- ხელსახოცზე დაწერილი ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი, რომლის ხელში ჩაგდებას "ბარსელონას" მუზეუმი ცდილობდა, ამჟამად ანდორის ბანკში ინახება
ხელსახოცის პატარა ნაჭერზე დეკლარირებულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ფეხბურთის ისტორიაში - ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი "ბარსელონასთან".
იმ დროს ლეო სუპერვარსკვლავი ჯერ კიდევ არ იყო, მაგრამ უკვე დიდ იმედებს იძლეოდა.
"ბარსას" ხელმძღვანელები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი და ეჭვები ღრღნიდათ - ღირდა თუ არა ესოდენ დიდ დანახარჯებად 13 წლის მოზარდი? საქმე ულტიმატუმამდეც კი მივიდა, რომელმაც ფეხბურთის მთელი ისტორია "გადააბრუნა".
როგორ აჭიანურებდა "ბარსა" გადაწყვეტილების მიღებას
ლიონელ მესი ბარსელონაში არგენტინიდან პირველად პირველივე საწვრთნელი თამაშის დროს მინდორზე გამოსულმა ლეომ ექვსი გოლი გაიტანა. მწვრთნელები აღფრთოვანებულები იყვნენ, მაგრამ მათ გადაწყვეტილების მიღება "ბარსას" სპორტული დირექტორის - კარლეს რეშაკის გარეშე არ შეეძლოთ. ის კი ამ დროს ავსტრალიაში იმყოფებოდა - ოლიმპიური თამაშების მონაწილე ფეხბურთელებთან.
კარლეს რეშაკის დაბრუნებისას ლეოს სერიოზული გამოცდა მოუწყვეს - მინდორზე 13 წლის ბიჭი 15-წლიანებთან სათამაშოდ გაუშვეს. პატარა არგენტინელმა მათ იმდენად აჯობა თამაშში, რომ მოზარდთა გუნდის მწვრთნელები რიფე და მიგელი პირდაპირ ყვიროდნენ: "ლეო უნდა ავიყვანოთ და თანაც, დაუყოვნებლივ". კარლეს რეშაკზე ამ ფაქტმა შთაბეჭდილება მართლაც მოახდინა.
ოქტომბერში ლეო მამამისთან ერთად არგენტინაში კარგი განწყობით დაბრუნდა - "ბარსას" დირექტორმა ისინი დაარწმუნა, რომ კონტრაქტი მალე გაფორმდებოდა. თუმცა, გავიდა რამდენიმე კვირა და მამა-შვილი ესპანეთიდან არავითარი შეტყობინებას არ იღებს. ლეოს მამა აღშფოთებული იყო. საფეხბურთო აგენტი ფაბიან სოლდინიც ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ნერვიულობდა: მის სატელეფონო ზარებს "ბარსელონიდან" პასუხობდნენ, რომ ჯერ კიდევ არაფერი იყო გადაწყვეტილი.
რადგანაც გადაწყვეტილების მიღება სადავო იყო და თანაც, კლუბის ჯიბეს ძალიან "ურტყამდა", "ბარსელონა" კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას აჭიანურებდა. ჯერ ერთი, რომ ლეოს ძვირად ღირებული მკურნალობა ესაჭიროებოდა - იგი ტანდაბალი იყო და სიმაღლის მოსამატებლად სპეციალური ინიექციები უნდა გაეკეთებინა; მეორე - მას არ სურდა საერთო საცხოვრებელში ყოფნა, რადგან მამამისს მთელი ოჯახის ბარსელონაში გადმოყვანა უნდოდა და ამისათვის ბინა იყო საჭირო.
ინიექცია, ბინის დაქირავება მთელი ოჯახისთვის, თანმდევი ხარჯები - ეს უკვე ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილისთვისაც კი ბევრი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ლა მასიას" ("ბარსას" სარეზერვო საფეხბურთო კლუბის) ბიუჯეტი სულ 30 მილიონ ევროს წარმოადგენდა.
