"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ TVE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს უსმან დემბელე კატალონიელთა ყოფილ შემტევ ნეიმარზე უკეთესი მოთამაშეა.
"მინდა ვთქვა, რომ ნეიმარის გაყიდვით მიღებული თანხით დავიწყეთ ახალი პროექტი უსმან დემბელეს და ფილიპე კოუტინიოს მონაწილეობით. დემბელე დღეს ნეიმარზე მაღალ საფეხურზე დგას და კლუბს უკვე შეეწყო.
კოუტინიო კი დიდებული ფეხბურთელია და უფრო და უფრო უკეთესი ხდება. "ბარსელონაში" თამაში მარტივი არაა. მას მწვრთნელის მხარდაჭერა აქვს. მისგან ბევრს ველოდებით. ის "ბარსელონაში" დარჩება. განსხავებული სტილის მოთამაშეა და განსხვავებულები გვსურს.
არ ვიცი, რა მოხდება დე ლიხტთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, ის სატრანსფერო სიაში იქნება. ვისაუბრებთ მწვრთნელებთან და გადავწყვეტთ, ჩავერთვებით თუ არა ამ ბრძოლაში. გრიზმანის კანდიდატურა კი არ განიხილება", - განაცხადა ბართომეუმ.
ნეიმარმა "ბარსელონა" 2017 წელს 222 მილიონ ევროდ დატოვა, რაც მსოფლიო რეკორდია, კატალონიელებმა კი, სანაცვლოდ, "დორტმუნდიდან" დემბელე 105 მილიონ ევროდ შეიძინა.