საქმე ისაა, რომ კოპა დელ რეის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩს დაემთხვა ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა იმავე გუნდების მონაწილეობით, იმავე სტადიონზე. თასზე "ბარსას" უჭირს - "კამპ ნოუზე" 1:1 იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე, გოლი ერნესტო ვალვერდეს შეგირდებს მადრიდში გასატანი აქვთ, თუ ფინალში გასვლა სურთ.
ამ გუნდების პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება 6 თებერვალს "კამპ ნოუზე" გაიმართა. კატალონიელებმა გოლი მე-6 წუთზე მიიღეს,
სანტიაგო სოლარი ("რეალის" მწვრთნელი): "ბეილი, ისევე, როგორც დანარჩენები, მხოლოდ კლასიკოზე ფიქრობენ, როგორ გავიდეთ ფინალში. გარეთი 100 პროცენტით მზად არის ამ თამაშისთვის. ჩვენ მოგება და სამი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელება გვსურს. კლასიკო ის თამაშია, რომელიც ყველას მოსწონს, რომლის წყალობითაც ესპანეთი მსოფლიო ფეხბურთის დედაქალაქი ხდება".
ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "გამოსარჩევი თამაშია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისი წყალობით შესაძლოა, თასის ფინალში გავიდეთ, მერეც, ეს "კლასიკოა". ახლა ბევრი საუბრობს VAR-ის მიერ მიღებულ საჭოჭმანო გადაწყვეტილებებზე, თუმცა ბარსელონაში მშვიდად ვართ. ვიცით, რომ ეს ნებისმიერი სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის თანმდევი პროცესია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ გამარჯვებაზე. გოლს თუ ვერ გავიტანთ, ფინალში ვერ გავალთ. ეს მატჩი ფინალია, რადგან ერთი გუნდი გადის ფინალში, მეორე კი ვარდება. გაგვიჭირდება, რადგან პირველი მატჩის ანგარიში გვკარნახობს მოვლენათა განვითარებას. თავიდანვე ღია თამაში იქნება. რაც შეეხება არტურს, ის უკეთ არის, მაგრამ ვნახოთ, შეძლებს თუ არა თამაშს. არტური განსხვავებული მოთამაშეა. მისი ყოფნა გუნდისთვის ძალზე სასარგებლოა, თუმცა მისი შეცვლა ჩვენ შეგვიძლია".
მასპინძელთა რიგებში კარში, წესით, კეილორ ნავასი ჩადგება, რადგან სათასო მატჩებზე სოლარი სწორედ კოსტარიკელს აყენებს, თუ მას ტრავმა არ აწუხებს. სოლარი "კამპ ნოუზე" მარსელოს გამოცდილებას ენდო, თუმცა, თუ ბრაზილიელის ბოლოდროინდელ ფორმას გავითვალისწინებთ, დაცვის მარცხენა ფრთაზე სერხიო რეგილონის გამოჩენას უნდა ველოდოთ. ლუკას ვასკესს მეტი შანსი აქვს, სასტარტოში დაიწყოს, ვიდრე გარეთ ბეილს, რომელსაც თანაგუნდელებთან კომუნიკაციის პრობლემები აქვს. საეჭვოა მხოლოდ მარკოს ლორენტესა და ისკოს თამაში.
სტუმართა რიგებში კლემან ლონლე ბოლო დღეებში ავადმყოფობდა. ასე რომ, ტრავმამოშუშებულ სამუელ უმტიტის კარგი შანსი აქვს, კლასიკო სასტარტოში დაიწყოს. არტურის საკითხი ღიაა. თუ ბრაზილიელი ვერ ითამაშებს, მისი ადგილისთვის ბრძოლა გამოცდილ არტურო ვიდალსა და ახალგაზრდა კარლეს ალენიას მოუწევთ. შეტევის მარცხენა ფლანგზე უსმან დემბელე ფილიპე კოუტინიოზე უკეთეს ფორმაშია. რაფინია და იასპერ სილესენი ვერ ითამაშებენ, თომას ვერმალენის თამაში კი საეჭვოა.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, უმტიტი, პიკე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტურო ვიდალი - მესი, ლუის სუარესი, დემბელე
ფაქტები
- ერნესტო ვალვერდესთვის ეს მატჩი მე-100 იქნება "ბარსას" თავკაცის პოსტზე.
- "ბარსელონამ" და "რეალმა" ბოლო 28 დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრება) 24-ში 2.5 გოლზე მეტი გაიტანეს.
- "რეალი" ესპანეთის თასის ბოლო 39 მატჩიდან 35-ში დაუმარცხებელია.
- თასზე "რეალის" ბოლო 8 თამაშიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
- "რეალისა" და "ბარსელონას" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 7-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"