პირველ სექტემბერს, ლა ლიგის მე-3 ტურში "ვილიარეალისა" და "რეალის" მატჩი ლოგიკური ფრით, 2:2 დასრულდა.
"ბარსელონას" დარად, აშკარად უჭირს "რეალსაც", წინა ტურში საკუთარ მოედანზე "ვალიადოლიდთან" ფრეს (1:1) დასჯერდა, ახლა კი სტუმრად "ვილიარეალთან" წაგებისგან დუბლით იმ ბეილმა გადაარჩინა, რომლის გაყიდვასაც მთელი ზაფხული უშედეგოდ ცდილობდნენ.
დუბლის შესრულების შემდეგ, კომპენსირებულ დროში უელსელმა ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა, გააძევეს და შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.
ანგარიშს რომ თავი დავანებოთ, "ბლანკოსის" თამაში არ არის დამაჯერებელი, პოტენციალიც არ იგრძნობა და ძნელი სათქმელია, რამდენად გააძლიერებს მწყობრში ჩადგომის შემდეგ აზარი.
"რეალის" მეკარე კურტუამ ჩემპიონატის ზედიზედ მე-11 მატჩში გაუშვა გოლი, რაც მისი კარიერის ანტირეკორდია.
"რეალი" 5 ქულით მეხუთე ადგილზეა და 14 სექტემბერს "ლევანტეს" უმასპინძლებს.
ვილიარეალი. "დე ლა სერამიკა". 20 128 მაყურებელი
ვილიარეალი - რეალი 2:2
გოლები: 1:0 მორენო (12), 1:1 ბეილი (45+1), 2:1 გომესი (74), 2:2 ბეილი (86)
გაძევება: ბეილი (94)
ვილიარეალი: ფერნანდესი, ალბიოლი, გასპარი, კინტილია, ტორესი, კასორლა (ბაკა 73), იბორა, გომესი, ჩუკვუეზე (ონტივეროსი 55), მორენო, ეკამბი (ანგუისა 62)
რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მენდი, კროოსი (ვალვერდე 83), კაზემირო, ვასკესი (ვინისიუსი 74), ბენზემა, ბეილი, იოვიჩი (მოდრიჩი 68)