ლეგენდარული ხელსახოცის ისტორია
2000 წლის 14 დეკემბერს ორასიო გაჯოლი და კარლეს რეშაკი სპორტული კლუბის, "პომპეის" გრუნტის კორტებზე ჩოგბურთს თამაშობდნენ. ვარჯიშის შემდეგ ისინი კლუბის კაფეში ლანჩზე შეჩერდნენ, სადაც მათ ხოსეპ მარია მინგელი - "ბარსას" ერთ-ერთი დირექტორი შეუერთდა (სხვათა შორის, სწორედ მან მიიყვანა კლუბში 1982 წელს არგენტინელი დიეგო მარადონა)."კარლეს, ყველაფერი ძალიან შორს არის წასული... ლეო ან "ბარსელონაში" ითამაშებს, ან სხვა კლუბში მიდის", - ასეთი ულტიმატუმი წაუყენა ორასიო გაჯოლიმ კარლეს რეშაკს.
მოგვიანებით ორასიო იხსენებდა: "მე ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ბიჭის ხელიდან გაშვება არ მინდოდა".
რადგან მაგიდაზე სუფთა ფურცელი არ ჰქონდათ, კარლესმა უცებ ხელსახოცი აიღო და წერა დაიწყო:
"ბარსელონაში, 2000 წლის 14 დეკემბერს, ბატონების - ხოსეპ მინგელისა და ორასიო გაჯოლის თანდასწრებით, "ბარსელონას" ტექნიკური მდივანი კარლეს რეშაკი ვალდებულებას იღებს საკუთარი პასუხისმგებლობით, ზოგიერთების საწინააღმდეგო აზრის მიუხედავად, ხელი მოაწეროს კონტრაქტს მოთამაშე ლიონელ მესისთან იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება შეთანხმების პირობები უკვე მოლაპარაკებულ თანხაზე".
ტექსტის ბოლოს კარლეს რეშაკმა ხელი მოაწერა და ხელსახოცი ორასიო გაჯოლის და ხოსეპ მინგელს გადასცა, რომლებმაც ასევე დასვეს თავიანთი ხელმოწერა...
ერთი კვირის შემდეგ დოკუმენტი ნოტარიუსთან დაამოწმეს, ხოლო ხელსახოცზე დაწერილი კონტრაქტი "ბარსელონამ" საგარანტიო წერილით "გაამაგრა", რომელშიც აისახა ლიონელ მესის ოჯახის ბინის ქირა, სკოლაში მისი სწავლის ხარჯები და მამამისის ხელფასი ახალ სამუშაოზე.
2001 წლის 15 თებერვალს მესის ოჯახი მთლიანი შემადგენლობით არგენტინიდან ესპანეთში ჩაფრინდა...
ხელსახოცის შემდგომი ბედი
ისტორიული დოკუმენტი ორასიო გაჯოლის სახელზე ინახება ანდორაში, სადაც იგი საცხოვრებლად გადავიდა, ბანკ Credit Andorra-ს სეიფში.ორასიო ძველებურად არის მოთამაშეთა ინტერესების წარმომადგენელი. მაგალითად, ამჟამად იგი კონსულტაციებს აძლევს მარკო ასენსიოს "რეალიდან". ორასიო აღიარებს, რომ მან ბევრი შეთავაზება მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ლეგენდარული ხელსახოცის მილიონად გაყიდვის თაობაზე, მაგრამ ის არ იყიდება.
"ვფიქრობ, ხელსახოცი "ბარსელონას" მუზეუმში უნდა ინახებოდეს. მან კლუბის თანამედროვე ისტორია შეცვალა. ის განსაკუთრებულ ადგილზე უნდა დაიდოს, ლეოს "ოქროს ბურთებთან" ერთად", - თვლის ორასიო გაჯოლი.
რამდენიმე წლის წინ "ბარსას" მუზეუმის წარმომადგენლები ორასიოს დაეკონტაქტნენ, მაგრამ მოლაპარაკება ისე დასრულდა, შედეგზე არავინ არაფერი იცის. კლუბის აზრით, ხელსახოცის თაობაზე მიღწეული შეთანხმება კონფიდენციალურია. "ბარსელონა" მიიჩნევს, რომ სანამ ლეო ფეხბურთს თამაშობს, დოკუმენტი საჯაროდ ცნობილი არ უნდა გახდეს.
იტალიელი აგენტი: მესის იტალიაში გადაყვანის მცირე შანსი მაქვს
მესი 11 - მოდრიჩი 0, ანუ მესის მოკითხვა პელესა და "ფრანს ფუტბოლს"
ვინ არის 18 წლის მოდელი, ვისთან ერთადაც ლიონელ მესი უხერხულად პოზირებს? [VIDEO]
ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია tribuna-ს მიხედვით