაჩენს ნებისმიერი გამოცემის ცრუ გამოკითხვაზე მეტად და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინ უკეთ ბურთაობს, ამას ხომ ყველა ჩინებულად ხვდება.

მაშ რა საჭიროა ეს ფარსი?

მკითხველის კომენტარები / 35 /
ლეოს არ უნდა ეგ ბურტი ლეოს უპრო დიდი ჯილდო აქვს, პანების სიყვარული. პრანს პუტბოლმა კი ყველაზე კარგად იცის ვინ არის მეპე. მეპე ლეოა და არა ყავა პელე.
5
მესის გენიალურობა მისი თამაშის სიმარტივეშია, ხშირად მგონოია, რომ რასაც ის მოედანზე აკეთებს არა თუ რთული არამედ წარმოდეგენელიც კია, თანამედროვე ფეხბურთის მთავარი მოთხოვნა არის ის რომ ფეხბურთელმა უნდა ირბინოს 12, 13 კილომეტრი, მესი საშუალოდ თამაშში 8,9 კილომეტრს დარბის,ამ ხნის განმავლობაში მას მიყავს თამაშის დინამიკა და ქმინის თამაშს, ანთავისუფლებს სივრცეებს, აკეთებს საოცარ დრიბლინგებს,აკეთებს საოცარ პასებს,იტანს გოლებს(თავითაც,და მარჯვენათიც) ამას ახერხებს იმიტომ რომ ის არის გენიალური ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც არ დაბადებულა და სესაძლოა არც დაიბადოს. რაც შეეხება პელეს აზრს მოკლებულ შეფასებებს,ბოღმისგან გამსკდარი მარადონას და მისნაირი კრიტიკოსებს თავად მესის ფრაზით ვუპასუხებ ""დამიგდეთ ფეხებთან ბურთი და განახებთ რა შემიძლია""
giga
19:28 09-12-2018
5

სიახლეები პოპულარული